საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთ-ერთი ამოცანაა საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი მანდატის ფარგლებში,  აქტიურად თანამშრომლობს როგორც სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას უკავშირდება. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ხარისხის განვითარების ერთ-ერთ ეფექტიან გზად მიიჩნევს.

 

 

 

 

 

EFMD Global ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის ტრენინგი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების გამგემ თინათინ დავითაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ლია ძებისაურმა წარმატებით გაიარეს „EFMD Global“-ის ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა ონლაინ  2022 წლის 12 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით (იხ. შესაბამისად, აქ და აქ).

 

ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის (QAA) ონლაინ ტრენინგი არის 14 კვირიანი ყოვლისმომცველი ტრენინგი, რომელსაც „EFMD Global“ სთავაზობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალებს. QAA პროგრამა ავითარებს მონაწილეთა უნარებს ლიდერობის, ხარისხის მართვის სისტემების ფუნქციონირების, კომუნიკაციის, მონაცემთა მენეჯმენტისა და პროექტის მენეჯმენტის სფეროებში.

 

მონაწილეები დაესწრნენ ექვს ინტერაქტიურ სესიას, რომლებიც განაწილებული იყო სამ ბლოკში. ყოველ ბლოკს წინ უსწრებდა მოსამზადებელი მასალები და ამოცანები, რაც სრულდებოდა შესაბამისი აქტივობის შეფასებით. აღნიშნულ აქტივობებზე მენტორთან მიმდინარეობდა ინდივიდუალური მუშაობა. ტრენინგით მიღებული ცოდნა და გამოცდილება აისახა საბოლოო პროექტში, რომლის შეფასება და დაცვა მოხდა ორმაგად (როგორც წერითი ფორმით, ისე ზეპირი პრეზენტაციის სახით), ფასილიტატორების, მენტორებისა და ტრენინგის სხვა მონაწილეების წინაშე.

 

„EFMD Global“ დაარსებული 1972 წელს და არის გლობალური, არაკომერციული, წევრობაზე ორიენტირებული ორგანიზაცია წევრთა ფართო ქსელით, რომელიც ემსახურება მენეჯმენტის განვითარებას. იგი აღიარებულია, როგორც აკრედიტაციის ორგანო ბიზნეს სკოლებისთვისა და ბიზნეს სკოლის პროგრამებისთვის, ასევე კორპორატიული უნივერსიტეტებისთვის.

 

 

Bologna Hub Peer Support

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ერაზმუს + -ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "Bologna Hub Peer Support". პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის ფარგლებში ბოლონიის ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით, რითიც განახორციელებენ ბოლონიის ექსპერტთა კოლეგიალური მხარდაჭერის მისიას.

 

პროეტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა გაეკეთებინათ განაცხადი. 86-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებლებამ გააკეთა განაცხადი. აქედან, საბოლოოდ მოხდა დაახლოებით 30 უნივერსიტეტის შერჩევა ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. შერჩეულ უნივერსიტეტთა შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).

 

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სააპლიკაციო განაცხადზე  და შემდგომ კონსულტაციებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კერძოდ, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია.  კონსულტაციების გასაწევად გამოიყო ბოლონიის ექსპერტი, ზალზბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი გაბრიელა აბერმანი. ქალბატონი აბერმანი არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ექსპერტი ავსტრიიდან. მის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

პროექტი მოიცავს ორ საკონსულტაციო ვიზიტს. პირველი ვიზიტი გაიმართა 2021 წლის 23 და 25 ივნისს ზუმის პლატფორმის მეშვეობით. პროფესორმა აბერმანმა ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა - სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის და ინტერნაციონალიზაციის შესახებ თსუ-ს აკადემირური და ადმიისტრაციოული პერსონალისთვის. მეორე საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა პირისპირ 2022 წლის 27 ივნისს. აღნიშმული ვიზიტისას პროფესორმა აბერმანმა ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა იმავე თემებზე. სამუშაო შეხვერისას მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, თუ კონკრეტულად თსუ-სთვის რას ნიშნავს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და როგორ არის ეს პრინციპი დანერგილი, ასევე ინტერნაციონალიზაციის რა მიმართულებებია თსუ-სთვის რელევანტური და როგორ უნდა დაიწეროს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

 

VISEGRAD+ შეხვედრა ქალაქ ბრნოში

2022 წლის 4-7 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბრნოში, ჩეხეთში VISEGRAD+ საგრანტო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის (V4-ის კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარება ცოდნისა და ტექნოლოგიების გადასაცემად) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.

