ნატო ობოლაძე
უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას მოსწავლეები უნივერსიტეტის ცნობადობას, სწავლების ხარისხს, კვლევის კომპონენტსა და საერთაშორისო კავშირებს ითვალისწინებენ — ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი სტუდენტები გვესაუბრებიან, რომლებმაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღეს.
* * *
თამარ ბედოშვილი სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში აგრძელებს. თამარის გადაწყვეტილებაზე, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, გავლენა კურსდამთავრებულების შეფასებებაც იქონია.
„პიტსბურგის უნივერსიტეტის დოქტორის რობიზონ ხუბულაშვილის სემინარი მოვისმინე მიკროეკონომიკურ მოდელირებაზე, რომელმაც თავისი წარმატებული კარიერის ყველაზე მნივშვნელოვან ეტაპზე ისაუბრა — მან ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის — ISET მაგისტრატურა დაამთავრა. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება — სასურველ პროფესიას დავუფლებოდი საქართველოში ყველაზე გამოცდილ საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომლის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმიც შედგენილია დასავლური უნივერსიტეტების საუკეთესო პროგრამების მიხედვით, რაც საერთაშორისო ტოპ უნივერსიტეტებში ხარისხის გაუმჯობესების დიდ შესაძლებლობას მაძლევს და მსოფლიო დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანს მხდის“, — გვიყვება თამარ ბედოშვილი.
* * *
თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტი გიორგი გიორგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უპირატესობას სტუდენტების ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებაში ხედავს.
„გარდა იმისა, რომ თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება საქართველოში ერთ-ერთი მოწინავეა, აქ სწავლობენ განსხვავებული ეთნოსისა და სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რაც საშუალებას მომცემს სრულად გავიცნო თანამედროვე საქართველო, მისი საზოგადოება და მრავალფეროვნება“, — ამბობს გიორგი გიორგაძე.
* * *
„თსუ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და, საერთოდ, ქვეყანაში „აკადემიურ ამინდს“ ქმნის. უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელსაც არაერთ უმაღლეს სასწავლებელში იყენებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ არის დაწერილი. შესაბამისად, თსუ-ში სწავლის გაგრძელება მისი ასწლოვანი კვლევითი ტრადიციის, აქტიური სამეცნიერო საქმიანობისა და საერთაშორისო აღიარების გამო გადავწყვიტე“, — გვიყვება ბექა გელაშვილი-ჩორგოლიანი, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია და ფიქრობს, რომ ისტორიის შესწავლა და სიღრმისეულად გააზრება დღევანდელი მსოფლიოს უკეთ აღქმაში დაეხმარება.
* * *
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა განაპირობა ნინო შერგალაშვილის არჩევანი. ნინო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელია.
„თსუ-ს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამართლის ფაკულტეტი აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიას დავეუფლო იმ ლექტორების მეშვეობით, რომლებიც ამ მიმართულებაზე ასწავლიან“, — ამბობს ნინო შერგალაშვილი.
* * *
„ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოცდილებიდან ჩემთვის ცნობილი იყო იმ ხარისხიანი პროფესიული განათლების შესახებ, რომელსაც მივიღებდი თსუ-ში ჩაბარებით. დეტალური ინფორმაცია მქონდა გაცვლითი პროგრამების შესახებ, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი სურვილი“, — განმარტავს საკუთარ არჩევანს ფსიქოლოგიის სპეციალობის პირველკურსელი თამარ ნაჭყებია.
* * *
„ბევრმა ადამიანმა მირჩია თსუ, რადგან აქ თავიანთი საქმის პროფესიონალები ასწავლიან, რაც პირველივე ლექციებიდან უკვე შევნიშნე. ასევე მითხრეს, უნივერსიტეტი სტუდენტებს მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მათ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონო“, — გვითხრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტმა მარიამ შენგელიამ.
სხვა ფაქტორები
აბიტურიენტების არჩევანზე გარემო ფაქტორების საკმაოდ ფართო სპექტრი ახდენს გავლენას — ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცვლილებები პირდაპირპროპორციულად აიასახება მათ ინტერესებზე. სტუდენტებს სურთ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ კითხვების — რატომ? როგორ? — დასმისა და მათზე პასუხების მიღების საშუალება.
