საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
პროფესორი ოტო რინჰოფის ღია ლექცია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის

19 აპრილს პროფესორმა ოტო რიენჰოფმა, გოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტიდან (გერმანია) გამართა ღია ლექცია სახელწოდებით „ციფრული გამოსახულება, როგორც ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კომპონენტი“ თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის.

 

პროფესორი ოტო რინეჰოფი არის სტრატეგიული მრჩეველი გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი.

სრულად

ბრძანების N:

"ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“ - მიშელ მუსხელის პუბლიკაციის პრეზენტაცია თსუ-ში

ევროკავშირის სამართლებრივი ბაზის ერთ-ერთი შემქმნელის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) პუბლიკაციის „ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“ („L’Europe face au fédéralisme“) პრეზენტაცია შედგა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენციაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხეილ მუსხელიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი ევროპული ინტეგრაციის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულმა წარმომადგენლობამ შეისწავლა. 


1949 წლის პუბლიკაციას თან ერთვის ერთიანი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის ტექსტში ასახულია მომავალი გაერთიანებული ევროპის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწყობის განმარტებები, ხედვები და წინასწარმეტყველებები.  პუბლიკაციის „L’Europe face au fédéralisme“ შესწავლამ აჩვენა, რომ მიშელ მუსხელმა დიდი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის მომავლის შესახებ იმჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიებზე. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის ისტორიული დეკლარაცია დიდი სიზუსტით იმეორებს მიშელ მუსხელის მიერ 1949 წელს გამოქვეყნებული ევროპის კონსტიტუციის ტექსტის არა მხოლოდ სულისკვეთებას, არამედ ევროპის უნიფიკაციის საკითხის მიმართ ზოგად მიდგომებსა და მიზნებს.


„საქართველოში მიხეილ მუსხელიშვილი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი,  თუმცა, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროკავშირის ფორმირებაში. ის არის ერთ-ერთი ავტორი თანამედროვე ევროპის კონსტიტუციური და სამართლებრივი მოწყობისა. ამ საკითხებზე იგი გასული საუკუნის ორმოციან წლებში მუშაობდა, ხოლო მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი, რომელშიც პირველად დაისვა ევროპის გაერთიანების საკითხი, ოცდაათიან წლებში გამოიცა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანის მიმართ ინტერესი დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფის ევროინტეგრაციისაკენ, კიდევ უფრო მეტად იზრდება,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთგზის აღნიშნა ევროპული საზოგადოებისათვის მიხეილ მუსხელის ღვაწლის ფართოდ წარმოჩენის საჭიროება; მათ შორის, მიშელ მუსხელისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და გამოფენების გამართვა.  


ნაშრომში „L’Europe face au fédéralisme“ მიხეილ მუსხელი დეტალურად აღწერს ევროპული სუპრანაციონალიზმის განვითარების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ასევე გვიზიარებს ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობის საკუთარ ხედვას. იგი გვთავაზობს მეცნიერულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მომდევნო წლებში პრაქტიკაში იქნა რეალიზებული ევროკავშირის ადმინისტრირებისა და სამართლებრივი მოწყობის თვალსაზრისით.


თავის ნაშრომში მიშელ მუსხელს განმარტებული და სამართლებრივ-ინსტიტუციონალური დეტალების სიზუსტით ნაწინასწარმეტყველები აქვს თანამედროვე ევროკავშირის ფუნქციონირების ისეთი ელემენტები, როგორიცაა: ევროკავშირსა და მის წევრებს შორის სამართლებრივ კომპეტენციათა გამიჯვნა; ევროკავშირის სამართლებრივი მოწყობის საკითხები; დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხები; ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობა; ევროკავშირის წევრობისა და ევროკავშირიდან გასვლის საკითხები; ევროკავშირის როგორც წევრი, ასევე ე.წ. ასოცირებული წევრი ქვეყნების სტატუსი; ერთიანი ევროპული იდენტობა და ევროპის მოქალაქეობა; ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური და დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირება; ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესის მოდალობები; ევროკავშირისთვის  სამართლებრივი სუბიექტის სტატუსის მინიჭების საკითხი; ევროკავშირის ბიუჯეტი და მონეტარული პოლიტიკა, და სხვა.


