ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება და სრულყოფა — ასეთი გახლავთ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ამოცანა, რის შესახებაც ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ 8 მარტს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე — „ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021“ — განაცხადა. ფორუმში მონაწილეობდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, აკადემიური წრეებისა და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე ორი ძირითადი თემა განიხილეს: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება.“
ფორუმზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული აკადემიური ეთიკის პროექტის თაობაზე, რომელიც საქართველოს 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი, როგორც აღვნიშნეთ, ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და სრულყოფას.
„დისკრიმინაციის აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ასოცირების შეთანხმება და დირექტივები, მათ შორის აღსანიშნავია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობასთან მიმართებით მამაკაცთა და ქალთა თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტამბოლის კონვენცია და მასში დამტკიცებული მარეგულირებელი ნორმები. საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და, შესაბამისად, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოითხოვს სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუციებისაგან სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის ამკრძალავი დებულებების განმტკიცებას მათ მარეგულირებელ აქტებში და ამ გარანტიების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს უნივერსიტეტების უმრავლესობას სხვადასხვა მარეგულირებელ აქტებში, მათ შორის, ეთიკის კოდექსებში აქვთ ასახული ანტიდისკრიმინაციული რეგულაციები, მაგრამ ეს რეგულაციები მაინც საჭიროებენ სრულყოფას და გაფართოებას, განსაკუთრებით სიძულვილის ენისა და სექსუალური შევიწროების მიმართულებით. ამ აქტებისა და ეთიკის კოდექსების მოდიფიცირება მოითხოვს, ასევე, ძალიან მოქნილი და ხელმისაწვდომი აღსრულების პროცედურების ინტეგრირებას. ნორმატიული დებულებები, მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად უმოქმედოა მათი აღსრულებისათვის აუცილებელი პროცედურული გარანტიების არსებობის გარეშე, რომელიც პირებს მათი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს. ეს მნიშვნელოვნად ეხება მტკიცების ტვირთის, მტკიცების სტანდარტისა და მტკიცებულებებზე წვდომის საკითხებს (დისკრიმინაციის შემთხვევებში).
ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პროექტი, როგორც უკვე აღინიშნა, აერთიანებს საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, მათ შორის არიან რეგიონალური უნივერსიტეტებიც. პროექტის აკადემიურ მხარდაჭერას ახორციელებს ვოშბორნის სამართლის სკოლა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენი სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს საუნივერსიტეტო რეგულაციების, მათ შორის, ეთიკის კოდექსების გაუმჯობესების პროექტებს და წესებს, ასევე შესაბამის საქმეთა პროცედურული განხილვის სარეკომენდაციო სტანდარტებს. სხვა და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაცვლიან გამოცდილებას და მხარს დაუჭერენ მათ მიერ წარმოდგენილ უნივერსიტეტებში შესაბამისი რეგულაციების ასახვას მათივე ეთიკის კოდექსებში. ვოშბორნის სამართლის სკოლის ექსპერტები ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და დისტანციურად გაგვიწევენ კონსულტაციას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, გაგვიზიარებენ მოსაზრებებს ჩვენს პროექტებზე და, ასევე, ჩაატარებენ შესაბამის თემატურ ვორქშოპს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის“, — აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, შეიმუშავებს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტს, რის თაობაზე მუშაობაც ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაცაა. როგორც თამარ ზარანდია აცხადებს: „დოკუმენტი გააერთიანებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე ეროვნულ ტექსტს და იქნება აკადემიური წრეებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების წარმართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს დოკუმენტი მეცნიერულ განმარტებას მისცემს ყველა იმ საკანონმდებლო გარანტიას, რომელიც გათვალისწინებულია სიძულვილის ენისა და სექსუალური აკრძალვის სფეროში, მათ შორის, მტკიცების ტვირთის გადანაწილების, მტკიცების სტანდარტის, კონფიდენციალურობის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერების პრინციპის პრაქტიკული განხორციელებისთვის. პოლიტიკის დოკუმენტის მიღებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში მონაწილე სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად აღიარებს, რომ სექსუალური შევიწროება და სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის თანასწორუფლებიანობას“, — აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა.
პოლიტიკის დოკუმენტის სრულყოფის შემდეგ აქტუალური იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში ამ წესების გამოყენების მიმართ ნდობის, ცნობიერებისა და კულტურის ამაღლების საკითხი. თამარ ზარანდიას თქმით, აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო პროცესისა და შრომითი ურთიერთობის მონაწილე პირებს უნივერსიტეტმა შესთავაზოს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული გეგმაზომიერი და თანმიმდევრული კამპანია.
მოამზადა ნატო ობოლაძემ