ნინო კაკულია
რამდენ ხანს გრძელდებოდა ეპიდემიები საქართველოში — ისტორიულ მაგალითებზე უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური საუბრობს და ამბობს: „უბედურება მარტო არ მოდის“ — თემურ ლენგის ლაშქრობებს 1400 წლის ახლო ხანებში საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის აფეთქება მოჰყვა.
როგორ დატანჯა მარო მაყაშვილი „ისპანკა“-დ წოდებულმა სატკივარმა — ამ ისტორიას პროფესორი, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე იხსენებს, რომლის ინფორმაციითაც „ისპანკამ“ მსოფლიოში 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ შემოიღეს პირველად თურმე პირბადეების ხმარება. აქცენტი: მიუხედავად უზარმაზარი მსხვერპლისა, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნებმა ან კაცობრიობამ გადატანილი საშინელებისაგან რაიმე დასკვნა გააკეთა სამომავლოდ ან მორიგი ომის, ან მორიგი სახადის თავიდან ასაცილებლად, ან კიდევ იმისათვის, რომ ადამიანები, ხალხები თუ სახელმწიფოები უფრო ჰუმანურები და შემწყნარებლები გამხდარიყვნენ. ერთი სიტყვით, დღევანდელი მსოფლიო უკეთესი არ გამხდარა, — ამბობს დიმიტრი შველიძე.
ეპიდემიურ დაავადებებთან ქცევის წესები ქართულ ეთნოგრაფიულ პრაქტიკაში — ამ თემაზე ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი გვიყვება. XI საუკუნიდან შემორჩენილია ხელნაწერი სამედიცინო წიგნები — კარაბადინები, რომლებიც დიდ ინფორმაციას მოიცავს საქართველოში როგორც სამკურნალო ხერხებისა და საშუალებების, ასევე, ავადმყოფობის არსის შესახებ. იზოლირება/დისტანცირების გარდა საქართველოში ცნობილი იყო სხვა წესებიც. თურმე მაშინაც არსებობდა აცრის წესი სახადების თავიდან ასაცილებლად.
არაორგანიზებული ერი ვერასდროს შექმნის სახელმწიფოს, კულტურას – თავის ლოკალურ ცივილიზაციას — ამ სათაურით ეხმაურება საზოგადოებას პროფესორი, ისტორიის დოქტორი ჯაბა სამუშია. მისი ინფორმაციით, 1346-1348 წლებში, როდესაც საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, სწორედ საზოგადოების ორგანიზებულობით მოხერხდა მსხვერპლი მინიმუმი ყოფილიყო. ჟამიანობა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსულა. თემს ერთობით გადაუწყვეტია, რომ მკაცრი ღონისძიებისთვის მიემართა და ჩრდილო კავკასიაში გადასვლა ან იქიდან გადმოსვლა აეკრძალა. დამრღვევისთვის ჯარიმას აწესებდნენ 200 თეთრის ოდენობით.
ვირუსები არქეოლოგიაში და ქართული მედიცინის დონე შორეულ წარსულში — არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელსაც უდიდესი საველე მუშაობის გამოცდილება აქვს და ფლობს ასე ვთვათ „ჩამარხული საქართველოს“ თაობაზე საინტერესო ინფორმაციას, არ გამორიცხავს, რომ ვირუსულ ინფექციებს შეეძლოს ვირუსის დნმ-ის კვალის დატოვება, მით უფრო, რომ ამას ასევე ცნობილი არქეოლოგები ვარაუდობენ. რაზე მიგვანიშნებენ სამარხები? რა გამოცდილებას გვძენს ვირუსთან საბრძოლველად არქეოლოგია? — ამ საკითხებზე გვესაუბრება სწორედ უნივერსიტეტის პროფესორი.
ანტიკური ეპოქის ეპიდემიის მწარე გამოცდილებაზე ათენში მოგვითხრობს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, რომელიც საბერძნეთის მაგალითის მიხედვით ისტორიკოს თუკიდიდესის მიერ საინტერესოდ აღწერილ ფაქტებზე და წარსული განსაცდელის დღევანდელობასთან კავშირზე გვესაუბრება.
ჩვენს სოციალურ უპასუხისმგებლობას შეიძლება ბევრი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლოს — ამბობს პროფესორი ნინო დურგლიშვილი. სოციოლოგის აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, მნიშველოვანია იმის დემონსტრირება, რომ დაავადების პრევენციასთან, მისი გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდება და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.
