თამარ დადიანი
კოვიდ 19-ის პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა უმაღლესი განათლების სისტემა. ონლაინ სწავლებაზე სასწრაფოდ გადასვლა იყო მოულოდნელი პრობლემის დროებითი გადაწყვეტა. რა გამოწვევის წინაშე დააყენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IT დეპარტამენტი დისტანციურ სწავლებაზე სწრაფად გადასვლამ და როგორ შეძლო მან არსებულ პრობლემებთან გამკლავება? — ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატო ჩუბინიძე.
— კოვიდ 19-ის პანდემიამ უმაღლესი განათლების სისტემა ახალი რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის მეშვეობით სწავლება არაა განსაკუთრებული სიახლე, მისი ინტენსიური განხორციელება საქართველოში შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2020 წელს, როდესაც კოვიდ 19-მა ალტერნატივა არ დაუტოვა უმაღლესი განათლების სისტემას და ის აიძულა დაუყოვნებლივ განეხორციელებინა მასშტაბური ექსპერიმენტი. თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი როგორ შეხვდა ამ გამოწვევას?
— 2020 წელი ყველასთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო და გამონაკლისი არც თსუ-ის IT დეპარტამენტი გახლდათ. სინამდვილე, რომელშიც პანდემიის გამო აღმოვჩნდით, რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვეული რეალობისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენი დეპარტამენტის წინაშე დადგა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას და პროცესების ონლაინ რეჟიმში გადაწყობას მოითხოვდა, რათა უნივერსიტეტს შეფერხების გარეშე განეგრძო მუშაობა, როგორც სასწვლო პროცესის, ისე ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.
— დისტანციური და ონლაინ სწავლების დანერგვა საჭიროებს სასწავლო პროცესის განსხვავებული სახით ორგანიზებას, სწავლება-სწავლა-შეფასების განსხვავებული მიდგომების გამოყენებას, შესაბამის ინფრასტრუქტურას, რესურსებსა და ციფრული ტექნოლოგიის გამოსაყენებლად სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მზაობას, ისევე, როგორც სწავლების ამ ფორმებისთვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას. ამ გამოწვევას როგორ გაართვა თავი თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა?
— გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასწავლო და სამუშაო პროცესის ონლაინ/დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე, უნივერსიტეტმაც განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში და უმტკივნეულოდ წარმართულიყო. კერძოდ: მობილიზდა თსუ-ის IT დეპარტამენტის როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსი და დაისახა სამოქმედო გეგმა. ადმინისტრაციასთან ერთად შემუშავდა რეგულაციები, რომელიც წარმართავდა სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებს დისტანციურ რეჟიმში, აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად IT დეპარტამენტმა უზრუნველყო სასწავლო პროცესის მართვის პლატფორმების e-learning.tsu.ge და lms.tsu.ge მოდიფიცირება და გააქტიურება, ასევე, შეძენილი იქნა ონლაინ ლექციების ჩასატარებლად პროგრამული უზრუნველყოფის Zoom-ის ლიცენზიები, რომლის მეშვეობითაც ხდება ონლაინ ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის. გაკეთდა ონლაინ ცხელი ხაზი, რომელიც 24/7 ზე პასუხობდა სტუნდებისა და აკადემიური პერსონალის შეკითხვებს და დახმარებას უწევდა მათ ტექნიკური თვალსაზრისით. დაკავშირება ცხელ ხაზთან შესაძლებელი იყო როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონული ფოსტით. სტუდენტებისთვის, ასევე, დამატებითი საშუალება გახდა lms.tsu.ge, სადაც ხდება პრობლემის დაფიქსირება წერილობით, ტექნიკური დახმარების ჯგუფი კი უმოკლეს ვადაში ახდენს ამ პრობლემაზე რეაგირებას. ასევე, ჩატარდა არაერთი ტრენინგი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების მიმართულებით (Moodle, Zoom, Lms), მომზადდა ვიდეო და წერილობითი გზამკვლევები, როგორც პედაგოგებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სამუშაო სივრცე ონლაინ რეჟიმში გადაგვეტანა.
— უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს სხვადასხვა დონის ციფრული ცოდნა-უნარი აქვს. ონლაინ სწავლებისათვის აკადემიურ პერსონალს ციფრულ ტექნოლოგიაში პროფესიული განვითარება და მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. რა პრობლემების წინაშე დადგა ამ მხრივ თქვენი დეპარტმანეტი და რა ღონისძიებები გატარდა შეზღუდული გამოცდილების აღმოსაფხვრელად?
— როგორც უკვე აღვნიშნე, თსუ-ის ცენტრალურ ადმინისტრაციასთან და ფაკულტეტების დეკანებთან ერთობლივი მუშაობით ჩატარდა ტრენინგები პედაგოგებისთვის, მომზადდა ვიდეო და წერილობითი გზამკვლევები, როგორც Moodle-ის, ისე Zoom-ის პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციები. შექმნილი იყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც აქტიურ ტექნიკურ დახმარებას უწევდა აკადემიურ პერსონალს როგორც ფოსტის, ისე სატელეფონო კონსულტაციების მეშვეობით. გარდა დისტანციური, საკონსულტაციო დახმარებისა, ყველას ჰქონდა საშუალება ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში მოემართა ჩვენთვის და ჩვენი თანამშრომლები თითოეულ მათგანს საჭირო ტექნიკურ დახმარებას გაუწევდნენ.
— აკადემიური პერსონალს, ციფრული ცოდნა-უნარების მიუხედავად, დისტანციური და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის IT დეპარტამენტის შესაბამისი ტენიკური მხარდაჭერაც სჭირდება. ამ მხრივ როგორი მომზადებული შეხვდა IT დეპარტამენტი არსებულ გამოწვევას?
— რთულია ბოლომდე მობილიზებული და მომზადებული დახვდე მსოფლიო პანდემიას, რომელიც გამოწვევად იქცა ყველასთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უმოკლეს დროში მოვახერხეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზება და ვეცადეთ მაქსიმალურად ეფექტურად გვემოქმედა: ჩამოყალიბდა 16 კაციანი ჯგუფი (ცხელი ხაზის 4 ოპერატორი; ტექნიკური მხარდაჭერის 6 სპეციალისტი, ქსელის ადმინისტრირების 2 და სერვერული ინფრასტრუქტურის 1 ადმინისტრატორი, Moodle სისტემის 2 ადმინისტრატორი, დეპარტამენტის უფროსი). არც ერთი დღე სახლში არ ვყოფილვართ და ვცილობდით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავხმარებოდით ყველას, ვისაც რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა.
— სტუდენტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას სწავლების დისტანციური ფორმის დროს სხვადასხვა შეფერხებების გამო. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით რა ღონისძიებებს ატარებთ?
— ძირითადი პრობლემები, რაც სტუდენტებს საწყის ეტაპზე წარმოეშვათ, უკავშირდებოდა, ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობას და ტექნოლოგიურ სიახლეეებს, რაც დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ მოიტანა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სხვადასხვა სახის დამხმარე ინსტრუქციები, რაც გაუმარტივებდათ სტუდენტებს ონლაინ სივრცეში ოპერირებას. ამის გარდა, დაინერგა სხვადასხვა სახის ცნობების ელექტრონული ფორმატით მოთხოვნა და მიწოდება. ასევე, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა — განცხადება ელექტრონული ფორმატით წარმოადგინონ, რომელიც ავტომატურად ხვდება კანცელარიაში და ტარდება ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში edocument, პასუხიც ელექტრონულად უბრუნდება მას და შესაძლებლობა ეძლევა — მისთვის საჭირო ინფორმაცია თუ დოკუმენეტი უნივერსიტეტში ვიზიტის გარეშე მიიღოს.
— სამომავლოდ რა აქტივობების განხორციელებას გეგმავთ ტექნიკური ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად ხარისხიანი დისტანციური სწავლების წარმართვისათვის?
— სამომავლოდ დაგეგმილია არსებული ონლაინ პლატფორმის lms.tsu.ge-ს განახლება და ასევე სხვადასხვა სერვისების დანერგვა იმისათვის, რომ სტუდენტს დისტანციურ რეჟიმში სწავლება გაუმარტივდეს. და არა მხოლოდ სტუდენტს, ასევე, აკადემიურ პერსონალს მიეცეს მეტი შესაძლებლობა, რომ სალექციო კურსი მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს.