თსუ პროფესიული სტუდენტი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის ფინალშია
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროექტმა გრანტი მოიპოვა
მომავალი ბიბლიოთეკარების დისკუსია ქალთა უფლებებზე
პროფესიული სტუდენტები საბაჟო პროცედურებს და სასაწყობე-სადისტრიბუციო ოპერაციებს გაეცნენ
ახალი სასწავლო წელი, ახალი პროგრამები.
ცხადდება მიღება პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი საერთაშორისო კვირეულზე
სტუდენტური პროექტები წარმატებით განხორციელდა
სტუდენტურ პროექტებზე განაცხადების მიღება გრძელდება!
2024 წელს თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები
ALUMNI
თათია ყურაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. თათია ამჟამად „კრედო ბანკის“ გუნდის წევრია. პროფესიული პროგრამა „საფინანსო სერვისები“ (ქუთაისი) მისთვის ახალი პროფესიის შეძენასთან ერთად კარიერული წინსვლის შასაძლებლობა აღმოჩნდა.
„პროფესიული პროგრამა დამეხმარა გავმხდარიყავი „კრედო ბანკის“ გუნდის წევრი. სწავლის პერიოდში მიღებულ ცოდნას, წარმატებით ვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში“,-განაცხადა თათია ყურაშვილმა.
მაკო ალავიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. ის საერთაშორისო გადამზიდ კომპანიაში „ინექს გრუპი“ საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე მუშაობს.
მაკო ალავიძე წარმატებულ დასაქმებას პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) სწავლისას მიღებულ ცოდნას უკავშირებს. „გავიარე „საბაჟო საქმის“პროფესიული პროგრამა. ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლო კურსით, რადგან მივიღე ის ცოდნა და უნარები, რაც დამეხმარა დავსაქმებულიყავი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ გადამზიდ კომპანიაში“,-განაცხადა მაკომ.
თეკლე კვირიაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ შესახებ ერთ-ერთი კურსდამთავრებულისგან შეიტყო და გადაწყვიტა ახალ პროფესიას თავადაც დაუფლებოდა. პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას დღეს უკვე ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს.
„პროგრამის შესახებ შევიტყვე „ღონისძიების ორგანიზების“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულისგან, რის შემდეგაც გადავწყვიტე მეტი გამეგო ამ სფეროს შესახებ. პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას ყოველდღიურად ვიყენებ საკუთარ საქმიანობაში, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მეხმარება თიმბილდინგებისა და კორპორატიული საღამოების დაგეგმვაში“,-განაცხადა თეკლემ.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებული ახალი პროფესიის შესწავლას ერთი წლის მერეც დადებითად აფასებს. როგორც თეკლემ აღნიშნა, „მიხარია, რომ გამოვიყენე შესაძლებლობა, რომელიც თსუ-მ მომცა. არაჩვეულებრივი კურსელებისა და ლექტორების წყალობით გავატარე შესანიშნავი ერთი წელი და მივიღე დიდი ცოდნა და გამოცდილება მათთან ერთად“.
ნათია მანაგაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. სკოლამდელი აღზრდის პროფესიულმა პროგრამამ მას საშუალება მისცა მშობლიურ ქალაქში სასურველ პროფესიას დაუფლებოდა.
ნათია რამდენიმე წელია ქუთაისის მე-12 საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელად მუშაობს. პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა მას ეხმარება წარმატებით გაუძღვეს პატარებთან მუშაობას და ყოველდღიურ ურთიერთობას. „სკოლამდელი აღზრდის პროგრამამ საშუალება მომცა მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში მუშაობა დამეწყო მე-12 ბაგა-ბაღში. პროგრამა ძალიან დამეხმარა რომ ჩემს პატარებთან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარვმართო წარმატებულად და ძალიან კარგად“,-აღნიშნა ნათია მანაგაძემ.
ქეთევან ხაჭაპურიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. ის გამოცდილი მებაჟე-ოფიცერია და ამჟამად ქუთაისში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მასწავლებელიცაა.
საბაჟო საქმის პროფესიულ პროგრამას მას შემდეგ მიმართა, რაც მებაჟე-ოფიცრის საქმიანობასთან შეხება ქონდა. „რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გავდიოდი სტაჟირებას, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა მიმეღო“,-აღნიშნა ქეთევან ხაჭაპურიძემ. ის არჩევანში არ შემცდარა. როგორც ამბობს, პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) ჩარიცხვის შემდეგ ადგილზე დახვდა საუკეთესო სასწავლო გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები, გამოცდილი კადრები, რომლებიც დაუზოგავად უზიარებენ სტუდენტებს ცოდნას და გამოცდილებას.
„დღესდღეობით კი მე თავად გახლავართ ამ ცენტრის ერთ-ერთი მასწავლებელი და უკვე ჩემ ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებ სტუდენტებს“,-განაცხადა ქეთევან ხაჭაპურიძემ.
ნია ავალიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. „საფინანსო სერვისების“ (ქუთაისი) პროფესიულ პროგრამაზე სწავლა მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმების თაობაზე შეთავაზება „კრედო ბანკიდან“ მიიღო, სადაც პრაქტიკულ სწავლებას გადიოდა.