„ნაშრომი „ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“  გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მას დანართად აქვს ევროკავშირის პირველი ფედერალური კონსტიტუცია. მისი ავტორიც მიშელ მუსხელია. თუმცა, ამ ნაშრომის ძირითადი ღირებულება ისაა, რომ მუსხელს ჯერ კიდევ 1949 წელს სამართლებრივად ინსიტუციურ ასპექტებში ზედმიწევნით აქვს აღწერილი თანამედროვე ევროკავშირი. ისევე როგორც ევროკავშირის განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ამ ეტაპებზე აღმოცენებული სხვადასხვა  პრობლემა და მათი გადაჭრის გზები,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა.

 
მიხეილ მუსხელიშვილს ეკუთვნის ევროპის მოწყობის შესახებ სხვა არა ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის “Confederation et Federation: L’antithese”; “Confederation ou Federation Europeenne?”; “Europa Aeterna”. 


2022 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ მუსხელიშვილი, ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მათ შორის, ევროპის პირველი კონსტიტუციის შექმნისთვის, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.


 

სრულად

ბრძანების N:

საკალათბურთო გუნდი „თსუ“ საქართველოს თასის მფლობელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში თსუ-მ ბათუმის „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 78:76 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად  კი თსუ-ელი კორი ბოუენი დასახელდა. „თსუ“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა, უნივერსიტეტის გუნდი პირველად თასის მფლობელი 2006 წელს გახდა. 
 

მშობლიური საკალათბურთო გუნდის საგულშემატკივროდ თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები თსუ მაღლივ კორპუსთან შეიკრიბნენ და ოლიმპიური სპორტის სასახლისკენ მსვლელობა მოაწყვეს. გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა საგანგებოდ აღნიშნა თსუ-ისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ: „საქართველოს ჩემპიონატს ძალიან აკლია ასეთი გულშემატკივრობა. მათ ძალიან კარგი საკალათბურთო გარემო შექმნეს. ყველამ ისიამოვნა ამ დაძაბული თამაშით, რომლის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ბიჭები ფიზიკურად და ემოციურად ძალიან დაღლილები ვართ, რადგან ორი დღე ზედიზედ მოგვიწია ნახევარფინალისა და ფინალის თამაში. მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თასი. წინ ეროვნული ჩემპიონატია და ყველაფერი ამით არ მთავრდება.“
 

მატჩის შემდეგ თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამარჯვება მიულოცა თსუ კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის, პირველ რიგში კი თსუ-ის გამარჯვებაა: „ძალიან ემოციური დღეა. ვულოცავ თსუ-ს ამ დიდ წარმატებას. ეს არის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თსუ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. 
 

ფინალამდე  თსუ-მა ნახევარფინალში საკალათბურთო გუნდი „ოლიმპი“  ანგარიშით  87:84 დაამარცხა.

სრულად

ბრძანების N:

კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რეგისტრაცია)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი რეგიონში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს (დისტანციურად zoom) გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე საუბრებს. დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მითითებლ ლინკზე და შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კურსი. 

>> სარეგისტრაციო ბმული << 

კურსი 1
საგაკვეთილო თემა 1 : დანაშაული და პასუხისმგებლობა
ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“

საგაკვეთილო თემა 2 : სწავლა-აღზრდა
დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი

საგაკვეთილო თემა 3: ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები:
ჟარგონი,ნეოლოგიზმი,არქაიზმი,დიალექტიზმი,ბარბარიზმი.

საგაკვეთილო თემა 4: ქართული მართლწერის წესები
რთული სიტყვების(კომპოზიტების) მართლწერა

დღე: შაბათი 11 საათი
მასწავლებლის სახელი და გვარი: მარინა გოგინაშვილი

კურსი 2
საგაკვეთილო თემა 1 : კომპოზიცია
რა არის კომპოზიცია. ნაწარმოების შემადგენელი ელემენტები. რა უნდა გავითვალისწინოთ ნაწარმოების შექმნისას.

საგაკვეთილო თემა 2 : ჟანრი
რა არის ჟანრი. ჟანრის რომელი სახეობები არსებობს და როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან.

საგაკვეთილო თემა 3 : ზღაპარი და ლიტერატურული

ზღაპარი. ზღაპრის ძირითადი მახასითებლები; ზღაპარი, როგორც ლიტერატურული ჟანრი.
საგაკვეთილო თემა 4 : მითოლოგია ლიტერატურაში
რა არის მითოლოგია. სხვადასხვა ერთა მითოლოგიური კავშირები. მითოლოგიის გავლენა ლიტერატურაზე.

საგაკვეთილო თემა 5 : პოეზია
განსხვავება პოეზიასა და პროზას შორის. რითმა და რიტმი.

