თსუ მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავს. ილია ვეკუა (1907-1977) მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ორჯერ 1953 წლის ივლისიდან სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მეცნიერის მრავალმხრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, კერძოდ: ილია ვეკუას ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების, კოლეგების, პროფესორ-მასწავლებლების ფოტოებს, მეცნიერის პირად მემორიალურ ნივთებს, სამეცნიერო ნაშრომებს, სახელმძღვანელოებს და პუბლიკაციებს.
თარიღი:
16/08/2007