მაია კანდელაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. პროგრამამ „საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი) პროფესიის საფუძვლიანი შესწავლის საშუალება მისცა.
მაია კანდელაძე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა საორგანიზაციო საკითხებში. ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბიბლიოთეკის სტრატეგიული განვითარებისა და ორგანიზაციული პროცესების მართვაში.
„ბიბლიოთეკაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეფექტური მენეჯმენტისთვის აუცილებელია პროფესიული ცოდნის ქონა იმ სფეროში, რომლის მართვაშიც იღებ აქტიურ მინაწილეობას. სწორედ ამ სურვილმა და ინტერესმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – საფუძვლიანად შემესწავლა საბიბლიოთეკო საქმე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მიმიზიდა ხარისხიანი სასწავლო პროგრამითა და ასაკობრივი შეზღუდვების არარსებობით, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა“,-განაცხადა მაია კანდელაძემ.
მისივე თქმით, საბიბლიოთეკო საქმის სიღრმისეულად შესწავლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ხედვა და მართვის სტილი, უკეთ გაიაზრა ბიბლიოთეკარების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკა, რამაც ორგანიზაციული პროცესების უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის საშუალება მისცა.