ფსიქოლოგებისთვის თუკი ადრე ფოკუს-ჯგუფების შექმნა და ექსპერიმენტირება იყო საჭირო საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაანალიზებლად, რათა შემდგომში ადეკვატური რჩევები და რეკომენდაციები მიეცათ მოსახლეობისთვის, ახლა ადამიანების განწყობები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხელის გულზე დევს. სოციალური ქსელების საშუალებით ფსიქოლოგები უკვე მარტივად იკვლევენ — ვის რა უჭირს? რა პრობლემები იკვეთება? რა ქცევას მიმართავენ ადამიანები სტრესულ ვითარებაში და რაზე ჩივიან? — ამ გზითაც იკვლევს ამჟამად ფსიქოლოგიური ლაბორატორია „Z“ საზოგადოებაზე პანდემიის გავლენას. „სოციალურ ქსელში გამოხატული ადამიანების ქცევა უკვე მარტივად აღირიცხება — ზედმეტი აქტიურობა ან სრული პასიურობა, უძილობა, იუმორი დილის 5 საათზე და ა.შ. — ყველა მათგანი ქცევაა და ძალიან საინტერესო მასალაა ხელის გულზე გადაშლილი“, — ამბობენ ფსიქოლოგები. მოკლედ, რამდენად გამწვავდა საზოგადოებაში ფსიქოლოგიური პრობლემები და როგორ დავიცვათ ჩვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა? — ამ თემაზე გვესაუბრებიან ლაბორატორია „Z“-ს დამფუძნებელი ფსიქოლოგები მარიამ კვარაცხელია და ზურა მხეიძე (თსუ-ის პროფესორი).
„მთავარი ფაქტორი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას თან ახლავს, გაურკვევლობის შეგრძნებაა. ადამიანებმა არ იციან — რა ქცევას მიმართონ, შედეგად ყალიბდება ნევროტული მდგომარეობა. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. საზოგადოებაზე ცალსახად ნეგატიურ გავლენას ახდენს პანდემიის შესახებ ჭარბად მიღებული ინფორმაცია, რომელიც ე.წ. საბრძოლო მდგომარეობას აღძრავს, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი ენერგიის მობილიზებას და ამიტომაც არის საზოგადოებაში უძილობის პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილი — ეს შემიძლია გითხრათ წინასწარ მიმდინარე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით“, — ამბობს ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია.
კითხვაზე — რამდენად შესაძლებელია, რომ ეპიდემიამ საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ბევრად მეტი ზიანი მოუტანოს? ფსიქოლოგი ზურა მხეიძე გვპასუხობს: „მუდმივად სტრესული მდგომარეობა და შფოთვა ავტომატურად იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციური დაავადებების მიმართ. ერთის მხრივ, არის ვირუსი, რომელიც ასე თუ ისე მაინც ლოკალიზებულია და თუ სახლში იქნებით და ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, ვირუსს აიცილებთ და, მეორეს მხრივ, არის ინფორმაცია ვირუსის შესახებ, რომელსაც ყოველ დღე ღებულობთ ტელეეკრანებიდან. ის ცენტრალურ ადგილს იკავებს თქვენს აზროვნებაში და შესაბამისად, დესტრუქციულად მოქმედებს“.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მედიიდან მუდმივ რეჟიმში პანდემიის შესახებ მოწოდებული სიახლეები ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე. მაშ, სად გადის ზღვარი, ამ შემთხვევაში, ზომიერებასა და საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას შორის? — ამ კითხვაზე ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს ასეთი რეკომენდაცია აქვს: „მედიას ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ რამდენიმე პრინციპის გამო: ჟურნალისტები ნახვისა და გაყიდვების კონტექსტში მუშაობენ. რაც მეტმა წაიკითხა და ნახა, ჟურნალისტისთვის უფრო კარგია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნეგატიური და საშიში ინფორმაციები უფრო ნახვადი და გაყიდვადია. ჟურნალისტის ფორმულაა — ცუდი ამბავი მისთვის კარგია. სიამაყით კი ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ მოვალეობას ვასრულებთო, მაგრამ მოვალეობას კი არ ასრულებენ, გაყიდვაზე მუშაობენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თვითონ ადამიანებმა ინფორმაციისგან დაიცვან თავი ისევე, როგორც ვირუსისგან იცავენ. მთავარია, ინფორმაცია არ მიიღონ ჭარბად. გასაგებია, რომ ვირუსის გავრცელების მიმართ ყველას დიდი ინტერესი გვაქვს, მაგრამ საკმარისია დღეში ორჯერ ინფორმაციის მიღება და არ არის საჭირო ყოველწუთიერ რეჟიმში ვისმინოთ. ასევე, არ არის საჭირო ერთი და იგივე სიახლის ყველა არხზე მოსმენა. საკმარისია ამოარჩიო ერთი-ორი და სიახლეები ამ ტელეარხისგან მიიღო“.