 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ მასარიკის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს, სამხრეთ მორავიის ინოვაციების ცენტრსა და ჰქონდათ შეხვედრები ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან.

 

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტს „მესამე მისიის აქტივობების შესაბამისობისა და ხარისხის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“, რომლის მიზნები და აქტივობები საინტერესოა ზემოაღნიშნული პროექტის მიმდინარეობისთვის. ირმა გრძელიძემ, როგორც პროექტ SQUARE-ის კოორდინატორმა, ვიზიტის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის მოხსენება 2021 წლის EQAF-ზე

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი ყოველწლიურად იმართება. 2021 წლის ფორუმის თემა იყო: „ნდობა და განვითარება: ინფორმაციიდან მტკიცებულებებმდე - Building trust and enhancement: from information to evidence”.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის, გამოცდილებისა და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და შესრულების ინდიკატორების საფუძველზე შედეგების შეფასებას ეხებოდა თსუ ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თინათინ გაბრიჩიძის პრეზენტაცია ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმზე 19 ნოემბერს.

 

ფორუმს 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა ევროპის უნივერსიტეტებიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებიდან და ევროპის სტუდენტთა ასოციაციიდან, მათ შორის იყვნენ უმაღლესი განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხის მკვლევრები.

 

 

EUA ფოკუს-ჯგუფი “STUDENT ENTREPRENEURSHIP: LEARNING FOR IMPACT”

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა (წარმოდგენილი მისი ხელმძღავნელით) მონაწილეობა მიიღო ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის ფოკუს ჯგუფში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა და უკავშირდებოდა სტუდენტთა მეწარმეობის უნარების განვითარებას. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს ევროპული უნივერსიტეტების ლიდერებმა. მათ გაცვალეს საკუთარი გამოცდილება და სტრატეგიები უნივერსიტეტის ინოვაციის მისიის აღსრულებაში. შეხვედრა გაიმართა 2020 წლის 18 ივნისს. მონაწილეთა შერჩევა მათი განაცხადების საფუძველზე მოხდა. ფოკუს ჯგუფის თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი უმაღლესი განათლების სფეროში, ვინაიდან მეწარმეობა და ინოვაციები ქვეყნებისა და რეგიონების განვითარების წინაპირობაა.

 

 

EUA თემატური ჯგუფის შეხვედრა „Meeting the Skills and Employability Demands"

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და მისი განაცხადის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერტსიტეტი მონაწილეობს ევროპული უნივერსიტეტების ასოციციის (EUA) თემატური ჯგუფის მუშაობაში „უნარებისა და დასაქმებადობის მოთხოვნების დაკმაყოფილება“ (Meeting the Skills and Employability Demands). ჯგუფს ხელმძღვანელობს კორკის უნივერსიტეტი (ირლანდია). სულ ჯგუფში თსუ-სთან ერთად ცხრა ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობს.

 

ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთი წლის მანძილზე გაცვლიან გამოცდილებას და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება. თემატურ ჯგუფში მთავარი აქცენტი საგანმანათლებლო პროგრამებში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განსაზღვრაზე, მათი კურიკულუმში ინტეგრირებასა და უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიების აქტიურ თანამშრომლობაზე კეთდება.

