საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეათე შეხვედრა

2021 წლის 16 ივლისს გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეათე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში. შეხვედრის მთავარი თემები იყო თემატური ჯგუფის საქმიანობის შეჯამება და ანალიზი, მისი სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების დასახვა და ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა. თითოეული დამსწრე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა თავიანთი გამოცდილება - თუ როგორ მოარგეს ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმები ელექტორონულ სწავლებას.

 

ამავე შეხვერაზე პროფ. ირმა გრძელიძემ, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემატური ჯგუფის წევრებს გააცნო ერაზმუს+-ის პროექტი - „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში” (SQUARE). პროფ. ნინო ოკრიბელაშვილმა, თსუ ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით, კი ისაუბრა ერაზმუსის კიდევ ერთი პროექტის, ,,საქართველოს უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა (HERD)” შესახებ.

 

 

 

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეცხრე შეხვედრა

2021 წლის 24 ივნისს გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეცხრე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის  30 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. შეხვედრას ასევე დაესწრო ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

 

შეხვედრის მიზანი იყო კლასტერული აკრედიტაციის პილოტირების საკითხის განხილვა. პილოტირება განხორიელდა სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თითოეული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორი იყო კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, როგორ წარიმართა კლასტერული აკრედიტაცია და რა გამოწვევები და ძლიერი მხარეები დაინახეს აღნიშნული პროცესის შეფასების შემდეგ.  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმაც შეაჯამა კლასტერული აკრედიტაციის პილოტირების პროცესი და თემატური ჯგუფის წევრებს გაუზიარა ცენტრის ხედვა აღნიშნულ პროცესთან დავაშირებით.

 

შეხვედრის შედეგად მომზადდა და ცენტრში გაიგზავნა თემატური ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების უკუკავშირი კლასტერულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

 

   

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მერვე შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მერვე სამუშაო შეხვედრა 2021 წლის 9 თებერვალს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის  40 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

შეხვედრის მიზანი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) მიერ უნივერსიტეტებისთვის განსახილველად გადმოგზავნილი კლასტერული აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შესახებ მსჯელობა და ცენტრისთვის უკუკავშირის მომზადება.

 

შეხვედრის შედეგად მომზადდა და ცენტრში გაიგზავნა თემატური ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების უკუკავშირი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

 

 

ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეშვიდე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 16 დეკემბერს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის  46 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

შეხვედრის მიზანი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) მიერ უნივერსიტეტებისთვის განსახილველად გადმოგზავნილი დოკუმენტის შესახებ მსჯელობა, რომელიც შეეხებოდა აკრედიტაციის დებულებაში შესატან ცვლილებებს.  შეხვედრის შედეგად მომზადდა და ცენტრში გაიგზავნა თემატური ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების უკუკავშირი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეექვსე შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეექვსე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 16 ოქტომბერს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის  34 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი ლაშა მარგიშვილი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, ბაბეშ-ბოიოის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ანკა გრისი და დამოუკიდებელი კონსულტანტი ფიონა ქროზიერი (საერთაშორისო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო).

 

შეხვედრის მიზანი იყო პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების მიერ ონლაინ სწავლების განხორციელების სირთულეების, აკრედიტაციის ვადებისა და მინისტრის მესამე ბრძანებაში საჭირო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეხუთე შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეხუთე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 22 სექტემბერს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის 50 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

შეხვედრის მიზანი იყო განათლების გარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ანგარიშის სამუშაო ვერსიის განხილვა. შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა ძირითადი შეკითხვები და შენიშვნები აღნიშნულ ანგარიშთან მიმართებით და მიეწოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეოთხე შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეოთხე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 19 მაისს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის 65 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლაშა მარგიშვილმა, ესტონეთის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლია ლაურიმ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტმა, ბაბეშ-ბოიოის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ანკა გრისმა.

 

შეხვედრის მიზანი იყო კლასტერული აკრედიტაციის თემის განხილვა. ბატონმა ლაშა მარგიშვილმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვა კლასტერული აკრედიტაციის შესახებ, უცხოელმა კოლეგებმა კი გაგვაცნეს თუ რა გამოცდილება არსებობს ევროპულ ქვეყნებში ამ მხრივ, რა გზა გაიარეს პროგრამების შეფასების მხრივ ENQA-ს წევრმა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა (იხ. პრეზენტაცია) და რა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები შეიძლება ქონდეს კლასტერული აკრედიტაციის ცალკეულ ფორმას (იხ. პრეზენტაცია). 