„მე გორიდან ვარ — ამბობს გიორგი გიორგაძე — 5 წლის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო და ყოველთვის მქონდა უსამართლობისა და არასტაბილურობის განცდა. ჩემი აზრით, ქვეცნობიერის დონეზე ომმა დიდი გავლენა იქონია ჩემს ინტერესებზე, შემდეგ კი დავინტერესდი ისტორიით, გეოგრაფიით, კულტურებითა და პოლიტიკით. სწორედ ჩემმა ინტერესიის სფეროებმა ლოგიკურად განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობების არჩევა და ბავშვობიდან ამ სფეროში განსაკუთრებული აქტიურობა. მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან აქტიურად ვიყავი მრავალ კლასგარეშე აქტივობაში ჩართული, ასევე, ვარ უამრავი კლუბის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობას ვიღებდი მრავალ გაცვლით პროგრამაში სრული დაფინანსებით, მათ შორის, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროგრამებმა და პანდემიის დროს მრავალმა ონლაინ პროექტმა მომცა საშუალება — განმევითარებინა ჩემი ინგლისურის დონე, გამეცნო უამრავი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან და მესწავლა რაღაც ახალი, გადამეფასებინა ჩემი ღირებულებები და მსოფლმხედველობა“.
* * *
„კომაროვში სწავლის პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მათემატიკისთვის დიდი დრო დამეთმო. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ოლიმპიადებში. წარმატებული მოსწავლეებისათვის სკოლის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკები ეწყობოდა, სადაც ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალურ აქტივობებშიც ვერთვებოდი. ვხვდებოდით სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ, რაც ჩემი მომავალი პროფესიის გააზრებულ არჩევაში დამეხმარა. ეკონომიკა საკმაოდ კომპლექსური მიმართულებებისგან შედგება, რომელიც საინტერესო და, ამავე დროს, საჭირო და მოთხოვნადია თითქმის ყველა სფეროში“, — განმარტა თამარ ბედოშვილმა.
* * *
„ალბათ, ვერასდროს ვერ ვიქნები კმაყოფილი ჩემი განვლილი ცხოვრებით, თუ მეცოდინება, რომ არ შევეჭიდე ისეთ რთულსა და საინტერესო კითხვებს, რომლებზეც პასუხი ფიზიკას უნდა ჰქონდეს. მე არ მინდა ოდესმე გამომელიოს კითხვების — რატომ? და როგორ? — დასმის საშუალება, არ მინდა, რომ ოდესმე დამეკარგოს ინტერესი ჩემი საქმისადმი. ფიზიკის კომპლექსურობა კი უფრო მიმზიდველს ხდის მას და მეტად მიმძაფრებს მისი შეცნობის სურვილს, ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ამ დარგზე“, — ამბობს მარიამ შენგელია.
* * *
„მინდა, მონაწილეობა მივიღო კვლევით საქმიანობაში, აკადემიურ სფეროში ვაპირებ დარჩენას და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია....“; „ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი მომცემს იმ საჭირო განათლებასა და უნარ-ჩვევებს, რაც ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამომადგება და ამ ყველაფერს ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებ....“; ვფიქრობ, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან დამეგობრება და მათი კულტურული თავისებურებების გაცნობა სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს გახდის...“; „იმედი მაქვს, უნივერსიტეტის კავშირები კვლევით ცენტრებთან, კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები საშუალებას მომცემს გავუწიო კონკურენცია სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან...“ — მაღალრეიტინგულ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საკმაოდ მრავალფეროვანი მოლოდინი აქვთ. პროფესიული განვითარების გარდა, მათი მოლოდინი სწავლების სააუდიტორო ფორმატში გადასვლასაც უკავშირდება. სტუდენტები თავად უკვე ვაქცინირებულები არიან და ფიქრობენ, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა სამეცნიერო აზრის ნდობა და ვაქცინაციაა.