კოვიდ-19-ის სხვაგვარი გააზრება
მედიცინის ფაკულტეტის პროფესორს თამაზ მაღლაკელიძეს მიაჩნია, რომ დაავადების 50% პანიკაა, ჯანმრთელობის 50% სიმშვიდეა, თმენა კი გამოჯანმრთელების დასაწყისი!
უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი აკაკი აბუთიძე თვლის: არასწორია მოსაზრება, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია და შესაძლებელია მისი ბიოლოგიურ იარაღად გამოყენება.
დამალობანას თამაში ვირუსთან და ახალი გამოსავლის ძიება — ვირუსოლოგი, პროფესორი ნინო გაჩეჩილაძე ხსნის „კოვიდ-19“-ის უჩვეულო ხასიათს.
როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი? — გარკვეული სახის რეკომენდაციებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უნივერსიტეტის პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი გვაძლევს. მისი თქმით, იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვების სახით ორგანიზმისთვის მთავარი საშენი მასალის — ცილოვანი პროდუქტების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიწოდება; ასევე, ფიზიკური გამაჯანსაღებელი ვარჯიშის სისტემატურად შესრულება.
ბავშვებს და პატარებს რატომ ემართებათ ნაკლებად ახალი კორონავირუსი? — ამას თავისი ახსნა აქვს და ამ თემას მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი რუსუდან ქარსელაძე შლის.
„მდუმარე გაზაფხული“ — ასე ქვია უნივერსიტეტის პროფესორის, ბიოლოგის არნოლდ გეგეჭკორის სტატიას, რომელიც პანდემიას სპეციალისტის თვალით აფასებს და ამბობს: ღრმად მჯერა, რომ გამალებულ შეიარაღებაზე გადასული ზესახელმწიფოები გაითვალისწინებენ ცოცხალი ორგანიზმებით შექმნილ პოტენციურ უმწვავეს პრობლემებს და შეიარაღებისგან გამოთავისუფლებული თანხები ადამიანთა კეთილდღეობას მოხმარდება. სამწუხაროდ, მდუმარე გაზაფხულზე შეიწირა პანდემიამ პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი, რომელიც ვერ მოესწრო თავის უკანასკნელ სტატიაში გამოთქმული იმედების ასრულებას.
ცხოვრების ახალი შემოთავაზებების და ახალი რუტინის დადებითი რაკურსით გააზრებას გვირჩევს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, რომელიც გვთავაზობს ასეთ გამოსავალს — „თეთრი“ და „შავი“ კორონავირუსის პირობებში.
შვედეთიდან ქართულ საზოგადოებას პროფესორი ზაალ კოკაია ეხმაურება და ამბობს: მჯერა, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ამ კრიზისიდან საქართველო, როგორც ქვეყანა, უფრო გაძლიერებული და გამოცდილი გამოვა.
პრაქტიკული რჩევები
პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ექიმი-ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე აცხადებდა — ჯერჯერობით უცნობია, ახასიათებს თუ არა „კოვიდ-19“-ს შორეული ნევროლოგიური ხასიათის გართულებები.
ახალი რუტინის პირობებში მოვძებნოთ ისეთი საქმიანობა, რაც ახალ ფუნქციას გვაპოვნინებს — ასეთია პროფესორ გუგული მაღრაძის რჩევა, რომელმაც ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტისა და დამოუკიდებელ ფსიქოთერაპევტთა თანამშრომლობით აამუშავა.
ახალი კორონავირუსის პირობებში სახლში გამოკეტილი საზოგადოების ნაწილს დეპრესია და შფოთვა დაეუფლა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სასურველია პანდემიის შესახებ ან ნეგატიური ემოციების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას მოვუსმინოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, დღის პირველ მონაკვეთში. საღამო კი — ძილის წინა პერიოდი — არ უნდა დავტვირთოთ უარყოფითი ემოციებით. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება მედიაფსიქოლოგი, პროფესორი მარიამ გერსამია, რომელიც ამ რთულ პერიოდში მედიის პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენებს სწავლობს.
