საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასრულებული პროექტები

 

უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური სხვადასხვა დონეზე და არაერთი ახალი პროცესის მართვისა და საუნივერსიტეტო სივრცეში დამკვიდრების თვალსაზრისით აქიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდებთან და ინსტიტუციებთან როგორიცაა: ბრიტანეთის საბჭო (British Council), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit - GIZ), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (Deutsche Akademische Austauschdienst - DAAD), ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (Agence universitaire de la Francophonie - AUF).

 

საერთაშორისო ინსტიტუციებისა და ფონდების მხრიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლობით უნივერსიტეტში კომუნიკაცია რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის:

 

  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული მხარდაჭერა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული საკითხებისა და პროცესების გაზიარება.

 

უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს სწავლა-სწავლების, კვლევის, ინტერნაციონალი­ზა­ცი­ის მაღალი ხარისხი.

 

 

 

ინფორმაცია ვებინარი ARCC პროექტის ფარგლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტში - arCc (Assuming Responsibility for Climate Change), რომელშიც ჩართულია 14 პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. პროექტის ფარგლებში, 2021 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც პროექტის კოორდინატორია საქართველოდან, გაუძღვა რიგით მეორე ვებინარს. ვებინარი ეხებოდა უნივერსიტეტების მართვას კოვიდ-19- ის პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

 

პროექტის მიზანია, გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნისა და დისციპლინის წარმომადგენლები ერთობლივი ინიციატივების გარშემო, რაც ფოკუსირებულია გარემოზე, კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღებასა და შემცირებაზე. პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები გაცვლიან საკუთარ გამოცდილებასა და რესურსებს ვებინარებისა და მიკრო-კურსების მომზადებით, ასევე პროექტში სტუდენტთა ჩართულობით.

 

 

„ხარისხის კულტურის გაძლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ცენტრალური და ფრანკოფონიის აღმოსავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) (დირექტორი ბატონი მოჰამედ კეტატა, კოორდინატორი კლაუდია ვიზანი)  ერთობლივი  პროექტის „ხარისხის კულტურის გაძლიერება  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში“ ფარგლებში განხორციელდა  2020 წელს სააკრედიტაციოდ წარსადგენი  თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის  სამართლის სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) და ასევე, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება.

 

წინამდებარე პროექტის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის  სამართლის  სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) საგანმანათლებლო  პროგრამების შეფასების მიზნით 2019 წლის 12-13 ოქტომბერს მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის (University of Strasbourg) პროფესორი, ყოფილი ვიცერექტორი ან-მარი კლებე პელისიე, რომელმაც სამუშაო შეხვედრები გამართა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან  და წარმოადგინა რეკომენდაციები. ექსპერტიზის დასასრულს პროფ. ა.მ. კლებე პელისიემ საუნივერსიტეტო ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებულ შეხვედრად შეაფასა, რომელშიც გათვალისწინებული და ჩართული იყო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული ყველა მხარე. ექსპერტმა ქართული სამართლის სკოლა მიაკუთვნა ევროპის მაღალი დონის სამართლის სკოლათა რიგს. 

 

ცალკე შეფასდა მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  „სტომატოლოგია“. გარე შეფასებაში მონაწილეობას იღებდა ექსპერტი, რენის უნივერსიტეტის (University of Rennes) პროფესორი ჟან-ლუი სიქსუსი, რომლის მიერ   წარმოდგენილი  რეკომენდაციები გაეგზავნა მედიცინის ფაკულტეტს. რეკომენდაციები გაზიარებულ იქნა პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის მიერ, რაც შემდგომში უკვე დეტალურად აისახა  საგანმანათლებლო პროგრამის სააკრედიტაციოდ წარმოდგენილ პაკეტში.