 

პირველი შეხვედრა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, 2020 წლის 23 მარტს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ჯგუფის წევრებმა პირველ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები რაც უკავშირდება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებადობას, კურიკულუმის დაგეგმვის პროცესში დასაქმებულთა  ჩართულობასა და სხვა.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ-ში

120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა და განიხილავდა ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა 2020 წლის იანვრის ბოლოს. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გაიმართა. 

 

ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დაესწრნენ. "ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები, ვიცე-რექტორები, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები მონაწილეობენ სამდღიან ღონინისძიებაში, რომლის მთავარი თემა აკადემიური საქმიანობაა - როგორ უნდა გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა, როგორ უნდა განვითარდეს მათი კარიერა, როგორი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სივრცეში. საქართველო ამ სივრცის სრულუფლებიანი წევრია. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მათ შორის, ვიმედოვნებ, საქართველოში ბევრი უმაღლესი სკოლისთვის მისაღები იქნება სადოქტორო სტრუქტურირებული სკოლის შექმნა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. შეხვედრაზე  სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციები, სამომავლო გამოწვევები და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზები განიხილეს. „ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე მთლიანად განათლების სისტემისთვის. პირველად მასპინძლობს ქართული უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთში  გაცვლიან იმ თანამედროვე მეთოდოლოგიას და პროგრამებს, რომელსაც თავიანთ უნივერსიტეტებში ახორციელებენ,“- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გდებუაძემ. 

 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარის მარტინ რაიეს თქმით, „ვორკშოპი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. სამუშაო შეხვედრა შეეხება როგორც დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, ზოგადად, უმაღლესი განათლების ამ საფეხურის განვითარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია იგი როგორც  აკადემიური საზოგადოებისთვის, ასევე შრომის ბაზრისთვის.“ „დღევანდელი შეხვედრის მიზანს არ წარმოადგენენ, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტები, ჩვენ ვსაუბრობთ ასევე სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებზე, მათ როლზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ განვითარებაში.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრები იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართველი, ისე ევროპელი სტუდენტებისთვის,“- განაცხადა  აღმოსავლეთ პიემონტის (იტალია) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენელმა ლუიჯი პანზამ. 

 

შეხვედრაზე განსაკუარებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობას, რაზედაც მომხსენებელმა ედვინ კონსტაბლმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე "სადოქტორო განათლება, კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება". დისკუსიის ფარგლებში თსუ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტ „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში  უნივერსიტეტის  მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე და გატარებულ ცვლილებებზე.

 

EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა. მეტი ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვორქშოფის შესახებ იხ. ვებგვერდზე.

 

 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა

2020 წლის 22 იანვარს ვროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდასა და დისკუსიაზე ევროპული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.  

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სადოქტორო განათლების თემაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატისაა და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სადოქტორო სწავლების განვითარებას. „შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციებზე შემდგომში იმსჯელებენ ევროგაერთიანებაში, სადაც  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დასკვნებს სერიოზულ ანგარიშს უწევენ. კარგია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მაქსიმალურად ჩაერთვნენ ქართული უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.  „მრავალი ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობდა ამ ვორკშოპის მასპინძლობის კონკურსში. გვიხარია, რომ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ჩვენი ვორკშოპი ეხება სადოქტორო სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისა და, საერთოდ, ახალგაზრდების განვითარებისთვის,“- აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარემ მარტინ რაიემ.

 

ღონისძიებაზე თსუ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც თსუ-ში სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და პერსპექტივაზე ისაუბრა. 

 

EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრება იყო, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

 

 

 

NAFSA 2019

2019 წლის 26-31 მაისს ქ. ვაშინგტონში (აშშ) გაიმართა NAFSA-ის (განმანათლებელთა საერთაშორისო ასოციაცია) გამოფენა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. გამოფენას მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პირებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის დელეგაციაში სხვა პირებთან ერთად შედიოდა თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ირმა გრძელიძე.

