გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი
დიმიტრი შველიძე
ესაუბრა ნინო კაკულია
- თუ გაიხსენებთ რაიმე ისტორიულ კარგ ფაქტს — პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ფაქტზეა საუბარი ასეთ მძიმე პერიოდებში (ომი, პანდემია)...
- მე, როგორც ისტორიკოსი, პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს გავრცელებულ ხოლერას გავიხსენებ, რომელიც „ისპანკას“ სახელითაა ცნობილი. მან 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ შემოიღეს პირველად, სხვათა შორის, პირბადეების ხმარება. ცხადია, „ისპანკამ“ საქართველოშიც შემოაღწია. მარო მაყაშვილი წერდა თავის დღიურში: 1918 წლის 30 ენკენისთვეს — „ქეთოსთან წავედი და ავად დამიხვდა. მასაც შეხვდა ახალმოდური ავადმყოფობა — „ისპანკა“. (ეს ჯერ ნახევრად იუმორი). რამდენიმე დღის შემდეგ შეეცვალა დღიური ავტორს და ოქტომბრის 9-ში წერდა: „დღეს მესამე დღეა, რაც ავდექი. 3 კვირა ლოგინში ვიწექი. ამ ახალმა ავადმყოფობამ ჩემზედაც სინჯა თავისი ძალა. ერთხელ 10 დღე ვიწექი, მოვრჩი, ავდექი. მეორედ კიდევ გავცივდი და უფრო საშინელი რამ დამემართა. მთელ ჩემს სხეულს დაუარა ამ „ისპანკად“ წოდებულმა სატკივარმა. სიცხე დიდი მქონდა, 40 გრადუსზე მეტი. ძალიან და ძალიან დავიტანჯე. ორი დღე სულ გაუნძრევლად ვიწექი, რადგანაც ყველა ძვლები მტკიოდა. ეპიდემიაა თბილისში. ერთი სახლი არ არის, რომ ავადმყოფი არ იყოს იქ. თუ გაცივდა ადამიანი და ფილტვების ანთებაზე გადავიდეს, ძალიან ძნელია. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მოკვდა. გაფრთხილება უნდა. ჩვენთან: მე, დედა და კატუნა ვიწექით. დედაკაცი არა გვყავდა. მამა სამსახურში არ დადიოდა და გვივლიდა. სადილსაც ის აკეთებდა, მაგრამ ვაი იმ სადილს, სუფის მაგივრათ რაღაც ფაფას აკეთებდა“. მიუხედავად უზარმაზარი მსხვერპლისა, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნებმა ან კაცობრიობამ გადატანილი საშინელებისაგან რაიმე დასკვნა გააკეთა სამომავლოდ ან მორიგი ომის, ან მორიგი სახადის თავიდან ასაცილებლად, ან კიდევ იმისათვის, რომ ადამიანები, ხალხები თუ სახელმწიფოები უფრო ჰუმანურები და შემწყნარებლები გამხდარიყვნენ. მეორე მსოფლიო ომი ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს. ერთი სიტყვით, დღევანდელი მსოფლიო, წინა საუკუნის დასაწყისთან შედარებით, უკეთესი არ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია და ფუნქციონირებს ათასგვარი ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, ეროვნულ უმცირესობათა და სხვა დამცველი ორგანიზაციები. დღეს არანაკლებად მძვინვარებს ან ძლიერია ხალხთა, რელიგიათა თუ რასათა შორის შეუწყნარებლობა და რაც მთავარია — ინტერესთა წინააღმდეგობა. თუ რაიმე სახის სოლიდარობა ან შემწყნარებლობა არსებობს, ის ზედაპირული ან მოჩვენებითია და მას, კიდევ კარგი, რომ კანონმდებლობები აწესრიგებს, მეტნაკლებად.
- როგორ შეაფასებდით დღევანდელ ვითარებას — რა ანალიზი, ფაქტები, მოვლენები შევა ისტორიაში და რამდენად საინტერესო იქნება ეს პერიოდი მომავალი ისტორიკოსებისთვის?
