უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების შეფასებისას, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი კრიტერიუმი მისი კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე დაკვირვებაა. ამჯერად თსუ-ის კურსდამთავრებულზე, სალომე კუსიანზე გიყვებით.
სალომე კუსიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხური შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობით 2014 წელს დაამთავრა; 2019 წელს ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების სპეციალობით თსუ-ის მაგისტრის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ძალიან მალე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სალომე კუსიანი სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორად აირჩიეს.
„სოციალურ მეწარმეობასთან პირველად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში გადავიკვეთე, შემდეგ ამ სფეროს მუდმივი მხარდამჭერი გავხდი, რაც ალიანსის გუნდის წევრობით დავასრულე. მოხარული ვარ, რომ ალიანსის გამგეობამ ნდობა გამომიცხადა და ორგანიზაციის დირექტორად ამირჩია“, — ამბობს სალომე. მანამდე კი მუშაობდა ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე სს „ნიკორაში“, იყო „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ტრენერ/კონსულტანტი, სსიპ „იუსტიციის სახლში" ასრულებდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მრჩევლის მოვალეობას.
„ვფიქრობ, უნივერსიტეტმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მომცა, ისაა, რომ სწორი ხედვა და ღირებულებები ჩამომიყალიბა. ეს კი, ცხოვრების ყველა ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეხმარება“, — გვითხრა სალომე კუსიანმა.
განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც სიტყვა — განვითარებადი — უკვე მიუთითებს, რომ სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და, თუნდაც, საგანმანათლებლო მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს, ისეთი ინსტიტუციის არსებობა, როგორიც „სოციალურ საწარმოთა ალიანსია“, ბიზნეს სექტორში ცვლილებების მოლოდინს ქმნის. ორგანიზაციის მისიაში ნათქვამია, რომ „სოციალური მეწარმეობა საზოგადოების საკეთილდღეოდ რეალური სოციალური განვითარების ეფექტური გზაა“. დღეს ალიანსის განვითარებაზე თსუ-ის კურსდამთავრებული სალომე კუსიანი ზრუნავს.
„სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ბიზნეს მოდელს, რომელიც იქმნება გარკვეული საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად. ბიზნეს იდეა აუცილებლად უკავშირდება საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრის ახლებურ გზებს. არ არის აუცილებელი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ სოციალურ საკითხს — სიღარიბის დაძლევას, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ან სხვა რაიმე მსგავსს უკავშირდებოდეს, მას უფრო ფართო გაგება აქვს. სოციალური საწარმოს მისია შესაძლებელია ეხებოდეს ტრადიციული კულტურის გადარჩენას, გარემოს დაცვას და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური მეწარმეობა უკვე გულისხმობს დადებითი ცვლილებების მოტანას საზოგადოებისთვის, იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ჩვენს რეალობაში კი, ვფიქრობ, ყველა ეს საკითხი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი არჩევანიც — საქმიანობა დამეწყო სოციალურ საწარმოთა ალიანსში, საქართველოში ამ სფეროს განვითარების საჭიროებამ და მისმა არსმა განაპირობა. ალიანსის მიზნების მისაღწევად, ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კონცეფციის პოპულარიზაცია, ხელშემწყობი გარემოს შექმნა და სოციალური მეწარმეების გაძლიერება“, — აღნიშნა სალომე კუსიანმა.
ამოცანა დასახულია, პასუხისმგებლობა, თავისთავად, დიდია და ამ პროცესში გადამწყვეტია ხელმძღვანელი პირის განწყობა და დამოკიდებულება საკუთარი საქმის მიმართ. მნიშვნელოვანია, თუ რა არის უპირატესი მიზანი — ნაყოფიერ შედეგზე ორიენტირება თუ კარიერა?
„ჩემი საქმიანობის მთავარ მიზანს კარიერას არ დავუკავშირებდი. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს — ვაკეთებდე საქმეს, რომელიც, სულ მცირე, ერთი ადამიანის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და ექნება დადებითი გავლენა“, — გვიხსნის სალომე კუსიანი.
რას ნიშნავს — იყო წარმატებული?
დღეს საზოგადოებაში „წარმატებულის“ შეფასებისას ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს, რაც, ზოგჯერ, დამაბნეველიც კი ხდება. სალომე გვიზიარებს, რომ წარმატება არ არის შედეგი, წარმატება პროცესია, რაზეც თავის რეზიუმეშიც — „ენთუზიაზმით სავსე უწყვეტი განათლების (lifelong learning) მიმართ.“ — საუბრობს. სალომე ამბობს, რომ „ცნება — „წარმატება“ პირობითია და, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ჩვენგანი საზოგადოებაში მიღებული განმარტების მსხვერპლი ხდება, რაც ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. კარიერული საფეხურების გავლა და დაწინაურება, ჩემი აზრით, ყოველთვის არ ნიშნავს წარმატებას. მთავარია, ადამიანი მუდმივად ცდილობდეს, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, იყოს რეალიზებული და ეძიებდეს განვითარების გზებს.“ თუმცა, მანამდე, საჭიროა პროფესიის გააზრებული არჩევანი და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება, რაც პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სწორი სტრატეგიის განსაზღვრას განაპირობებს და შემდეგ წარმატების ნიშნულზეც აისახება.
„ყველაზე კარგი საშუალება სხვადასხვა საქმიანობაში საკუთარი თავის გამოცდაა, თუკი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესის სფერო არ გაქვს. სტუდენტობის პერიოდში, ვფიქრობ, ყველაზე ღირებულ გამოცდილებას მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობა, პროექტებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ახალ ადამიანებთან შეხვედრები წარმოადგენს. თითოეულ ახალ აქტივობას საკუთარი თავის სხვა მხრიდან აღმოჩენა მოჰყვება ხოლმე, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას გვაძლევს — შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და განვსაზღვროთ საქმიანობა, რაც სიამოვნებას გვანიჭებს“, — აღნიშნა სალომე კუსიანმა.
სალომე კუსიანის თავისუფალი დრო
სალომე არის ღიმილიანი ადამიანი, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ყოველთვის მზადაა მოხალისეობრივად ჩაერთოს სხვადასხვა საქმიანობაში, თუ ეს დადებითი შედეგის მომტანია. თუმცა, ახალი არ არის, რომ ნაყოფიერი მუშაობისთვის დროული განტვირთვა აუცილებელია. სალომე უპირატესობას მთაში დასვენებას ანიჭებს. „მიყვარს მთა და ლაშქრობებში სიარული. შესაბამისად, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ბილიკი ავითვისო საქართველოში და განვიტვირთო ბუნებაში. პარასკევი საღამო და უქმეები კი, ვცდილობ, გავატარო ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სხვადასხვა სივრცეში“, — ამბობს სალომე კუსიანი. ასევე, გვიზიარებს, რომ უყვარს სხვადასხვა გამოცდილებისა და შთაბეჭდილების მიღება, რისი წყაროც შეიძლება იყოს სახვითი ხელოვნების ნიმუშები ან, თუნდაც, ამა თუ იმ კინორეჟისორის ფილმის გაცნობა. „წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა კლიმტის „კოცნა“ და ვან გოგის „საწოლი ოთახი არლში“ ნამუშევრების ნახვამ. ასევე, კარანტინის პერიოდში დავუმეგობრდი ვუდი ალენსა და მის შემოქმედებას“, — გვითხრა სალომემ.
მოამზადა ნატო ობოლაძემ