თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 7 სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამაში „ბალანსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები.
თსუ-ს და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრებს ერთობლივი პროფესიული პროგრამა ექნებათ
თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის სპეციალისტი - პროფესია გლობალური დატვირთვით
თსუ პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებისთვის სრული მზადყოფნაა!
პრაქტიკული გამოცდილება მომავალი დასაქმებისთვის
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
თსუ პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს ეცნობიან
ქუთაისში ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიის კორპორატიული ღონისძიება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების მონაწილეობით განხორციელდა. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) სტუდენტებმა იმუშავეს საორგანიზაციო საკითხებზე, შეიმუშავეს სცენარი და უშუალოდ მონაწილეობდნენ ღონისძიების განხორციელებაში.
თსუ-ს კურსდამთავრებულები
ნათია ტერელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორი პროგრამის(ქუთაისი) კურსდამთავრებულია. ამჟამად, ნათია შპს „ნეოლეთში“ მოლარე-ოპერატორად მუშაობს.
ნათია ტერელაძემ 2021 წელს სწავლა წარმატებით დაასრულა პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“, რის შემდეგაც კიდევ ერთ პროგრამაზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. „საფინანსო სერვისები“ მისი მეორე არჩევანი იყო.
„ნეოლეთი“, სადაც ვმუშაობ, არის ეროვნულის ბანკის მიერ რეგისტრირებული, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში შეძენილ ცოდნას და პრაქტიკას აქტიურად ვიყენებ ჩემს საქმიანობაში“, -აღნიშნა ნათია ტერელაძემ.
ლელა კიზირია გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ლელა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულია.
„ყოველთვის მინდოდა ბიბლიოთეკარობა, რადგან ახლოსაა ჩემ პირველ პროფესიასთან -ისტორიკოსობასთან. როგორც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, გამოვიყენე“,-განაცხადა მან.
ლელა კიზირიას თქმით, პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ძალიან გამოადგა დღევანდელ საქმიანობაში. „ჩემთვის ეს ახალი ცოდნა იყო, პრაქტიკული მეცადინეობები თსუ-ს ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტად სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ასე უფრო მარტივია ცოდნის მიღება“,-აღნიშნა მან.
თეონა მაისურაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ მიღებული განათლება მისი წარმატებული კარიერის წინაპირობა გახდა.
როგორც ამბობს, სწორედ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი) მიღებულმა ცოდნამ შეუწყო ხელი დასაქმებაში. „მიღებული ცოდნა პირდაპირ კავშირშია ჩემს საქმიანობასთან. მადლობა რომ ამის შესაძლებლობა მომეცით“,-განაცხადა თეონა მაისურაძემ.
თეონა დღეს „კრედო ბანკის“ გაყიდვების ოფიცერი, მერჩანტია. ამავდროულად, მუშაობს „NITA HOME“-ში მენეჯერის თანამდებობაზე.
„განათლების მიღების მხრივ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა, რადგან აქ შესწავლილმა უფრო მეტად გამისისხლხორცა აღმზრდელობითი საქმიანობის სიყვარული. სიყვარულისა და ჰუმანურობის ენით სწავლება დღეს ჩემი მთავარი კრედოა“,- ნანა ჩადუნელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. დღეს ნანა თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელია.
2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი. თუმცა, მისი ბავშვობის ოცნება იყო ბავშვებთან მუშაობა, შეესწავლა პედაგოგიკა და თავისი წვლილი შეეტანა მომავალი თაობის აღზრდაში.
„არ შემეძლო ჩემთვის შემენახა დიდი სიყვარული ბავშვებისადმი. ამიტომ, ჩემი ეს მისწრაფება და დაუოკებელი სურვილი განვახორციელე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ჩაბარებით. უკვე სამი შვილის დედა გახლდით, მაგრამ იმდენად მსურდა კვალიფიციურ დონეზე შემესწავლა ეს პროფესია, ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ამ პროგრამაზე ჩაბარებით,“-აღნიშნა ნანა ჩადუნელმა.
ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დასაქმდა კერძო საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც წარმატებულად გაართვა თავი ახალ პროფესიას. ამჯერად უკვე საჯარო სექტორშია დაკავებული. თვლის, რომ ამ პროფესიამ ბედნიერი გახადა და მისცა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ბედნიერი თაობების აღზრდაში. „დღეს მე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება ამ პროფესიის გარეშე. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით იმ ადამიანებს, რომელთა ლექციებიც იყო არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით საუკეთესო, არამედ ყველაზე დიდი მოტივაციის და ძალის მომცემი ჩემთვის. როდესაც პროფესიას გასწავლიან სიყვარულისა და მეგობრობის ენით, ასევე ყალიბდები მომავალში და იგივეს გადასცემ აღსაზრდელებს“,-განაცხადა ნანა ჩადუნელმა.
თამარ ნებიერიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიისადმი ინტერესი რეალობად აქცია და უკვე 2 წელია „ათასწლეულის“ საბავშვო ბაღში მუშაობს.
„პროგრამაზე სწავლის პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ჩემი რჩეული პროფესია იყო. სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე ბაღში მუშაობა და უკვე 2 წელია ვმუშაობ ათასწლეულის საბავშვო ბაღში აღმზრდელად. სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა ბავშვებთან ურთიერთობაში, სასწავლო პროცესის მართვასა და დაგეგმვაში.“,-აღნიშნა თამარ ნებიერიძემ.
თამარმა 2017 წელს ბიოლოგიის საბაკალვრო პროგრამა დაასრულა თსუ-ში. პროფესიული განთლების მიღების შემდეგ კი კვლავ უნივერსიტეტში, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა. მისი თქმით, ამით კიდევ უფრო გაიღრმავა ცოდნა განათლების მიმართულებით.
„ეს არის მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესია, რომელიც სიყვარულით გავსებს, სულ გიწევს ისწავლო და განვითარდე, ჩემი სურვილია ბავშვებს შევუქმნა მრავალფეროვანი და განმავითარებელი გარემო, რომელშიც თავს ლაღად და ბედნიერად იგრძნობენ“,-განაცხადა თამარ ნებიერიძემ.
ნატო ნოზაძე თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე-ოფიცერია. მებაჟის პროფესიისადმი დიდი ინტერესის გამო 2018 წელს თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ გააკეთა არჩევანი. ის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია.
„ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვა მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაა. მოხარული ვარ, რომ გათავისებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ვარ მებაჟე-ოფიცერი, რაშიც ძალიან დამეხმარა თსუს პროფესიული განათლების ცენტრი“,-განაცხადა ნატო ნოზაძემ. მისივე თქმით, პროგრამაზე სწავლისას მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საბაჟო საქმის პროფესიის შესწავლაში. ამ ცოდნას ნატო დღეს წარმატებით იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
„უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში თეორიული შეხება მქონდა საბაჟო საქმიანობასთან, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა საბაჟო საქმე და ამ მიზნით ავირჩიე თსუ პროფესიული პროგრამა“,- მარიამ შელიამ დამატებითი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ გადაწყვიტა.
მარიამი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია. ამჟამად ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში გამომძიებლად მუშაობს.
მარიამ შელიას პროფესიულთან ერთად აკადემიური განათლება აქვს მიღებული. 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2022 წელს კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თსუში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. პროფესიულ პროგრამაზე სწავლების დროს მიღებული როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სწავლების დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად დამეხმარა დასაქმებაში. აღნიშნული პროგრამა მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე და დიდი ყურადღებაა გამახვილებული პრაქტიკულ სწავლებაზე“,-ამბობს მარიამი. მისივე თქმით, თსუ პროფესიულ პროგრამაზე სწავლის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დღესაც მნიშვნელოვნად ეხმარება წარმატებით გაუძღვეს საქმიანობას და გაუმკლავდეს სამსახურეობრივ მოვალეობებს.
