ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ლელა ჯანაშვილის შვილი — ნატალი შალიბაშვილი 12 წლისაა და სკოლა „სადუნის" მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
ლელა ჯანაშვილი გვიყვება: „2013 წელს მოვიპოვე ფონდ ღია საზოგადოების გრანტი ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში კვლევის განსახორციელებლად (2013 წლის 1 სექტემბრიდან 1 აპრილის ჩათვლით). ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნატალი აუცილებლად უნდა შესულიყო სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის იყო. მოკლედ, სწავლა დაიწყო კატალონიის ქალაქ სანტ-კუგარტის სკოლა „ოლივარესში". დაწყებითი კლასების ჯგუფების იდენტიფიცირება ხდება სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ცხოველების სახელებით. ნატალის ჯგუფს ერქვა „ელვა." კატალონიის ავტონომიურ გაერთიანებაში საგანმანათლებლო პროცესი კატალონიურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანი კატალონიურ ენაზე ისწავლება, მოსწავლეთა შორის საკომუნიკაციო ენად, ხშირ შემთხვევაში, მაინც ესპანური ენა გამოიყენება. ნატალი ძალიან მამაცურად გაუმკლავდა ამ გამოწვევას და ერთი თვის შემდეგ ორივე ენაზე სრულყოფილად საუბრობდა. ასევე დაიწყო თავისი მეგობრებისათვის ქართული ენის სწავლება. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, აპრილის თვეში სწავლა გააგრძელა სკოლა „სადუნში“ (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ესპანეთში სწავლის აღიარების შემდგომ). უმოკლეს დროში ისწავლა ქართულად წერა-კითხვა და პირველი კლასი დაასრულა ქართული, ესპანური და კატალონიური ენების ცოდნით. ალბათ, ამ ფაქტორმა იმოქმედა, რომ ნატალის ძალიან უყვარს უცხო ენათა შესწავლა და ამჟამად ეუფლება ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებს და ავითარებს ესპანურ ენასაც“.