საკარანტინე პირობებში გართულებული ფსიქიატრიული პრობლემები და ფსიქიატრის რჩევები — ასეა დასათაურებული საინტერესო საუბარი მედიცინის ფაკულტეტის პროფესორთან, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ნინო ოკრიბელაშვილთან. ფსიქიატრი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური, რაც ხდება დღეს ოჯახებში, იქ, სადაც არაჰარმონიული იყო ცხოვრება, არის კონფლიქტების მატება. კარანტინის პირობებში გაიზარდა ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარება. ესეც ხელს უწყობს გამღიზიანებლობის მატებას.
პანდემიამ აჩვენა, რომ გამოკვეთილი ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე საზოგადოება თავს იკავებს – მოითხოვოს საჭირო დახმარება. რა უნდა გააკეთონ ფსიქოლოგებმა იმისთვის, რომ არსებული სტიგმა მოიხსნას? — ამ თემას ეხმიანება პროფესორი რევაზ ჯორბენაძე, რომელიც თვლის, რომ ფსიქოლოგების დახმარება პანდემიის დამთავრების შემდეგ უფრო გახდება საჭირო.
ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის კონსულტაცია — როგორ დავუგეგმოთ ცხოვრება სახლში გამოკეტილ ბავშვებს? როგორც პროფესორი ამბობს: ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია დღის და სივრცის დაგეგმვა. განრიგის დაცვა ბევრად აადვილებს ოჯახში კომუნიკაციას და ზოგავს ენერგიას, ნაკლები გაუგებრობა და გაღიზიანებაა, რადგან ყველასთვის მოსალოდნელი და პროგნოზირებადი ქმედებები ხდება სახლში. გამოყავით სახლში პირობითი სივრცეები: „სამსახური“, „სკოლა“, „სათამაშო მოედანი“...
სახლში გამოკეტილი ბავშვებისთვის უნივერსიტეტმა იზრუნა. საბავშვო უნივერსიტეტის ახალ პროექტს — „ზღაპრის ტრანსფორმაცია“ თითქმის მთელი საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოეხმაურნენ. ბავშვებს ოთხი ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციის გამოგონება შესთავაზეს, ესენია: „სამი გოჭი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“. მათ უნდა მოეთხროთ, როგორები იქნებოდნენ ამ ზღაპრის გმირები XXI საუკუნეში. კონკურსში მონაწილე ბავშვების კრეატიულობაზე აღფრთოვანება არ დაუმალავს საბავშვო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მიმართულების კოორდინატორს, უნივერსიტეტის პროფესორს ნინო პოპიაშვილს.
კორონომიკა
წიგნში ასახულია პროფესორის, აკადემიკოს ლადო პაპავას რეკომენდაციები „კორონომიკური“ კრიზისის ფონზე და პოსტკრიზისული მოლოდინები. „იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც არიან ჩვენი მედიკოსები, ბატონები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე და მთელი სამედიცინო საზოგადოება, რომლებიც ინფორმაციას პრაქტიკულად უწყვეტად აწვდიან მოსახლეობას, ასეთ რეჟიმში უნდა ჩამდგარიყო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც. მაგრამ მან ხელები დაიბანა, ამჯობინა დუმილი და ამ დუმილით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ლარს, — ამბობს ეკონომისტი. იგი თვლის, რომ დღეს საჭიროა ეპიდემიის დასრულება, ხოლო შემდეგ უკვე, ამ ზარალიდან გამომდინარე, იმ სექტორების სტიმულირება, რომელიც განავითარებენ ქვეყნის ეკონომიკას.
ეკონომიკაზე მსჯელობას უერთდება პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ პანდემიასთან ბრძოლის და პოსტპანდემიურ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე თვლის — საქართველომ გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა, ვიდრე ჩინეთმა, ვიდრე ძალიან ბევრმა გაცილებით უფრო განვითარებულმა ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი და ჩვენი გარკვეული კონკურენტული უპირატესობა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში, რომ საწარმოო სიმძლავრეები, ჩინეთის მაგივრად, გახსენით საქართველოში.
ახალი ვირუსის გამოცდილება დაასუსტებს თუ გააძლიერებს ამერიკას მომავალში? — ამ თემაზე ყველასთვის ცნობილი ამერიკისმცოდნე ვასილ კაჭარავა საუბრობს. პანდემიის, ისევე, როგორც ბევრი სხვა მძიმე კრიზისის შემდეგ, ამერიკა კიდევ უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება, რადგან ამერიკელებმა კარგად იციან წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება და მის საფუძველზე ქვეყნის გაძლიერება. აშშ-ის კონკურენტები კი, რუსეთისა და ჩინეთის სახით, სავარაუდოდ, უფრო დასუსტდებიან, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში — ასეთია პროფესორის პროგნოზი.
