მხცოვან დიდ მეცნიერს რისმაგ გორდეზიანს, რომელსაც საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, ახალი წლის ღამეს ერთი ასეთი ნატვრა აქვს — სატელევიზიო გადაცემებმა და ქუჩაში მხიარულმა ყიჟინამ აგრძნობინოს, რომ ჩვენს თავს დატეხილმა სენმა და პოლიტიკოსების უგუნურობით გამოწვეულმა დაძაბულობამ ჩვენს ქალაქსა და სამშობლოში არ ჩააქრო ახალი წლის მოლოდინით გამოწვეული ენთუზიაზმი და რწმენა, რომ მომავალი ნამდვილად ჩვენია.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს?
რასაკვირველია, უპირველესი იმედი კორონა ვირუსის საფრთხისაგან ჩვენი და მთელი კაცობრიობის გათავისუფლებაა. რაც შემეხება პირადად მე, ვისურვებდი 2021 წელს მოვახერხო სერიის: ანტიკური სამყაროს კულტურების მომდევნო ტომის — „ეტრუსკები, ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“ — დასრულება და გამოცემა, ასევე, ენციკლოპედიის — „ანტიკური კავკასია“ — დამასრულებელი ტომის გამოცემა.
რა მოხდა დადებითი 2020 წელს?
ყველაზე დადებითი ის იყო, რომ კაცობრიობამ იგრძნო, რამდენად შორსაა იგი ყოვლისშემძლეობისგან და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვას, სოლიდარობას და ურთიერთსიყვარულს. ასეთი ერთიანი, ვფიქრობ, კაცობრიობა, თავისი არსებობის განმავლობაში, ჯერ არ ყოფილა საერთო განსაცდელის წინაშე. უხილავმა მტერმა გვაიძულა მიგვეკვლია მასთან გამკლავების ხილული საშულებებისათვის. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საყოველთაო კარჩაკეტილობისა და იზოლაციის პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლექციების, სამეცნიერო ფორუმების, მოხსენებების მოსმენის მსურველთა მასშტაბები. მწარე გამოცდილებამ დღის წესრიგში დააყენა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ფორმების არსებითი გადახედვის საკითხი. როგორც ჩანს, უახლოეს ხანებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ — განათლება მიიღონ მათთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში ისე, რომ არ მოუხდეთ მშობლიური ქალაქის, სოფლის ან, სულაც, სახლის დატოვება. ამისათვის ჩვენი განათლების სისტემის მესვეურებს აქედანვე სერიოზული ფიქრი მართებთ. როგორც ჩანს, ამ მხრივ, არსებითი ცვლილებებია მოსალოდნელი სახელოვნებო სფეროშიც. მოინახება გზები ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
მართალი გითხრათ, საახალწლო ღამის გალამაზებაზე დიდად არ ვფიქრობ. ყველაზე მეტად მასიამოვნებს სატელეფონო მოლოცვები ჩემთვის საყვარელი ადამიანებისგან. რაც მთავარია, მინდა, რომ ძველიდან ახალ წელს, გარდამავალ ღამეს, სატელევიზიო გადაცემებმა და ქუჩაში მხიარულმა ყიჟინამ მაგრძნობინოს, რომ ჩვენს თავს დატეხილმა სენმა და პოლიტიკოსების უგუნურობით გამოწვეულმა დაძაბულობამ ჩემს ქალაქსა და სამშობლოში არ ჩააქრო ახალი წლის მოლოდინით გამოწვეული ენთუზიაზმი და რწმენა, რომ მომავალი ნამდვილად ჩვენია.
* * *
საუნივერსიტეტო საზოგადოებას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდ წარმატებებს, ჩვენი უნივერსიტეტის წინსვლით მონიჭებულ სიხარულს... გილოცავთ ახალ 2021 წელს!