 

კვირეულის განმავლობაში თსუ-ს დელეგაცია შეხვდა იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ჩილეს და იაპონიის წარმომადგნელებს და ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად გამოიკვეთა მუშაობა ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე. ამ მხრივ განსაკუთრებული მზაობა გამოითქვა ედინბურგის უნივერსიტეტის ხარისხის მიმართულებით ვიცე რექტორის მიერ. ლიმერიკის Mary Immaculate კოლეჯის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს პროგრამების გარე შეფასების, საზაფხულო სკოლების ორგანიზების, ფსიქოლოგიაში ერთობლივი კვლევების წარმოებისა და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობის საკითხები.

 

აღნიშნული გამოფენა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული უახლესი გამოწვევების გაცნობის საშუალებას იძლევა და მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კონტაქტების დამყარებას უწყობს ხელს.

 

 

EQAF 2019

2019 წლის 21-23 ნოემბერს ქალაქ ბერლინში, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რიგით მე-14 ფორუმი EQAF. ფორუმის მიმდინარეობისას განხილულ იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს დაკავშირებულს სწავლა-სწავლებასთან, კვლევასთან, მართვასა და ადმინისტრირებასთან, საზოგადოებრივ სერვისთან.


თსუ-ს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მართვის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ფორუმის განმავლობაში, თსუ-ს დელეგაცია ჩართული იყო დისკუსიებში ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, როგორებიცაა ENQA, ESU, EUA და EURASHE.
ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს პლატფორმას ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ გამოცდილებათა გაზიარება, დისკუსია და პროფესიული განვითარება.


აღნიშნული ფორუმის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოთქვამენ რექტორები, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებზე პასუხისმგებელი ვიცე რექტორები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები, სტუდენტები, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები და შესაბამისი სფეროს მკვლევარები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სწავლა-სწავლების თემატურ ჯგუფში მონაწილეობა

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წელს მონაწილეობდა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სწავლა-სწავლების თემატურ ჯგუფში - სტუდენტთა შეფასება (Student Assessment). თემატური ჯგუფის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა: ლოზანის უნივერსიტეტში (შვეიცარია); ესპანეთის ეროვნულ დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში (მადრიდი, ესპანეთი); მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). ჯგუფში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდა. თემატურ ჯგუფს დიდი ბრიტანეთის ბირმინგჰემის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. 

 

თემატური ჯგუფის მუშაობის ფარგლებში უნივერსიტეტმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა უნივერსიტეტებში ინკლუზიური, სტუდენტზე ორიენტირებული, საუკეთესო გამოცდილებაზე დამყარებული შეფასების სისტემის ჩამოყალიბების სახელმძღვანელო პრინციპები და თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებს შეაფასონ მათ ინსტიტუციებში არსებული შეფასების სისტემა რამდენად შეესაბამება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჯგუფის წინაშე წარადგინა უნივერსიტეტში დამკვიდრებული მიდგომები სტუდენტთა შეფასებების შესახებ და ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის მომზადებაში. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის ფორუმზე. ანგარიში, ისევე როგორც თემატური ჯგუფის სრული შემადგენლობა იხილეთ ბმულზე.

 

 

EQAF 2018

2018 წლის 15-17 ნოემბერს ქალაქ ვენაში, ავსტრიაში, გაიმართა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რიგით მე-13 ფორუმი EQAF, რომელსაც მასპინძლობდა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი და ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტო. აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. ფორუმი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს დაკავშირებულს სწავლა-სწავლებასთან, კვლევასთან, მართვასა და ადმინისტრირებასთან, საზოგადოებრივ სერვისთან. პლენარული და პარალელური სესიებით დატვირთული EQAF 2018 ფორუმის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ხარისხის უზრუნველყოფის მიმდინარე საკითხებზე.


ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს პლატფორმას ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ გამოცდილებათა გაზიარება, დისკუსია და პროფესიული განვითარება. აღნიშნული ფორუმის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოთქვამენ რექტორები, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებზე პასუხისმგებელი ვიცე რექტორები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები, სტუდენტები, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები და შესაბამისი სფეროს მკვლევარები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.