საზოგადოებრივი რეაქციები
კულტუროლოგი ნინო ჩიქოვანი აცხადებს: ბევრი რამ გადაფასდება და შეიცვლება, თუმცა კულტურის ძირითად მახასიათებლებს ეს არ შეეხება. პროფესორი ხსნის: ჩვენ დიდ დროს ვანდომებთ ვითარების სერიოზულობის გაცნობიერებას. საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს სჯერა, რომ არც ვირუსი და არც მისით გამოწვეული შეზღუდვა მას არ ეხება; რომ პასუხისმგებლობა აკისრია სხვას — ყველას, მის გარდა; ან კიდევ — რომ ყველაფერი „სადღაც“ უჩვენოდ წყდება და მაინც ვერაფერს შევცვლით; ისიც დავინახეთ, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ სერიოზულად უშლის ხელს ჩვენში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ამ მხრივ სერიოზული მუშაობა გვმართებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით.
„მივისწრაფოდით გლობალიზაციისკენ და აგერ თავს დაგვატყდა ასეთი გლობალური გაჭირვება“ — ამბობს პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც თვლის, რომ კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე ასეთი შოკისმომგვრელი საშიშროება არ განუცდია. ბაირონოლოგს და გალაკტიონოლოგს ახალ გამოწვევაზე თავისებურად ნააზრევი პასუხები აქვს... მისი თემაა — გალაკტიონი და საქართველოდან სამყაროს გადარჩენის დღევანდელი მისია.
მსოფლიო პანდემიასთან მიმართებით ფილოსოფიურ ძიებანში ერთვება უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი: „ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთის ნების გარეშე ადამიანს „ერთი ღერი თმაც არ დავარდება“ — ეს ბიბლიური მეტაფორა გულისხმობს, რომ არანაირ შემთხვევითობას არ აქვს სამყაროში პიროვნულ ღმერთზე აღმატებული სტატუსი და რომ ღმერთი ყველა შემთხვევითობას მართავს თუ იყენებს ისე, როგორც სურს. შეიძლება საერთო განსაცდელმა უფრო სოლიდარული გახადოს კაცობრიობა, ნაკლებ ეგოისტური, ბუნების უფრო გამფრთხილებელი, მარადიულსა და წარუვალზე უფრო დაფიქრებული — არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განსაცდელის დაშვება განგებისაგან ამით აიხსნებოდეს...“ — ამბობს ფილოსოფოსი.
დაბოლოს
ყოფილა უფრო მძიმე პერიოდებიც და გადაუტანია უნივერსიტეტს — ამბობს ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი, რომელიც სტატიაში გამოყოფს უნივერსიტეტისთვის მძიმე წლებს და ამბობს: „დედაუნივერსიტეტს მისმა დამფუძნებლებმა ისეთი მყარი საფუძველი შეუქმნეს, ისეთი მადლი დაადევნეს, რომ ასეთი ძნელბედობები ვერაფერს დააკლებს... უნივერსიტეტი ისევ გადარჩება. ამის იმედს ჯერ მარტო იმ ადამიანების მზრუნველობა ბადებს, რომლებმაც არა თუ მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყანას არგეს“.
საპატიო თბილისელობა 2020 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორ ცნობილ პროფესორს ერგო. მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველოში მავნე სენთან გამკლავების ორივე სტრატეგი — თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე „თბილისობის“ დღესასწაულზე საპატიო თბილისელებად დასახელდნენ. საკუთარი პროფესორების ესოდენ დაფასება, რომლებიც გამოარჩიეს თავიანთი დამოკიდებულებით საქმისა და საზოგადოებისადმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც მეტად საამაყოა.
და ბოლოთქმა: როგორც ჩვენს კრებულშია საუბარი საუკუნეების წინ გავრცელებულ ისპანკასა თუ შავ ჭირზე, რომელსაც ისტორიული სახელები და ამბები უკავშირდება — მოვა დრო და ჩვენც გაგვიხსენებთ — ჩვენ, „კოვიდ 19-ის“ პანდემიის თაობას პირველი ქართული უნივერსიტეტიდან...