- საეკლესიო პირები და წრეები ახლანდელ პანდემიას კონკრეტულად აფასებენ: კაცობრიობის არაზნეობრივმა ცხოვრებამ გამოიწვია განგების რისხვა და ადამიანებს მოუვლინა პანდემია, რათა ისინი გონს მოეგონ და დაუბრუნდნენ რწმენას. სხვა შეფასებები ჩვეულებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და ხშირად წინააღმდეგობრივია. ისტორიკოსებისთვის, პოლიტოლოგებისთვის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლებისთვის პანდემია იმითაა საინტერესო, რომ „კოვიდ-19“, მისი გავრცელება, მასშტაბები და გავლენა კაცობრიობაზე ყველა ადრე არსებული პამდემია-ეპიდემიისაგან განსხვავდება. სხვა ეპიდემიებს, ძირითადად, ჯანმრთელობის სისტემით სფეროში აქცევდნენ და თუ შეიძლება ითქვას — გაგრძელება არ ჰქონდათ. კოვიდს აქვს გაგრძელებადი პერსპექტივა და მან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, მსოფლიოზე, კაცობრიობის შემდგომ ბედზე. ამიტომ ამგვარი გლობალური პერსპექტივა (ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, ფსიქოლოგების და ა.შ.) ბევრი მეცნიერის ყურადღების, ინტერესის, კვლევის მიღმა ვერ დარჩება. რით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი „კოვიდ-19“-ის რეალობა და რაში მდგომარეობს მისი ხვალინდელი მნიშვნელობა? უფრო სწორად, როგორ გვესმის ეს ყველაფერი ჩვენ? კოვიდს აქვს, უფრო სწორად, კოვიდის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს ორგვარი მომავალი: პირველია — მოკლევადიანი და მეორე — ხანგრძლივი. მოკლევადიანი პერიოდი გაგრძელდება, ალბათ, უახლოესი 1-2 წლის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში გაგრძელდება ის წესები, რაც ხელისუფლებებმა სხვადასხვა აკრძალვების სახით შემოიღეს კარანტინის პირობებში: პირბადეების ხმარება, სოციალური დისტანციის დაცვა ხალხმრავალ ადგილებში და ა.შ. დისტანცირება გავრცელდება არა მარტო ცალკეულ ადამიანთა რეალობაში, არამედ ის გავრცელდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებზეც — შემცირდება საერთაშორისო მიმოსვლები, სერიოზულად დაიკლებს ადამიანთა მიმოსვლა მსოფლიოში და ტურიზმი მინიმუმამდე დავა. ეს მოხდება განსაკუთრებით შორს მყოფ ქვეყნებს შორის და შედარებით ნაკლები მასშტაბისა იქნება მეზობელ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება პანდემიური შეტევების გამეორების შესაძლებლობაზე. დაიკლებს ქვეყნებს შორის საქონელგაცვლა, ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები. შესაბამისად, განუვითარებელი ქვეყნები იძულებულნი იქნებიან საკუთარი ეკონომიკების შექმნაზე იზრუნონ, ვისაც რა და როგორ შეუძლია. ჩვენისთანა სამათხოვროდ ხელგაწვდილი ქვეყნებისთვის ეს დრო ან საბოლოოდ დამღუპველ-დამანგრეველი იქნება, ან პირიქით, საკუთარი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის აღდგენის და განვითარების მასტიმულირებელი. შესაძლოა რიგი ქვეყნები დაუბრუნდნენ პროტექციონიზმის ძველ პოლიტიკას, რათა სულ ცოტა, უცხოეთიდან შემოსულ საქონელს თავი აარიდონ (მაგ., ჩინეთიდან, როგორც არასანდო პარტნიორიდან). რაღაც ამის მაგვარი პროცესები იქნება ერთ ხანს, სანამ საბოლოოდ არ ამოიძირკვება პანდემიის საშიშროება. მომავალში საგულვებელია ელექტრონული სწავლების და, საერთოდ, ურთიერთობების მასშტაბების ბევრად გაფართოება; უნდა განვითარდეს, დაიხვეწოს შესაბამისი ტექნოლოგიები; მის ხარჯზე შემცირდეს სამეცნიერო თუ სხვა მიზნის მივლინებები და ა.შ. უახლოესი მომავალი წლები შეამცირებს გლობალურ პროცესებს და ძირითადი ორიენტაცია გაკეთდება ლოკალური და რეგიონალური პროცესების ტენდენციით, აქედან გამომდინარე, მრავალფეროვანი რეალიებით.
პანდემია იდეოლოგიებზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მსოფლმხედველობრივ სისტემებზეც აისახება ალბათ. ლიბერალიზმის პოზიციები დასუსტდება და გაიზრდება ნაციონალიზმის, განსაკუთრებით — პატარა, მცირერიცხოვანი ერების თავდაცვითი ნაციონალიზმის გავლენა და შესაბამისი განწყობები. სხვა არაერთ მოსალოდნელ ტენდენციაზეც შეიძლება მსგავსი მოსალოდნელობების აღნიშვნა და დაახლოებითი პროგნოზირება. რაც შეეხება გრძელვადიან ორიენტაციებს, ალბათ, უფრო მოსალოდნელია, რომ პანდემიური საფრთხეების გადავლის შემდეგ მსოფლიო კვლავ დაუბრუნდება ძველ ტენდენციებს და რიტმს; ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ის, თუ რა მოხდება მომავალში, ამის შესახებ დიდი ფანტასტიკური ლიტერატურა არსებობს: რეი ბრედბერის, არტურ კლარკის, აიეკ აზიმოვის, ჰარისონის, სტანისლავ ლემის და სხვა... არის უამრავი ფილმიც და, ალბათ, ბევრი რამ მართლაც ისე იქნება, რასაც ისინი წერენ და წარმოიდგენენ. შეიძლება არც ისე ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მეჩვენება, რომ კაცობრიობა ვეღარ მართავს თავს; ის სტიქიურად ვითარდება — ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ.
- „კოვიდ-19“-ის პერიოდი და თსუ — ასეთი წიგნი, რომელსაც ვაკეთებთ, რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მომავალი თაობისთვის ისტორიულად?
- ერთმა ძველმა მოაზროვნემ, რომლის გვარს ვერ ვიხსენებ, თქვა — კარგი იქნება, თუ ვულკანებს მისი ამოფრქვევის პროცესში შეისწავლიანო. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნის შექმნა ნამდვილად საინტერესო იქნება, რადგან მასში აღწერილი იქნება: დამოკიდებულება, განცდა, ქცევა, დასკვნები, აღქმა, ცვალებადი რეალობა და სრულიად ახალი გამოწვევები იმ ადამიანებისა, რომლებსაც პანდემიის პირობებში მოუხდათ და დღესაც უხდებათ თანაცხოვრება. ასეთი წიგნი იქნება და შეასრულებს ისტორიული წყაროს, თავისებური დოკუმენტური მასალის მნიშვნელობას სამომავლოდ. ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტის გარემოზე, სწავლების შეცვლილ პირობებზე, მის მომავალზე. ასეთია კითხვარის მიდგომა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისებური სარკეა, რომელიც ირეკლავს მთელი განათლების სისტემის რეალობას ჩვენს ქვეყანაში.
- როგორ ჩაერთეთ დისტანციური სწავლის პროცესში?
- ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დამჭირდა ჩემი ვაჟიშვილების კონსულტაციები და ამით ამოიწურა ხელშემშლელი პრობლემები. ამგვარი მუშაობის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მთლიანად ხარ დამოკიდებული ტექნიკაზე.
- რას საქმიანობთ სახლში — ახალი დღის წესრიგი როგორია?
- პაატა ნაცვლიშვილი მეუბნებოდა — სახლში ყოფნის დროს, ახლა აღმოვაჩინე, თურმე რამდენი საქმე მქონია გასაკეთებელიო. ჰუმანიტარული საქმიანობის კაცი მეტ დროს ატარებს სახლში, მაგიდასთან, კომპიუტერთან კითხვისა და წერის პროცესში. პანდემიამ გვაიძულა, რომ სახლში ვმჯდარიყავით და მეტი დრო გაგვეტარებინა საკითხავად და საწერად. სულ ეს იყო და არის.