თამარ დადიანი
დამოუკიდებლობას, ფეხზე მყარად დგომას, მოყვასის სიყვარულს და სირთულეების გადალახვას ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ. ფიქრობს, რომ ბავშობისდოინდელმა სამყარომ, სივრცემ, გარემომ დიდწილად განსაზღვრა მისი დღევანდელი მსოფლმხედველობა და, ზოგადად, გარესამყაროს და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. „ყოველდღიურად ვიზრდები, ვგრძნობ, როგორ ვიცვლები, ჩემი ხედვაც იცვლება, მაგრამ ფუნდამენტი, რომელზეც ვდგავარ, რწმენით, სიძლიერითა და სიყვარულით არის ნაშენები“, — აცხადებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ჩანადირი.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და პანდემიის გამო შექმნილმა სიტუაციამ, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებამ სალომეს შესაძლებლობა მისცა უფრო მეტ სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას გასცნობოდა, რამდენიმე სასწავლო კურსის მსმენელიც გამხდარიყო, სამ სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაშიც მიეღო მონაწილეობა და მიმდინარე სემესტრის შედეგებით სტიპენდიაც აეღო. თანატოლების დამოკიდებულება — რომ პანდემია ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებას, სალომეს შემთხვევაში ნამდვილად უსაფუძვლოა.
სკანდინავისტიკის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელება ერთ-ერთმა პროფესორმა ურჩია და ამ გამოწვევასაც ღირსეულად იღებს: „ვფიქრობ, სკანდინავისტიკის მიმართულებაზე სწავლა ჩემს თვალსაწიერს გააფართოებს, ბევრ ახალსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას, ცოდნას შევიძენ“, — ამბობს სალომე, რომელსაც მიაჩნია, რომ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაგროვილი ცოდნა საზოგადოებისათვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. „აქ ისეთი ცოდნაა თავმოყრილი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება „გამომზეურება“. ეს მეცნიერებაა და არ უნდა იყოს საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი!“ — აცხადებს სალომე, ვისთვისაც თვითგანვითარებაზე მუშაობაა წარმატების გასაღები. თუ როგორ აპირებს მწვერვალების დაპყრობას და წარმატების მიღწევას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ჩანადირი, ამის შესახებ კითხვებს გულწრფელად პასუხობს...
— რა მნიშვნელობას ანიჭებ საკუთარ ბავშვობას დღეს?
— ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება. ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ – ბავშვობაშიც და ახლაც – და ბევრი ისეთი სირთულის გადალახვაში დამეხმარნენ, რომელთან მარტო გამკლავებაც მაშინ ძალიან გამიჭირდებოდა. მიბიძგეს, რომ დამოუკიდებელი პიროვნება ვყოფილიყავი, დამანახეს, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, რომ მონდომებით და საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფრის გადალახვა და მიღწევა შეიძლება. მინდა, ამ რწმენის ყველას სჯეროდეს და სულ ვცდილობ, ეს ღირებულებები სხვასაც გადავცე (შორეული იქნება თუ ახლობელი). ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს...
ვფიქრობ, რომ ბავშვობიდანვე შექმნილმა სივრცემ დიდწილად განსაზღვრა ჩემი დღევანდელი ხედვა და, ზოგადად, გარესამყაროს და საკუთარი თავის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მართალია, ახლაც ვგრძნობ, როგორ ვიცვლები, ჩემი ხედვაც იცვლება, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ რაღაც პოზიტიურ ფუნდამენტს, რომელზეც ყველა ჩემი „აგურია“ დაშენებული. ამ რწმენისთვის, სიძლიერისთვის ყველას მადლობას ვუხდი!
— რამ განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი?
— სკოლა ისე დავამთავრე, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მქონდა, რეალურად რა მიმართულებით ვისურვებდი განვითარებას. უფრო ფილოლოგიის ან ფსიქოლოგიის მხარეს ვიხრებოდი. თუმცა ძალიან ვყოყმანობდი. როცა თსუ-ში ჩავირიცხე, გადავწყვიტე ერთი სემესტრი დავკვირვებოდი და შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლიდი, თავისუფალ უნივერსიტეტში გადამეტანა საბუთები „მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე“. ვფიქრობდი, რომ იქ ბევრ განსხვავებულ სფეროსთან შეხება საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებოდა, მაგრამ იმდენად დავინტერესდი ქართული ფილოლოგიით, რომ თსუ-ში დარჩენა გადავწყვიტე. მეორე კურსიდან მაინორ პროგრამად ფსიქოლოგიაც ავირჩიე. ახლა, მალე ბაკალავრიატს ვამთავრებ და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, სწავლის გაგრძელება რომ თსუ-ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადავწყვიტე.
ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჩემს შრომის ნაყოფიერებაზე დადებითად აისახა. მეტი დრო მრჩებოდა დამატებითი ლიტერატურის გასაცნობად, ჩვენს ელექტრონული სწავლების პორტალზე რამდენიმე დამატებით კურსზე გავწევრიანდი და აქაც დამოუკიდებლად ვსწავლობდი. ჩვეულებრივ სასწავლო რეჟიმში ნაკლებად ვახერხებდი უნივერსიტეტში სხვადასხვა აქტივობებით დაკავებას. მეორე კურსზე მონაწილეობა მივიღე „ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლაში“ და სულ ეს იყო... წინა სემესტრში კი კიდევ სამ კონფერენციაზე მოვახერხე მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ეს ჩემს გამოცდილებაზე და აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახა. ახლა სტიპენდიაც ავიღე წინა სემესტრის შედეგებით. ძალიან გახარებული ვარ...
ამ სემესტრში მუშაობის დაწყებაც შევძელი „ქოფირაითერად“: ერთ-ერთი ფართო კომპანიის ტექსტუალური რედაქტორი ვარ. ისიც მახარებს, რომ ბაკალავრიატის მანძილზე შეძენილ ცოდნას აქტიურად ვიყენებ. მეორე მხრივ, როგორც მარკეტინგის სფერო, დიდი სიახლე და გამოწვევაა ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტისთვის. ყოველდღიურად ბევრ ახალს ვსწავლობ და ვცდილობ, რომ ამ სფეროშიც წარმატებული ვიყო.
— მომავალ პროფესიად სკანდინავიური ენების ცოდნა აირჩიე, რამ გადაგაწყვეტინა არჩევანი ამ ენაზე შეგეჩერებინა?
— ჯერ კიდევ გასულ სემესტრში არ ვიცოდი — სად შეიძლებოდა სწავლა.გამეგრძელებინა მაგისტრატურაზე. სკანდინავისტიკის მიმართულებაზე ჩაბარება ერთ-ერთმა ლექტორმა მირჩია. ასე გავიგე მისი არსებობის შესახებ. ეს სემესტრი დიდი სიახლეების და გამოწვევების პერიოდია და ამ ფაკულტეტზე ჩაბარებაც ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება. ვფიქრობ, სკანდინავისტიკის მიმართულებაზე სწავლა ჩემს თვალსაწიერს გააფართოებს, ბევრ ახალსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას, ცოდნას მივიღებ. სკანდინავიური ქვეყნების მდიდარი კულტურა და დღეისათვის, მათი წამყვანი როლი ბევრ სფეროში (განათლების, ეკონომიკის თუ სხვა) ძალიან მიზიდავს. ენების შესწავლა ახსენეთ და – დიახ, ენებისადმი ინტერესიც დიდ როლს თამაშობს ჩემს გადაწყვეტილებაში. ახალი ენის შესწავლით სიამოვნებას ვიღებ. ასე რომ, ამ მიმართულებით მრავალმხრივ დავინტერესდი და მინდა, რომ ეს გამოწვევა ღირსეულად მივიღო.
— ფილოლოგობა არაკომერციულ, დაბალანაზღაურებად პროფესიად ითვლებოდა. ფიქრობდნენ, რომ ძნელია ამ პროფესიით კარიერის გაკეთება. რას ნიშნავს შენთვის პროფესია ფილოლოგი, რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ფილოლოგს?
— დიახ, ეს არც ისე შორეული წარსულის შეხედულებებია. დღესაც ფილოლოგობა არაპერსპექტიულ საქმიანობად ითვლება დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გამო. ამაზე მეც ვღელავდი, როცა ქართულ ფილოლოგიას პროფესიად ვირჩევდი. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაც წერისა და კითხვის სიყვარულმა განაპირობა. ამაში დასანანი არაფერია, პირიქით, ყველას ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევისას სწორედ საკუთარ მიდრეკილებებს დაეყრდნონ და არა მხოლოდ პერსპექტივას.