„საფინანსო სერვისების“ პროფესიულ პროგრამაზე სწავლამ მომცა შესაძლებლობა, აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გამოვიყენო მის პარტნიორ „კრედო ბანკში“, სადაც უკვე ერთი წელია ვმუშაობ“,-განაცხადა ნია ავალიანმა.
მაგდა კურტანიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. მედიცინის სფეროში 13 წლიანი წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა. მისი არჩევანი პროფესიული პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ აღმოჩნდა. „თსუ-ში სწავლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია, რადგან, იყო თსუელი ნიშნავს იყო პროფესიონალი“, აღნიშნავს მაგდა კურტანიძე.
ამჟამად მაგდა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ეს მისი საყვარელი საქმეა. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებულ ცოდნას კი მომავალ საქმიანობას დაუკავშირებს. „მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია ვმუშაობ მედიცინის სფეროში და ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმეა, ყოველთვის ვფიქრობ თვითგანვითარებაზე. გადავწყვიტე შემესწავლა ღონისძიების ორგანიზატორის პროფესია. პროგრამის დასრულების შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ მივიღე ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში“,-განაცხადა მან.
თამთა ნაბორაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. „საოფისე საქმე“ მისთვის პირველი პროფესია არ არის, თუმცა აკადემიური განათლების მიღების შემდეგ სწორედ პროფესიული პროგრამა გახდა მისთვის ალმა მატერში დაბრუნების და წარმატებული კარიერის საფუძველი.
„პროფესიული მიღება გადავწყვიტე მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მქონდა და თსუ არ წარმოადგენდა ჩემთვის უცხო გარემოს. პროფესიული განათლების ცენტრში დამხვდა უძლიერესი გუნდი, რომლის ამოსავალი წერტილი იყო მაქსიმალური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის. პროგრამის გავლის შემდეგ შემომთავაზეს სტაჟირება თსუ ცენტრალურ კანცელარიაში, რაც დიდი სიამოვნებით მივიღე და დღეს ვარ დასაქმებული თსუ ცენტრალურ კანცელარიაში საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტად. მიხარია, რომ პროფესიული განათლების ცენტრმა მომცა საშუალება კვლავ დავბრუნებულიყავი ჩემს უნივერსიტეტში, ჩემს ალმა-მატერში“,-განაცხადა თამთა ნაბორაშვილმა.
„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში“,-ამბობს თამთა ბასილაძე. ის ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელია. თამთა ბასილაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) 2022 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიული პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ სწავლისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება თამთას ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. პროფესიული განათლების მიღების გადაწყვეტილებით დღესაც კმაყოფილია და სხვებსაც ურჩევს - „ამჟამად ვმუშაობ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში, სადაც რეგულარულად ვახორციელებთ ღონისძიებებს, ვაორგანიზებთ, მხარს ვუჭერთ ან ფინანსურად ვუზრუნევლყოფთ მათ. შესაბამისად, ჩართული ვარ ღონისძიების ორგანიზების სხვადასხვა კომპონენტში. ვინც ამ სფეროთი არის დაინტერესებული, ვურჩევ არ დაკარგოს დრო და მიიღოს პროფესიული განათლება“.
სალომე მუსელიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. სალომე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „გლოუ (გოგონები მსოფლიოს ლიდერები) საქართველოს“ გუნდის წევრია, სადაც პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს.
სალომემ პროფესიული განათლების მიღება უცებ გადაწყვიტა, რაც ღონისძიებების ორგანიზებაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების და ამ მიმართულებით განვითარების სურვილმა განაპირობა. „მოულოდნელად გამოჩენილი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. სწორედ ასე, თსუ-ში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ბოლო წელს, პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრში პროფესიული ცოდნის მიღებაც გადავწყვიტე. ნამდვილად არ შევმცდარვარ არჩევანის გაკეთებისას. აქ დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც არც დროს და არც რესურსს იშურებდნენ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მოეწოდებინათ. განსაკუთრებით საინტერესო მათი პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილებიდან ისტორიების მოსმენა იყო“, - განაცხადა სალომე მუსელიანმა.
პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მისთვის სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა. მისივე სიტყვებით, „ღონისძიებების ორგანიზება და ამ მიმართულებით მენეჯმენტი ჩემი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნა-გამოცდილება კი ძალიან მეხმარება არამარტო პროფესიულ, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაშიც“.
სალომე მუსელიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში, აშშ საელჩოსთან თანამშრომლობით, გოგონების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის ახორციელებს ბანაკებს, კონფერენციებსა და პროექტებს, რათა ისინი გახდნენ საკუთარი თემის უფლებამოსილი და ინფორმირებული ლიდერები. ასევე თითქმის ერთი წელია დასაქმებულია „თიბისი ბანკში“, ბიზნეს მხარდაჭერის გუნდში, სადაც ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებებსა და კამპანიებს გეგმავს. ამ საქმიანობასთან ერთად სალომე კვლავ აქტიურად მუშაობს ივენთ/პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიულ განვაითარებაზე.
List of training programs
Browse Programs