ყველაზე მეტად რა იწვევს ადამიანებში შფოთვის მატებას? — როგორც ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია ამბობს, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადამიანები ძალიან განსხვავებულ საშუალებებს მიმართავენ შფოთვის შესამსუბუქებლად, პასუხები ასეთია: „თუ საკმარისი მარაგი მექნებოდა, არ ვინერვიულებდი“, „რომ ვიცოდე, როდის დამთავრდება პანდემია, ბევრად მშვიდად ვიქნებოდი“, — შემამსუბუქებელი ცვლადები ადამიანების მატერიალური შესაძლებლობის მდგომარეობის მიხედვით მერყეობს. ბევრს ჰქონდა მედიიდან პოზიტიური ინფორმაციის მიღების მოთხოვნა და თხოვნა – სიახლეების ნაკლები სიმძაფრით გაჟღერების თაობაზე. შიშის საფუძველიც განსხვავებულია სოციალური ჯგუფების მიხედვით. მატერიალურად შეძლებულ ადამიანებს მეტი აქცენტი გადატანილი აქვთ ჯანმრთელობაზე, რადგან გარკვეული მარაგი აქვთ. ვისაც უფრო მეტად ეხება ეკონომიკური კრიზისი, მას საკვების შეძენის პრობლემა უძლიერებს შიშს. მსგავსი ფაქტორების მიხედვით ვარირებს ეს პრობლემატიკა სხვადასხვა ჯგუფებში“.
რა გზით შეიძლება „მოერიონ“ ადამიანები საკუთარ თავს გაძლიერებული შფოთვის დროს? — კითხვას ფსიქოლოგი ზურა მხეიძე პასუხობს: „აუცილებელია, ყოველი დღე დავგეგმოთ. ყველაფრის დაგეგმვა შეიძლება არაფრის კეთების დროსაც კი... მაგალითად, დაგეგმეთ, რომ უყუროთ კომედიას ოჯახთან ერთად და ეს აუცილებლად გააკეთეთ, დროს გაიყვანთ ისე, როგორც თქვენ გსურთ და შედეგად აუცილებლად მიიღებთ უკუეფექტს. ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ სახლში ბევრი რამის გაკეთება სურს, მაგრამ დრო არ აქვს... ახლა დრო საკმარისია, ამიტომ მთელი ეს დრო შეიძლება გამოიყენონ ყველა იმ საქმისთვის, რისთვისაც აქამდე დრო არ რჩებოდათ — წიგნის კითხვისთვის, ფილმის ყურებისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის... თუ ყოველ დღეს პროდუქტიულად გამოვიყენებთ, შფოთვაც აღარ იქნება“.
