საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასება

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დაიწყო ინსტიტუციური ეფექტიანობის განახლებული მიდგომით შეფასების საპილოტე პროცესი, რაც გულისხმობს დაწესებულების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტისადმი ჰოლისტურ მიდგომასა და შეფასებას, მონაცემების სისტემატურ შეგროვებას, ინდიკატორების შემუშავებასა და შედეგების ანალიზს.

 

პროექტის იდეა რამდენიმე საკითხის გადაჭრას ემსახურება:

 

  • მონაცემთა სისტემატური შეგროვება, ანალიზი, დინამიკაზე დაკვირვება და სისტემატიზება, რაც შემდგომ საუნივერსიტეტო სივრცეში პროცესების მართვისას დაზოგავს დროსა და ადამიანურ რესურსს;
  • უნივერსიტეტის შეფასება ყველა მიმართულებით, შეფასების ერთგვარი სისტემის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს  ინსტიტუციის საქმიანობის ყველა მიმართულებას - სწავლება, სწავლა, კვლევა, სერვისები, რესურსები (მათ შორის - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური, საბიბლიოთეკო), საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა, შეფასების შედეგების მონიტორინგი და სხვ.;
  • ინფორმაციის მოგროვებისა და ანალიზის პლატფორმის შექმნა, რომელიც თავს მოუყრის მონაცემებსა და გამოიანგარიშებს ინდიკატორებს.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აქტიურად იყენებს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებების ანალიზს საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად და განვითარების დინამიკაზე დაკვირვებისთვის. მოცემული პროექტის ფარგლებში შემუშავდა უნივერსიტეტის ეფექტიანობის შეფასების საკუთარი სისტემა.

 

უნივერსიტეტის საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ურთიერთთანამშრომლობით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ განისაზღვრა იმ მონაცემთა სია (250-ზე მეტი ერთეული), რომელიც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა მიმართულების ეფექტიანობის შესაფასებლად. წინამდებარე მონაცემები უნივერსიტეტში გამოიყენება სხვადასხვა პროცესის  ფარგლებში, მათ შორის, პროგრამული აკრედიტაციის, ავტორიზაციის და უნივერსიტეტების მსოფლიო რანჟირებებისათვის. მონაცემები დაჯგუფებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არსებობს ე.წ. „გამჭოლი“ მიმართულებები, როგორიცაა ინტერნაციონალიზაცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამოყოფილი ცალკეულ მიმართულებად, მისი შემადგენელი კომპონენტები გვხვდება ყველა მიმართულებაში. შემუშავდა შეფასების ინდიკატორები (40-ზე მეტი), რომლებიც მოიცავს თავის თავში რაოდენობრივ და ხარისხობრივ მონაცემებს, მათ მინიჭებული აქვს შესაბამისი მნიშვნელობა (ხვედრითი წილი) შეფასებაში, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საქმიანობის ეფექტიანობა სამ დონეზე: საგანმანათლებლო პროგრამის, ფაკულტეტის/ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის.

 

ადმინისტრაციის მხარდაჭერით ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური მიმდინარე წელს შეიმუშავებს მონაცემთა ბაზებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იქნება შეფასებისთვის საჭირო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში მიღება ზედმეტი დროისა და ადამიანური რესურსების დანახარჯის გარეშე.

 

პროექტი თავისი მნიშვნელობით ინოვაციურია საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში.

 

 

უკან >>>

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში INTED 2021

2021 წლის 8-9 მარტს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „15th International Technology, Education and Development Conference (INTED 2021)“. თსუ ხარისხის სამსახურის უფროსის ირმა გრძელიძისა და უფროსი სპეციალისტის თინათინ გაბრიჩიძის მიერ კონფერენციაზე INTED 2021 წარდგენილ იქნა ნაშრომი: Measuring and Improving Institutional Effectiveness and Establishing Quality Culture at Universities through rigorous data collection and weighted indicators (Case of Georgia, TSU).  მეტი ინფორმაცია იხ. ბმულზე.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში "უნივერსიტეტის დანიშნულება და ინსტიტუციური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე"

თსუ ხარისხის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და უფროსმა სპეციალისტმა თინათინ გაბრიჩიძემ 2021 წლის 29-30 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში "უნივერსიტეტის დანიშნულება და ინსტიტუციური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე" (იხ. კონფერენციის საიტი ბმულზე). კონფერენციაზე ირმა გრძელიძემ წარადგინა მოხსენებები შემდეგ თემებზე: "საქართველოში ინსტიტუციური ეფექტიანობის წინასწარი კვლევა" თამარ სანიკიძის თანაავტორობით და  "ანგარიშვალდებულების გამოწვევები: როგორ აისახება გარე ანგარიშვალდებულება უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების სისტემაზე? თსუ-ს მაგალითი" თინათინ გაბრიჩიძის თანაავტორობით.  ირმა გრძელიძე ასევე იყო კონფერენციის მოდერატორი 30 ოქტომბრის სესიაზე. მეტი ინფორმაციისათვის იხ. ბმული.