დღე: შაბათი 11 საათი
მასწავლებლის სახელი და გვარი: თეონა კაკიაშვილი
 

 

რეგისტრაცია: 13-20 აპრილი

კურსი დაიწყება 22 აპრილს

სრულად

ბრძანების N:

JACAFA  აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

JACAFA  (იაპონიის ცენტრალური აზიის მეგობრობის ასოციაცია) აცხადებს სტიპენდიების კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

24 აპრილიდან 27 აპრილის 18:00 სთ. ჩათვლით მიმდინარეობს განაცხადების მიღება მაგისტრანტთა საფაკულტეტო  დაფინანსებაზე.

განცხადება  მიიღება  ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

იხ. განცხადების ფორმა 

სრულად

ბრძანების N:

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის რუდოლფ კინდისის ბიომასალების ინოვაციისა და განვითარების ცენტრი, გაფართოების (Widening) H2020 Teaming Phase 2 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 3 სრულად დაფინანსებულ პოსტსადოქტორო და 6 სრულად დაფინანსებულ სადოქტორო პოზიციაზე.
 

დეტალური ინფორმაცია პოსტსადოქტორო პოზიციებზე

დეტალური ინფორმაცია სადოქტორო პოზიციებზე

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის N117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2023 წლის 28 თებერვლის N5129/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილება და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ზ) ლევან კაპანაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების სისტემური ინჟინერი“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 64/02-01

"სახელმძღვანელოების კონკურსი  - 2023" -ის შედეგები

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2023“ ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული პროექტები:

  • მალხაზ მაცაბერიძის სახელმძღვანელო „ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონცეფცია“ - დაფინანსდეს 3500 ლარით
  • მაია ტორაძის სახელმძღვანელო „იდეიდან წერტილამდე: წერა მედიისთვის“ - დაფინანსდეს 4000 ლარით
  • ნინო შატბერაშვილისა და ნათია ფარცხალაძის  სახელმძღვანელო „სოციალურ მუშაობის მაკრო პრაქტიკა“ -  დაფინანსდეს 3300 ლარით.

 

საკონკურსო კომისია

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის   ლაშა   ბრეგვაძის   2023   წლის   16   თებერვლის    N 3961/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში    -    თინათინ    წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი კომისიის თავჯდომარე - იურიდიული ფაკულტეტის  პროფესორი;
ბ)   გიორგი   მახარობლიშვილი   -   საკონკურსო   კომისიის   თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ)   კობა   ყალიჩავა   -   -   საკონკურსო   კომისიის   მდივანი   -   იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 21 მარტისა.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
5. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 52/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირმა გრძელიძის 2023 წლის 17 თებერვლის №4147/10 პირადი განცხადებისა  და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაკმაყოფილდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირმა გრძელიძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და 2023 წლის პირველი მარტიდან შეუწყდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 21/2023

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაციები განხორციელდება შემდეგნაირად:

 

  • სალექციო ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 27 თებერვალი 17:00 საათი;
  • სალექციო ნაკადებზე აკადემიური რეგისტრაცია - 2 მარტი 17:00 საათი;
  • სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იურიდიული ფაკულტეტის საგნებზე რეგისტრაცია - 7 მარტი17:00 საათი;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 3 მარტი 15:00 საათი;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი განთავსდება - 7 მარტი 17:00 საათი;
  • სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) აკადემიური რეგისტრაცია - 10 მარტი 17:00 საათი;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 10 მარტს 17:00 საათზე;
  • დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 მარტი;
  • საგნის გაუმჯობესების მოთხოვნის ბოლო ვადა - 1 მარტი.

 

წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!

სრულად

ბრძანების N:

ტრენინგ-ვორკშოპი Erasmus+ პროექტის DITECH ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

Erasmus+ პროექტის DITECH “ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში 2023 წლის 17 და 21 თებერვალს, ჩატარდება ტრენინგ-ვორკშოპი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ტრენინგის თემა: ონლაინ ინსტრუქტორების მომზადება: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და პლატფორმები ონლაინ კურსების მომზადების, დაგეგმვის, განვითარების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

Padlet, Genially, Google Jamboard, Mentimeter, Gitmind, Diagrams Net,Powtoon, 123apps, JeopardyLabs, Brightful, ThingLink

 

ტრენინგი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში:

17 თებერვალი, 2023, 17:00-დან 20:00 სთ-მდე, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 207
21 თებერვალი, 2023, 17:00-დან 20:00 სთ-მდე, თსუ მე -3 კორპუსი, ოთახი 206

 

Zoom: https://zoom.us/j/2570889895
 

სავალდებულო მოთხოვნები: კომპიუტერში ნავიგაციის უნარი და კურსებში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების
დანერგვის სურვილი
გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე

გთხოვთ, შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში თან იქონიოთ ლეპტოპები, რათაინდივიდუალურად ჩაიტვირთოს ზემოაღნიშნული პლატფორმები

 

ვორკშოპის დასრულების შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის დირექტორად ქეთევან ებრალიძე აირჩიეს

თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ქეთევან ებრალიძე მეორე ვადით აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. თსუ ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ქეთევან ებრალიძემ ინსტიტუტში მუშაობა 1988 წელს უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო, 2018 წელს კი პირველი ვადით აირჩიეს დირექტორად. 