 

ამავე სააგენტოსთან თანამშრომლობით 2019 წლის 16 მაისს ჩატარდა ორი სესია სადოქტორო სწავლებაზე დაგეგმილი ტრეინინგის ფარგლებში (ექსპერტი: რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა ტეოდერესკუ) თემაზე:  „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა“. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ურთიერთთანამშრომლობა ფრანკოფონიურ სივრცესთან; დოქტორანტუ­რა და თანახელმძღვანელობა-საერთაშორისო სადოქტორო ქსელები; სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება. 

 

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა  ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

 

 

"პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება" (GIZ)

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიცირებით და ჩართულობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შემუშავების აქტიურ ფაზაშია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების მართვა“ (საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში ჩართულია ასევე მაგდებურგის ოტო ვონ გუერკეს უნივერსიტეტი). საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობის დაწყებას წინ უსწრება ერთკვირიანი (8.-12.04.2019) ტრეინინგი, რომლის სამიზნე ჯგუფი იყო განათლების მიმართულების აკადემიური პერსონალი (17 მონაწილე, ექსპერტი დოქტ. მარკუს ბოენერი). ამავე პროგექტის ფარგლებში უნივერსიტეტს გადაეცა 27 000 ლარის წიგნადი ფონდი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების მიზნით.

 

 

"უმაღლესი განათლება დასაქმებისთვის" (British Councils)

უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პოტენციალიდან გამომდინარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ორ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) ქართულ უნივერსიტეტთან ერთად 2019-2020 წლებში ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ პროექტში "უმაღლესი განათლება დასაქმებისთვის" (იხილეთ ბმული).

 

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ვინაიდან წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს მაღალი ხარისიხის უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების მხარდაჭერა, რაც         ხელს შეუწყობს არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. საანაგრიშო პერიოდში ხარისხის უზრუნველყოფის საფაკულტეტო სამსახურების მხარდაჭერით ჩატარდა უცხოელი ექსპერტის მიერ დაკვირვება ქიმიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსზე (კურსის ლექტორი დოქტ. გიორგი ჯიბუტი). 2020 წლის 24-29 თებერვალ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრეინინგი „ინგლისური, როგორც დაეგობრივი სწავლების ენა“. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტის 10 წარმომადგენელი.

 

 

"კარგი სამეცნიერო პრაქტიკა გერმანიის პერსპექტივით" (DAAD)

უნივერსიტეტში "ერაზმუს+"-ის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლები მიმდინარე პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY)  ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაგეგმილი საჯარო ლექციების ციკლი გაიხსნა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისი ბიუროს ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის გებჰარდ როილის ლექციით, რომელმაც უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ესაუბრა გერმანული გამოცდილების შესახებ აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებთან დაკავშირებით, გააცნო მათ სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზურუნველყოფა, რომლის ცოდნა დოქტორანტებს დაეხმარება აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების გააზრებაში. წინამდებარე საჯარო ლექციების კურსი გაგრძელდება სხვადასხვა ცნობილი მკვლევრებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობით დაინტერესებული პირთათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

 

შეხვედრა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით  2019 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებთან, მათ შორის - ბრენდ და გენერალურ მენეჯერთან, მაიკლ ლუბაჟთან. შეხვედრის ფარგლებში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ქართული უნივერსიტეტების შესაძლებლობები რანჟირებაში, მსოფლიო რეპუტაციისა და ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესების გზები.

 

სესია შეეხებოდა ბრენდინგს და რეპუტაციის მენეჯმენტს: როგორ უნდა წარმოადგინონ წარმატებულად ქართულმა უნივერსიტეტებმა საკუთარი ბრენდი და გაზარდონ ცნობადობა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მიღწევების შესახებ, რაც მოცემულ კონკურენტულ გარემოში უნივერსიტეტების წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტების (6 ქართული უნივერსიტეტი, 28 მონაწილე), ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიება მიზნად ისახავდა, ხელი შეუწყოს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებეში მონაწილეობასა და პოზიციების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე, მის ხილვადობასა და რეპუტაციაზე, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.