მინდა აქვე ვთქვა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისეთი ცოდნაა თავმოყრილი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება „გამომზეურება“. ეს მეცნიერებაა და არ უნდა იყოს საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი. ყოველდღიურობაში ხშირია პოლემიკა ქართული ენის სიმდიდრის, ქართული ლიტერატურის ღირებულების შესახებ. რატომ ხდება, რომ მსგავს პოლემიკაში აქტიურად ჩართვა და ქართული ენისა და ლიტერატურის მთელი დიდებულების (არ ვაჭარბებ) დანახვა მხოლოდ ფილოლოგებს შეუძლიათ. ეს ასე არ უნდა იყოს! ქართული ფილოლოგიის, როგორც მეცნიერების მიერ დაგროვილი ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს — ეს უპირველესად სასკოლო განათლების სისტემამ უნდა გაითვალისწინოს. აუცილებელია, რომ სკოლებში ახალ თაობებს სრულყოფილად და პროფესიონალურად გადაეცეს ცოდნა საქართველოს კულტურის შესახებ — ეს უნდა ოყოს მასწავლებლების ახალი თაობის უპირველესი მოვალეობა! მეც, როცა დავრწმუნდები, რომ შემიძლია ეს მოვალეობა ღირსეულად შევასრულო, მასწავლებელი გავხდები. ამ მიზნისთვის ნამდვილად ღირს დაუღალავად შრომა...
რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, დღეს ტექსტუალურ რედაქტორად სწორედ ქართულ ფილოლოგიაზე სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ვმუშაობ. ამ პროფესიას კარიერული თვალსაზრისით კარგი პერსპექტივა აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ფილოლოგიის მიმართულებით სწავლის უპერსპექტივობასთან დაკავშირებული ჩემი შიში არ გამართლდა. ამ ფაკულტეტზე სწავლისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება მრავალმხრივ განვითარების პერსპექტივას იძლევა.
— როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდე?
— ჩემი აზრით, აუცილებელი სწორედ საკუთარი თავის ძირფესვიანად შესწავლაა. როგორც დოჩანაშვილი იტყოდა „მოსაზელი ცომი ხარ“, ანუ შენი თავისგან რაღაც უნდა გამოიძერწოს, რაღაც კარგი უნდა „გამოცხვეს“. ეს სახუმარო მეტაფორებია, მაგრამ ვგულისხმობ, რომ თვითგანვითარებაზე მუშაობაა წარმატების გასაღები. ამის მჯერა და მინდა, რომ ოდესმე ჩემს თავს ეს საკუთარი გამოცდილებითაც დავუმტკიცო.
— როგორია საქართველოში სტუდენტური ცხოვრება და რა შესაძლებლობები გაქვთ ახალგაზრდებს?
— ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხელშეწყობაა კარიერული განვითარების კუთხით. ჩემს გარშემო სტუდენტების უმეტესობა თავისით ეძებს და პოულობს სამსახურს, მათ შორის – მეც. თუმცა, ხშირად მხვდება სტუდენტების დასაქმების პროგრამები და ა.შ. არ ვიცი, მე ამ პროგრამით არ მისარგებლია.
მეორე მხრივ, აქტიურად მოქმედებს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები. მათი მრავალფეროვანი არჩევანია, რაც ძალიან მახარებს. ჩემი მეგობრებიდან ბევრი უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და ძალიან კმაყოფილები არიან. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, „სულის სიმშვიდე ვიპოვე ამ ქალაქშიო“. მსგავსი სიტყვების მოსმენა ყოველთვის მახარებს. ეს სიტყვები ჩემთვის ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზების გზას მიაგნო. შესაძლოა, მსგავსი პროგრამით მეც ვისარგებლო მომავალში. ამის სურვილიც მაქვს, თუმცა გეგმა — ჯერ არა.
სტუდენტურ ცხოვრებაში, შეიძლება, გართობაც იგულისხმებოდეს, სტუდენტებთან ერთად სადმე წასვლა, ლაშქრობები და ა.შ. სიმართლე გითხრათ, პანდემიასთან ერთად ბევრი ჩვენგანისთვის ასეთი „სტუდენტური ცხოვრება“ დასრულდა და მთლიანად სწავლაზე გადავერთეთ. როგორც კი მშვიდობა დაისადგურებს, სადმე სალაშქროდ წავალთ და ერთმანეთის მონატრებით გამოწვეულ დანაკარგს სიამოვნებით ავინაზღაურებთ.