ანა ერემეიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განთლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. ანა საჯარო მოხელეა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს.
ანა ერემეიშვილი წლების განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში საქმიანობდა, რის შემდეგაც ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა. ამიტომ არჩევანი თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“
(ქუთაისი) გააკეთა. მისი სამომავლო გეგმები კვლავ საფინასო სფეროს უკავშირდება.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში არაჩვეულებრვი ლექტორები უძღვებოდნენ საგნებს. მათი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ და დავნერგეთ პრაქტიკაში“,-აღნიშნა ანამ. მისთვის პროფესიულ მოდულებთან ერთად განსაკუთრებით საინტერესო „სამოქალაქო განათლება“ აღმოჩნდა. „აქ გავიარეთ დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, ვისწავლეთ სწორად დებატების წარმართვა, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის“,-განაცხადა ანა ერემეიშვილმა.
თიკო ბუჭუხიშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) 2022 წლის კურსდამთავრებულია. დღეს ის წარმატებით უძღვება საოჯახო სასტუმროს საქმიანობას ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში.
თინათინი პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუმრების გამასპინძლების და სპეციალური ღონისძიებების ორგანიზებაში იყენებს. „სწავლების პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო ჩემს ცხოვრებაში. მივიღე ცოდნა და ინფორმცია როგორ დავგეგმო და განვახორციელო კარგი ღონისძიება. ასევე მომეცა პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ლექტორს. ისინი მუდმივად ჩართული არიან ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაში და ზრუნავენ მათ წარმატებაზე“,-განააცხადა თინათინ ბუჭუხიშვილმა.
თინათინს მეორე პროფესიაც აქვს. ის მომავალი პედაგოგია. ამჟამად სწავლობს აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე; არის როგორც სახელმწიფო, ისე გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი. გარდა ამისა, მას როგორც წარმატებულ სტუდენტს ჭიათურის მერია ყოველწლიურად გადასცემს ფულად ჯილდოს.
თინათინ ბუჭუხიშვილი ამჟამადაც აქტიურად აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას და პროფესიულ განვითარებას, ჩართულია არაერთ პროექტში, ესწრება სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ვორქშოპებს.
გიგა სოფრომაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. რამდენიმე წელია წარმატებით უძღვება საქმიანობას დედაქალაქის მერიაში. გიგა თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორია.
„თავად მეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და ეს თემები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. გარდა მერიაში მუშაობისა, ვატარებ ტრენინგებს და ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობებში. ჩემი საქმიანობის სპეციფიკა მოითხოვს აქტივობების მუდმივ დაგეგმვას, რესურსების განსაზღვრა - მოძიებას, განხორციელების გეგმების შედგენას, საზოგადოებასთან და პარტნიორ უწყებებთან ან ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, კრიზისულ სიტუაციებში მუშობას და ა.შ. ამ პროცესებში მივხვდი, რომ მჭირდებოდა კვალიფიკაციის გაზრდა და ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც მარტივს და უფრო ეფექტურს გახდიდა ჩემს საქმიანობას“,- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გიგამ გადაწყვიტა კვალიფიკაციის გაზრდა და ისეთი ცოდნის მიღება, რაც მის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდიდა. ამიტომ, მეგობრის რჩევით, გადაწყვიტა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ღონისძიების ორგანიზების პროფესიული პროგრამისთვის მიემართა.
„სწავლის პროცესში, თეორიული და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ვისწავლე როგორ დავაკომპლექტო და ვმართო გუნდი, როგორ განვსაზღვროთ საჭირო რესურსები, გამოვავლინოთ რისკები და დავაზღვიოთ ისინი, დავხვეწე კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის ტექნიკები, რასაც ვიყენებ როგორც სამახურში, ასევე ყოველდღიურობაში“,-განაცხადა გიგა სოფრომაძემ. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და ახალი პროფესია, პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება მისთვის უკვე ახალი იდეების და მიზნების საფუძველი გახდა.
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი
პროგრამების დათვალიერება