აზიანებს თუ არა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქსელში გავრცელებული ესა თუ ის პოსტი და არსებობს თუ არა მათთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური თვითდახმარების ბერკეტი? — ასეთია ჩვენი შეკითხვა, რომელზეც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე გვპასუხობს: „ადამიანი, როდესაც მას აქვს შფოთვა, სხვისთვის საკუთარი ემოციების გაზიარებით შფოთვის ხარისხს ამცირებს. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც, რომ შფოთვა შეიძლება გადამდები გახდეს. პანიკის მექანიზმი პრინციპში ასე მუშაობს, თუ არ გვექნება ე.წ. ფილტრი, რომელიც ნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაცია აღვიქვათ ინტერპრეტაციით, ანუ გავაანალიზო — რამდენად გააზვიადა მოწოდებული ინფორმაცია ამ ადამიანმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი გახდება. საერთოდ, ადამიანებს აქვთ ინფორმაციის მიმართ შიდა განწყობა, უფრო მეტი მიმღებლობა აქვს იმ სიახლეების მიმართ, რომელიც მისთვის მისაღებია. მაგალითად, ორი ინფორმაცია რომ გავავრცელოთ – 1. კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია და აზვიადებენ, ხალხს აგიჟებენ. 2. კორონავირუსი ძალიან საშიში ვირუსია და ეკონომიკური მდგომარეობა რთულია. — ორივე ამ ამბავს თავისი მიმღები ეყოლება, რომელიც თავისი პოზიციის გასამტკიცებლად არგუმენტებს იპოვის“.
ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია კი თვლის, რომ არ იქნება სწორი, ამ სიტუაციაში ადამიანებს თავშეკავებისკენ მოვუწოდოთ: „მაშინ, ჩვენ ხელოვნურად უნდა დავბლოკოთ ემოციები. ამიტომ ვთვლი, ყველა პოსტი, თუ ის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა, კარგია და თერაპიული ეფექტი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა სტრესში იმყოფება“, — ამბობს ფსიქოლოგი.
კონკრეტულად, რა საკითხებია დღეს ყველაზე აქტუალური კვლევისთვის? — როგორც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე აცხადებს, ყველაფერი აქტუალურია, მათ შორის: როგორ შუქდება პანდემია სხვადასხვა ქვეყნის მედიის საშუალებით, ადამიანების ერთ სივრცეში დიდხანს ჩაკეტვა და ა.შ. „ჩინეთზე წავიკითხე და არ გამოვრიცხავ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების გაუარესების ფაქტების ზრდასაც, განსაკუთრებით, თუ მათ არ აქვთ პირადი სივრცე. როგორც ვირუსის გავრცელებას ელოდებოდნენ, დაახლოებით, 4-დან 8 კვირის ფარგლებში, დაახლოებით იმავე დროის განმავლობაშია მოსალოდნელი ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების გართულება“, — ამბობს ფსიქოლოგი.
როგორ შეიცვლება საზოგადოება პანდემიის შემდეგ? — ამ კითხვაზეც ფსიქოლოგებს სხვადასხვა პასუხი აქვთ. მარიამ კვარაცხელია თვლის, რომ უსაფრთხოების თემა წამოიწევს წინ, რადგან, საბოლოო ჯამში, მსოფლიო მიხვდა, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე დგას. ზურა მხეიძის პასუხი კი ასეთია: „ღირებულებით ნაწილში, შეიძლება, რაღაც ცვლილებები მოხდეს, მაგალითად, ჰიგიენური ჩვევები დარჩება გაორმაგებულად და ეს ისედაც კარგია. ქცევის ჩვევად ჩამოსაყალიბებლად, დაახლოებით, 64-68 ზედიზედ გამეორებაა საჭირო და ახლა ზუსტად ეგ პერიოდია. ვფიქრობ, მისალმებაც უფრო კორექტული გახდება. კრიზისიც დროს გარკვეული ხედვები და დამოკიდებულება იცვლება. დავაკვირდეთ სხვადასხვა ქვეყნები რას აკეთებენ. აღმოაჩინეს, რომ სასუნთქი აპარატების დეფიციტი იყო და დაიწყეს წარმოება, ანუ ქვეყნები ისეთ რესურსსაც შეიძენენ, რომ მომავალში მსგავს სიტუაციაში ნაკლები პრობლემები შეხვდეთ. საქართველოში ეკონომიკაზე თქვეს, რომ ძირითად აქცენტს ტურიზმზე აღარ გააკეთებენ, რადგან ტურიზმი ძალიან დაზარალდება. ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, ინტენსიური მიმოსვლა არ იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, განვითარდება შიდა ტურიზმი“.
სტატია მოამზადა ნატო ობოლაძემ