ნინო გელაშვილი, თსუ-ის სტუდენტი:
– ვისურვებდი, მომავალ სემესტრში მაინც შევძლოთ სტუდენტებმა აუდიტორიებში მისვლა და მოგვეცეს ლექტორებთან და კურსელებთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა. ძალიან მინდა, დავუბრუნდეთ სწავლების ძველ, ტრადიციულ მეთოდს, დავიბრუნოთ დაკარგული მოტივაცია და შევძლოთ იმ გრძნობის სრულფასოვნად განცდა, რომელსაც სასიამოვნო დაღლას ვუწოდებთ.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– უნივერსიტეტის უპირველესი ამოცანაა — აუდიტორიებში შევძლოთ დაბრუნება გაზაფხულის სემესტრისთვის, თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს გვიშლის. მათ შორის ძირითადი ფაქტორი არის კორონა-ვირუსთან დაკავშირებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დაცული უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია მერხებსა და სტუდენტებს შორის. ეს არის იმის წინაპირობა, რომ საუდიტორიო ფონდი უნდა გაორმაგდეს, რის საშუალებაც ამ ეტაპზე უნივერსიტეტს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, რომ ეს რეგულაცია შეიცვალოს.
ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, საუდიტორიო სივრცის დარეგულირების შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა არასააუდიტორიო სივრცეში – ლექციის დასრულების შემდგომ სტუდენტებს მაინც ექნებათ თუნდაც დერეფანში ურთიერთობის შესაძლებლობა, ამიტომ ესეც პრობლემაა.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აცრის მაჩვენებელი სტუდენტებში არ არის სახარბიელო. უნივერსიტეტის პერსონალის დაახლოებით 80%-მდე არის ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც სტუდენტებში ეს მაჩვენებელი 40-45%-ს არ სცილდება. თუ ჩვენ გავაუმჯებესებთ ამ მაჩვენებელს, შესაბამის უწყებებთან ძალიან ძლიერი არგუმენტი გვექნება, რომ შევძლოთ სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყება მეორე სემესტრიდან. ამ ეტაპზე, რაც ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ, როგორც ახლა მიმდინარეობს სწავლება უნივერსიტეტში, ასე არ გაგრძელდება. ვვარაუდობთ, გარკვეულ კომპონენტებს დავამატებთ, რომ სტუდენტებმა სააუდიტორიო სივრცეში შეძლონ შემოსვლა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ სრულად აღდგეს სასწავლო პროცესი ისე, როგორც იყო 2020 წლამდე.