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ თემატური ჯგუფი შეაფასებს აკრედიტაციის პროცესს და ასევე, შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას კლასტერული აკრედიტაციის თემაზე.  მიღებული შედეგების საფუძველზე, მოამზადებს რეკომედნაციებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მესამე შეხვედრა: ელექტრონული სწავლების გამოწვევები და პერსპექტივები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მესამე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 15 აპრილს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 40 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა. მათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს სირთულეების გადაჭრის ერთობლივი გზები. ასევე მოხდა ცალკეული დარგების გარშემო უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფების ჩამოყალიბება თემის სიღრმისეულად განხილვის მიზნით.

 

თემატური ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შეფასების სისტემის და მისი შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, პრაქტიკისა და კვლევის განხორციელების სირთულეებზე, მედიცინის, სახელოვნებო და საზღვაოსნო მიმართულებების პროგრამების ელექტრონულ რეჟიმში განხორციელების სპეციფიურ სირთულეებზე, ელექტრონული სწავლებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით და ელექტრონული სწავლების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნაზე.

  
აღნიშნულ შეხვედრამდე მომზადდა კითხვარი ელექტრონული სწავლების შესახებ, რამაც საშუალება მისცა თემატური ჯგუფის წევრებს დაენახათ, თუ რა მდგომარეობაა უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების მიმართულებით (იხ. პრეზენტაცია). შეხვედრისას მოხდა აღნიშნული კითხვარის შედეგების გაზიარება. შეხვედრის შემდეგ კი თემატური ჯგუფების წარმომადგენლებმა სხვადასხვა უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შესახებ შექმნილი დოკუმენტაცია გაუზიარეს ერთმანეთს, ასევე, დაგეგმეს სამომავლო კვლევები (იხ. სიახლეებში).

 

კონსულტაციები ონლაინ სწავლების საჭიროებებთან დაკავშირებით

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მესამე შეხვედრა 2020 წლის მარტის თვეში იყო დაგეგმილი თბილისის სახლმწიფო კონსერვატორიაში, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო იძულებულები გავხდით შეხვედრა გადაგვედო. შეხვედრის ნაცვლად, გავმართეთ კონსულტაცია იმეილების მეშვეობით ონლაინ სწავლების საჭიროებებთან დაკავშირებით. თემატური ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს თუ რა სირთულეები შეიქმნა მათ უნივერსიტეტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და რა საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ იმსჯელეს თუ რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა უმაღლესი განათლების სისტემა იმისათვის რომ სრულფასოვნად განხორციელებულიყო დისტანციური სწავლება.

 

აღნიშნული კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაცია შეიკრიბა და გადაეგზავნა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. კონსულტაციებისას ასევე შევჯერდით, რომ 2020-2021 წლებში თემატურ ჯგუფს თავმჯდომარეობას გაუწევს დოქტორი ირმა გრძელიძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან დაზუსტდა თემატური ჯგუფის წევრების სია.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა

2020 წლის 7 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტ სეუ-ში გაიმართა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები (იხ. დღის წესრიგი).

 

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში (იხ. პრეზენტაცია), ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის დანართისა და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშების განხილვა, სტუდენტთა კმაყოფილების კითხვარები (იხ. პრეზენტაცია) და სხვა.

 

მსჯელობის შედეგად ხარისხის უზრუნველყოფის თემატურმა ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი და გაუგზავნა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (იხ. წერილი). რეკომენდაციების დიდი წილი  გათვალისწინებულია ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის დანართების წარდგენის პროცესში (იხ. სეუ-ს სიახლეებში).

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 19 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა (იხ. დღის წესრიგი). 

 

შეხვედრას 32 სახელმწიფო და კერძო (მათ შორის რეგიონალური) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მუშაობის ფორმატზე, პრინციპებსა და განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ. აღნიშნული თემატური ჯგუფი 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე დაფუძნდა (იხ. სიახლეებში).