ნინო კაკულია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს, ახალი ინიციატივის განხორციელების შემდეგ ყველა ფაკულტეტის სტუდენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ფაკულტეტის სტუდენტს საშუალება ექნება მიმართოს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს, რათა მათი ფსიქიკური პრობლემა იდენტიფიცირდეს. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც სუიციდისაკენ მიდრეკილება და შფოთი ახალგაზრდებში იზრდება, ამ ინიციატივის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უნივერსიტეტის მხრიდან. პროექტის დასრულების შემდეგ კი, რესურსების მობილიზებისა და კვალიფიციური კადრის გადამზადების შედეგად, ცენტრი ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევს თსუ-ის ყველა სტუდენტს.
„ცენტრის მიზანია ჩივილით მოსული სტუდენტის მენტალური მდგომარეობის პირველადი შეფასება, მისი ინდივიდუალური ფსიქოკონსულტაცია ან კრიზისულ ვითარებაში პირველადი დახმარება, ასევე ჯგუფური კონსულტირება, სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან — ფსიქიატრთან თუ ფსიქოთერაპევტთან“, — აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ.
შესაბამისად, ეს პროექტი, ერთი მხრივ, დაეხმარება სტუდენტებს საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში და, ასევე, საზოგადოებასა და ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ცენტრი კარგი ბაზა იქნება მომავალი სპეციალისტების ტრენინგისა და პროფესიული ზრდისთვის.
სტუდენტთა 96%-ის ფსიქოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება — ეს არის სავალალო სურათი, რაც კვლევამ გამოკვეთა.
თსუ-ის პროფესორის თამარ გაგოშიძის თქმით, საქართველოს უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში სტუდენტების ძირითად ნაწილს ვერ აკმაყოფილებენ არსებული ფსიქოლოგები თუ ფსიქოთერაპევტები, რაც განპირობებულია იმითაც, რომ საქართველოში არ არის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრები საკმარისი რაოდენობით.
საქართველოს უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნის ინიციატივა კი, რომელიც ერაზმუს პლუსის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ უნივერსიტეტებში გაივლიან ფსიქოლოგებთან კონსულტაციას.