ნინო კაკულია
„იმისთვის, რომ თსუ-ის კორპუსები გამოცოცხლდეს და სწავლა აუდიტორიებში განახლდეს; იმისთვის, რომ პანდემიური პერიოდის მანძილზე განხორციელებული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული სიახლეების სიკეთე ფიზიკურად იგრძნონ სტუდენტებმა, საჭიროა პროფესორების, სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80 % მაინც იყოს აცრილი“ — ასეთია თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის პროგნოზი და ერთგვარი მოწოდება, რომ ყველა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
„2021-2022 ახალ სასწავლო წელს ისევ პანდემიურ ვითარებაში ვხვდებით. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ეს სასწავლო წელი აუდიტორიებში დაგვეწყო, რისთვისაც ფიზიკურად მზად ვიყავით (სახელმწიფოს ჯანმრთლობის დაცვის სტრუქტურების მიერ დადგენილი ყველა საჭირო ნორმა დაცულია ჩვენთან), თუმცა ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხერხდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ოქტომბრის თვიდან საშუალება მოგვეცემა — სტუდენტებს აუდიტორიებში შევხვდეთ. ამისათვის აუცილებელია (და ეს არაერთხელ განგვიცხადებია) — ყველა იყოს ვაქცინირებული, ვისაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა აქვს.
ჩვენ პერიოდულად ვატარებთ გამოკითხვებს და შედეგად დავადგინეთ, რომ, ამ ეტაპზე, თანამშრომლების დაახლოებით 70 %-მდე და სტუდენტების 40 % არის ვაქცინირებული. თანამშრომლების შემთხვევაში ეს არცთუ ურიგო მაჩვენებელია, მით უფრო, რომ გამოკითხვის თანახმად, 15 %-ზე მეტი უახლოეს პერიოდში აპირებს აცრას. მხოლოდ 80-85 %-იანი მაჩვენებელი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უნივერსიტეტში უსაფრთხო გარემო იყოს. სტუდენტების კუთხით კი კამპანიის გააქტიურება გვმართებს. შესაბამისად, ყველა სტუდენტს ვთხოვთ, რომ ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას.
მედიცინის მიმართულება ერთადერთი მიმართულებაა, სადაც სახელმწიფომ დაადგინა ნორმა, რომ თუ სტუდენტი და აკადემიური პერსონალი სრულად არ იქნება ვაქცინირებული, მათ არ შეეძლებათ კლინიკურ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სწავლებაში ჩართვა არადისტანციურ ფორმატში“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კორპუსებში კომპიუტერული რესურს-ცენტრები და საბიბლიოთეკო სამკითხველო დარბაზები გაიხსნება, სადაც ნებისმიერ მსურველს დისტანციის და შესაბამისი რეგულაციების დაცვით ექნება შესაძლებლობა — ისარგებლოს როგორც საბიბლიოთეკო რესურსით, ასევე, კომპიუტერებით.
„რაც შეეხება სხვა სიახლეებს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ისევ დისტანციურ რეჟიმში ვიწყებთ სწავლას, zoom-პლატფორმის ლიცენზიები კიდევ შევისყიდეთ და ამ ლიცენზიით სარგებლობა ერთი წლის განმავლობაში შეგვეძლება. იმედს ვიტოვებ, რომ ერთი წელი არ დაგვჭირდება მისი გამოყენება და აუდიტორიებში განახლდება სასწავლო პროცესი“, — აღნიშნა ლაშა საღინაძემ.