მაია ტორაძე
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 145 წლისთავს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტმა გამართა.
კონფერენციის გახსნით სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი ქართული ისტორიოგრაფიისა და მეცნიერების წინაშე და აღნიშნეს, რომ მან არაერთი საისტორიო დისციპლინის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი საქართველოში, ისტორიოგრაფიას კი დაუტოვა სკოლა, რომლის წარმომადგენლები დღესაც მეცნიერების ამ მიმართულების პატრიარქებად მიიჩნევიან.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თედო დუნდუამ. მან ასევე წარადგინა ინსტიტუტის შრომების მე-17 ტომი.
აღინიშნა, რომ გამოქვეყნებულ 14 სამეცნიერო ნაშრომთან ერთად კრებულში წარმოდგენილია ელენე გოგიაშვილის რეცენზია წიგნზე „ანა ჭეიშვილი, ანა მარგველაშვილი – ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში“. ასევე ბიბლიოგრაფული ცნობარი –“ისტორიული მეცნიერების განვითარება საქართველოში სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები (1993-2006 წლები)“ და ალექსანდრე ბოშიშვილის, ლერი თავაძის, ეკა კვირკველიას და აკაკი ჩიქობავას ანგარიში „კვირიკე რანთა და კახთა მეფის ასულის ელენეს ეპიტაფია“.
შრომების მე-17 ტომში პროფესორ თედო დუნდუას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მკითხველი იხილავს მის პუბლიკაციათა სიას, აგრეთვე – 12 აგვისტოს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის — დიდგორის ბრძოლა – 900 — მასალებს.
ინსტიტუტის თანამშრომლები ამავე გამოცემაში იხსენებენ პროფესორ გიორგი ოთხმეზურს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაკლდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტისა და ქართველი სამეცნიერო საზოგადოების რიგებს. „გიორგი ოთხმეზური საისტორიო საზოგადოების იმ თაობას განეკუთვნებოდა, რომელიც ღირსეულად აგრძელებდა ივანე ჯავახიშვილის დასახულ გზას, ისტორიის კრიტიკული გააზრებისა და კომპლექსური კვლევის მეთოდების გამოყენებით, რაც მის ნაშრომებზეც აისახება. ამიტომ მის კვლევებში განვითარებული მოსაზრებები დღეს აქტუალურია და სამომავლოდაც არაერთი თაობისთვის სახელმძღვანელოდ დარჩება“, – წერია მისი ხსოვნისადმი მიძვნილ წერილში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლერი თავაძემ საკონფერენციო მოხსენებაში – „ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა“ – ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის აკადემიურ და სამეცნიერო მიღწევებზე, მის მიზანზე – დაეწერა საქართველოს სრული ისტორია, ძველი დროიდან დღევანდელობამდე.
კონფერენციის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი თემატიკა მრავალფეროვანი იყო. მონაწილეებმა საინტერესო მიგნებები გააცნეს აუდიტორიას. თეირანის ჰუმანიტარული და კულტურული მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარმა მაჰსა ვეისიმ მოხსენებაში – „აქემენიანები კავკასიაში PaxPersica -ს საფუძველზე“, – ყურადღება გაამახვილა კავკასიაში აქემენიდების მმართველობაზე.
ნათია ფიფიამ და ეკატერინე კობახიძემ წარადგინეს ნაშრომი – „მცხეთაში აღმოჩენილ სამ ბერძნულ წარწერაში მოხსენიებული პირების – ანაგრანესის, დედოფალ დრაკონტისისა და იბერიის მეფე ამაზასპის საკითხისათვის“. მათ კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში ნაპოვნი რამდენიმე ბერძნული წარწერის სხვადასხვა ინტერპრეტაცია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო სილაგაძემ მოხსენებაში – „რამდენიმე მოსაზრება მეფეთა გამოსახულებების შესახებ სასანური მხატვრული ვერცხლის ნაკეთობებზე“ – ისაუბრა არტეფაქტებზე სამეფო პორტრეტების გამოყენებით, რომელთაგანაც რამდენიმე, მისი ვარაუდით, საქართველოში უნდა ყოფილიყო დამზადებული.
ისმაილ შამსიმ თეირანიდან მოხსენებაში ჩამოაყალიბა მუსლიმ და ქართულ ძალებს შორის დაპირისპირებათა კლასიფიკაცია მე-7-მე-11 საუკუნეებში.
„ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტის პროფესორმა მირჩა-კრისტიან გენგამ (რუმინეთი) ისაუბრა დიდი მიტროპოლიტის/არქიეპისკოპოსის, ანთიმოზ ივერიელის სახეზე ნიკოლაე იორგას ნამუშევრებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა ემილ ავდალიანმა აღწერა საერთაშორისო სავაჭრო გზები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მე-18-21-ე საუკუნეებში გადიოდა.
საინტერესო თემები წარმოდგინეს ასევე მომხსენებლებმა იულიან მოგამ („ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტი; „სალოსობა აღმოსავლეთის საქრისტიანოში. რუმინული და ქართულიპარადიგმები“); პოლ კრეგომ (მკვლევარი, ვაშინგტონი; „ქართული გამოფენა უოლტერსის ხელოვნების მუზეუმში: მართლმადიდებელიეკლესიის წინააღმდეგობა“), მარჩინ ვიეჩორეკმა (პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი (პოლონეთი) – „XIX საუკუნეში პოლიტიკურ გადასახლებაში მყოფ პოლონელთა თვალითდანახული საქართველო“).
ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სერგეი ტამბიმ (ესტონეთი) მოხსენებაში — „თბილისის ესტონური დიასპორის წარსული და თანამედროვეობა“ — საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას, კერძოდ, მან ისაუბრა ესტონური დიასპორის წარსულსა და ახლანდელ ვითარებაზე თბილისში. აღნიშნა, რომ „პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ ტარტუს უნივერსიტეტი თბილისში გადაეტანათ. ქალაქ თბილისის მმართველობა მზად იყო, გამოენახათ ადგილი ტარტუს უნივერსიტეტისათვის, მაგრამ ეს გეგმა არ შესრულდა“.
მესამე სესია დაეთმო ქართველ მკვლევრებს, რომლებმაც კონფერენციაზე მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკა წარმოადგინეს: თენგიზ სემაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ისაუბრა 1924 წლის სექტემბრის საბჭოთა რეპრესიებზე კახეთის სოფლებში; აპოლონ თაბუაშვილმა ისაუბრა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე 1782 წელს; ნიკო ჯავახიშვილმა თბილისიდან წარადგინა გამყრელიძეთა ოჯახური ისტორია; ალექსანდრე ბოშიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ისაუბრა 1829 წლის მღელვარებაზე თბილისის გუბერნიაში; დიმიტრი შველიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის, გამოჩენილი ქართველი მწერლისა და პოლიტიკური ფიგურის ერთი თარგმანი; ქეთევან ციმინტიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ისაუბრა ქორწინების ამკრძალავ გარემოებაზე სამეგრელოში; აკაკი ჩიქობავამ თბილისიდან ისაუბრა თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოყენებულ მეთოდებზე.
ყველა სესიის შემდგომ მონაწილეთა შორის საინტერესო დისკუსია იმართებოდა. აღინიშნა, რომ კონფერენციის ონლაინ ფორმატს ხელი არ შეუშლია მკვლევართათვის, საკუთარი ნაშრომები გაეცნოთ კოლეგებისთვის, რაც თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის აქტიური და შემოქმედებითი საქმიანობის დამსახურებაა.