ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს — თანამშრომელ პროფესორთა შვილებსა და შვილიშვილებს თავი დაამახსოვროს იმით, რომ უნივერსიტეტის გაზეთში მათ შესახებ გაჩნდეს ჩანაწერი — დასამახსოვრებელი საბავშვო თავგადასავლები, ამბები და წარმატების მაგალითები. „პრესაში უკვე პოპულარული ხარ“ — ეტყვის დედა, მამა, ბაბუა ან ბებია პატარებს თუ მოზრდილებს და „ამ პოპულარობის“ ხიბლით, ვინ იცის, რა კაცები და ქალები დადგნენ... ასე რომ, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ჩვენ მათ უფლებას შევეხებით — წარმოჩნდნენ, როგორც ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
რეზო ჯორბენაძე გვიყვება: „მყავს ორი შვილი: ნინო და თამარ ჯორბენაძეები. ნინო 9 წლის ხდება აგვისტოში, თამარი 7 წლის გახდა. დაბადების დღე ოჯახურ წრეში გადავიხადეთ. მართალია, ეწყინა, რომ მეგობრები ვერ დაპატიჟა, მაგრამ ინტერნეტით ბევრი მოლოცვა მიიღო. თაკო პირველკლასელია, სწავლობს გერმანულ სკოლაში, ჰყავს კარგი დამრიგებელი და, საერთოდ, უყვარს და მოსწონს სკოლის სიტუაცია. თაკო კარგად ხატავს. მისი თქმით, სურს — მხატვარი გამოვიდეს.
ნინოს რაც შეეხება, იგივე სკოლაში სწავლობს მესამე კლასში. ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებთანაც კორონავირუსის პირობებში ურთიერთობას ელექტრონული საშუალებებით ახერხება. ამის მიუხედავად, მაინც ენატრება მათთან შეხვედრა და თამაში. ერთხელ ქუჩაში ვსეირნობდით ოჯახი და მოითხოვა მის კლასელს დავკავშირებოდით. სამწუხაროდ, კლასელი სახლში არ იყო. გული დაწყდა. ნინო დამატებით დადის მსახიობ მარიამ ჯოლოგუას თეატრალურ სტუდიაში „ET CETERA“. შემოდგომაზე პირველი სპექტაკლი დადგეს და თავისუფალი თეატრის სცენაზე ითამაშეს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა დაძლიეს კარანტინით გამოწვეული დაბრკოლება და ელექტრონულ სწავლებას წარმატებით ართმევენ თავს. ეს მათი პირველი გამოცდილება იყო კომპიუტერთან ასეთი სახის ურთიერთობის. მე და ჩემი მეუღლე – ნატა მეფარიშვილი ყოველ დღე ვცდილობთ, ბავშვებს შევუქმნათ ბედნიერი და სახალისო გარემო, რათა დაძლიონ კარანტინით გამოწვეული იზოლაციის სირთულე“.