ნატო ობოლაძე
სტუდენტური უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართეთ თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას! — ასე სთავაზობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას წარმოქნილი პრობლემების მოგვარებას.
„სტუდენტური თვითმმართველობის უშუალო მოვალეობაა სტუდენტების უფლებების დაცვა. ჩვენ პანდემიის დაწყებისთანავე როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე, სტუდენტებსაც დისტანციური სწავლებისას წარმოქნილი ამა თუ იმ პრობლემური საკითხის მოგვარებაში ვეხმარებოდით. ვგულისხმობ როგორც სოციალური ქსელების საშუალებით ხანდაზმული პროფესურის სტუდენტებთან კომუნიკაციის ხელშეწყობას, ასევე, სტუდენტების კოორდინირებას დისტანციურ სასწავლო პროცესთან ადაპტირების მიზნით. ხშირად სტუდენტები გვატყობინებენ საგამოცდო პერიოდში ელექტროენერგიისა ან ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ამ შემთხვევაშიც მათ ვაკავშირებთ საფაკულტეტო ადმინისტრაციასთან და გადამოწმების შემდეგ ინიშნება გამოცდის ახალი თარიღი“, — აღნიშნავს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ალექსანდრე გაბაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შეუძლიათ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო წარმომადგენლობას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართონ.
„თითოეული ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებთან მუდმივ კავშირზე ვართ. გარდა ამისა, სტუდენტების უფლებებს ვიცავთ საფაკულტეტო საბჭოებში, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს სტუდენტების თვალით დანახულ ფაკულტეტზე არსებულ სიტუაციას ვაცნობთ. ჩვენი წევრები აქტიურად მონაწილეობენ სენატშიც, სადაც სხვადასხვა აქტუალურ საკითზე ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ“, — აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.