ქეთევან ებრალიძის თანაავტორობით მაღალრეიტინგულ, საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში გამოქვეყნებულია 160 სამეცნიერო პუბლიკაცია და საკონფერენციო თეზისი. ასევე, მისი თანაავტორობით გამოცემულია 3 მონოგრაფია. იგი არის 6 ინტელექტუალური საკუთრების (სასარგებლო მოდელი) თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც ძირითად შემსრულებელს 15-მდე საერთაშორისო (OSCE, CRDF, ISTC) და ადგილობრივ საგრანტო პროექტში. 

პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ბუნებრივი ნედლეულის ქიმიურ–ტექნოლოგიური და ქიმიური ეკოლოგიის პრობლემების შესწავლაში. ინსტიტუტის მისიაა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ქიმიური მეცნიერების მობილიზაცია, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა–ძიება, ახალი მასალების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და გარემოს დაცვის საქმეში მათი გამოყენების შესაძლებლობების დადგენა. 

ინსტიტუტში 2000 წლიდან განხორციელდა  40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო პროექტი (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ეუთო, ISTC, GEX, CARYS, STCU). ახლო მომავალში ინსტიტუტი გეგმავს საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უცხოელ და ადგილობრივ სამეცნიერო წრეებთან ერთობლივი სამეცნიერო და საგრანტო პროექტების, საერთაშორისო სემინარების და კონფერენციების განხორციელების მიზნით. 
 
 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით: პირველი ნაწილი (სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/3) - ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, ხოლო დარჩენილი ნაწილი შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
2. პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა დაფაროს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
3. სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა დავალიანების დაფარვის შემდეგ და ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული პირობით. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანება აღემატება სემესტრული სწავლის საფასურის სრულ ოდენობას, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს დავალიანება არანაკლებ სწავლის სემესტრული საფასურის სრული ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი შესაძლებელია გადანაწილდეს და გადახდილი იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით, შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე..
4. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა მხოლოდ დავალიანების სრულად

დაფარვის და სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 1/2-ის (50%) გადახდის შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადახდილი იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე..
ამ ბრძანების მიზნებისთვის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტად ითვლება:
ა) ბაკალავრიატის   საგანმანათლებლო   პროგრამის   მე-8   და   შემდგომი   სემესტრის სტუდენტი;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
გ) სტომატოლოგიის საგანმანთლებლო პროგრამის მე-10 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
დ) მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-12 და შემდგომი სემესტრის სტუდნეტი; 
ე)   დაწყებითი   განათლების   მასწავლებლის   მომზადების   საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მე-10 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
ვ) მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამის მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი.
5. სტუდნეტს, რომელიც წარმოადგენს სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი    სახელმწიფო   უწყებისადმი   მიმართვის   დამადასტურებელ   დოკუმენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შეუძლია არაკნლებ 100 ლარის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი ვალდებულებით, რომ დაფინანსების ვერმიღების შემთხვევაში, სწავლის    საფასური    დაიფარება    მიმდინარე    სემესტრში    სასწავლო    პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
6. სტუდნეტს, რომელიც წარმოადგენს კერძო სპონსორის წერილობით დასტურს სწავლის საფასურის სავარაუდო დაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შეუძლია სწავლის საფასურის არაკნლებ 1/4 ნაწილის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი ვალდებულებით, რომ დაფინანსების ვერმიღების შემთხვევაში, სწავლის საფასური დაიფარება მიმდინარე სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
7. პროგრამული დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამაზე,    ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტი თავისუფლდება ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. სტუდენტის სტატუსის აღდგენის/მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში პროგრამული დაფინანსების მქონე პროგრამაზე სტატუსაღდგენილი/მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხულ სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება გააჩნია სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/4 ნაწილის დაფარვის საფუძველზე.
8. იმ შემთვევაში, თუ სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში გადაიხდის სწავლის საფასურს, ხოლო შემდგომ მიიღებს დაფინანსებას, მას უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნება. სხვა შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასური გამოყენებულ იქნება მომდევნო სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიზნებისთვის.
9. კურსდამთავრებულს დიპლომის/ცნობის (ხარისხის მინიჭების შესახებ) მიღება შეუძლია ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში.
10. ძალადაკარგუალდ გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 24 იანვრის  N02/01-01 ბრძანება „სსიპ
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“. 
11. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი      ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 33/01-01

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №2697/10, №2710/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით №1 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა  “ (დანართი №2);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით №5 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №5);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით №7 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №7);
ვ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით №190 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №190);
ზ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 83 ქვეპუნქტით №192 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი №192);
თ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით №293 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №293);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით №11 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი №11);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “მათემატიკა “ (დანართი №12);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით №20 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი №20);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი №21);
ნ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით №27 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი №27);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით №60 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი №60);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 16/2023

თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორად ნინო ფარცვანია აირჩიეს

თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ნინო ფარცვანია ახალი ვადით  აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. 
 

თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ნინო ფარცვანიამ სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორია (ოსცილაციის თეორია, სასაზღვრო ამოცანები). ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მას მონაწილება აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. იგი არის ორგანიზატორი საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპისა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივ თეორიაში, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მიღებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო გრანტი როგორც უცხოური ორგანიზაციებიდან, ისე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან. ნინო ფარცვანია არის საერთაშორისო ჟურნალის “Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics” ასოცირებული რედაქტორი, საერთაშორისო ჟურნალის “Miskolc Mathematical Notes” (უნგრეთი) პასუხისმგებელი რედაქტორი, ასევე იგი იყო საერთაშორისო ჟურნალების “Mathematics” და “Complexity” სპეციალური ტომების მოწვეული რედაქტორი.
 

თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ინსტიტუტი გამოსცემს სამ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს: „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“ (გამოდის 1994 წლიდან, გამოსცემს DE GRUYITER, 2008 წლიდან აქვს იმფაქტ-ფაქტორი), „მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“ (გამოდის 1994 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში) და „ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“ (გამოდის 1937 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში).
 

ინსტიტუტის თანამშრომლებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის 30-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან.

სრულად

ბრძანების N:

ჩემი მთავარი სამეცნიერო მიღწევა

11 თებერვალს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა, თემაზე - „ჩემი მთავარი სამეცნიერო მიღწევა“.

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მოღვაწე მეცნიერმა ქალებმა წარმოადგინეს საკუთარი უმთავრესი სამეცნიერო მიღწევის შესახებ პრეზენტაცია და გააცნეს დამსწრე აუდიტორიას,  თუ რა იყო მოტივატორი ამ კვლევის დაწყებისა. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრას ესწრებოდნენ "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ნინო ინასარიძე და თეონა მაისურაძე, რომლებმაც მეცნიერ ქალებს გაუზიარეს ინფორმაცია კვლევის დაფინანსებისა და შესაძლებლობების შესახებ.

სრულად

ბრძანების N:

დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ დავით აღმაშენებლის ეპოქის სამხედრო ხელოვნებაზე მოხსენება წაიკითხა. „ღონისძიებაზე წარმოდგენილ მოხსენებებში მიმოხილულია დავითის ეპოქის ცალკეული საკითხები, მისი როლი კავკასიის გაერთიანების, ზოგადად სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. ვფიქრობ, ასეთი კონფერენციები ხელს შეუწყობს დავითის მოღვაწეობის კიდევ უფრო კარგად და სიღრმისეულად შესწავლას,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


„დავით აღმაშენებელი – კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი)” - მოხსენება წაიკითხა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. „დავით აღმაშენებელი არის უდიდესი პოლიტიკოსი, კავკასიის გამაერთიანებელი, პიროვნება, რომელმაც თავისი რეფორმებით ქვეყანა მთელ აღმოსავლეთში წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია. დავით აღმაშენებელი გახლავთ მეფე, რომელმაც გვირგვინი დაადგა საქართველოს ერთიანობას, მთელი კავკასია გააერთიანა და ქვეყანა ეკონომიკურად, კულტურულად წინ წასწია. ამიტომ, მისი ხსენება, დაფასება და მარადიული ხსოვნა ეს არის ვალდებულება ყველა ჭეშმარიტი ქართველისა,“ - განაცხადა როინ მეტრეველმა.
 

დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით გიმართა.  

 

 

სრულად

ბრძანების N: