თამარ დადიანი
ვარშავის უნივერსიტეტის ვირტუალური საზაფხულო სკოლა — „Sociology of Elites: Case Studies and Methods“ (ელიტების სოციოლოგია: შემთხვევის შესწავლა და მეთოდები) 30 სექტემბერს გაიხსნა. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია რობერტ ბ. ზაიონსი ვარშავის უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტიდან.
ვირტუალური საზაფხულო სკოლა თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს სემინარებსა და მასტერკლასებს, რომლის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებს გააცნოს ის თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები, რომელიც გამოიყენება ელიტების სოციოლოგიური კვლევების დროს.
სემინარი განიხილავს შემდეგ თემებს: ინტელიგენცია, როგორც ცენტრალური ევროპის კონკრეტული ელიტის ტიპი; პოლონეთის უნივერსიტეტები კომუნისტური პერიოდის განმავლობაში: ახალი ელიტის შექმნის მცდელობა; 1989 წლის პოლონეთში კვლევითი ცენტრების სფეროს ტრანსფორმაცია და განვითარება; ბიზნეს ელიტა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში 1989 წლის შემდეგ და სხვა.
საზაფხულო სკოლა გაამდიდრებს ახალგაზრდა დოქტორანტებს პრაქტიკული ცოდნით და კომპეტენციებით ელიტის სამეცნიერო შესწავლის მიმართულებით. სკოლის მონაწილეები ასევე გაეცნობიან პოლონელი სოციოლოგების უახლეს ნაშრომებს ამ თემაზე. მათ ეძლევათ საშუალება, ინდივიდუალურად იმუშაონ სკოლის ინსტრუქტორებთან საკუთარ კვლევით პროექტებზე. ეს ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან. პირველი მოიცავს პრეზენტაციას და დისკუსიას, უახლეს და მიმდინარე კვლევებს პოლონეთში კულტურულ, ეკონომიკურ ელიტებთან დაკავშირებით. პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმობა მეცნიერების ემპირიული კვლევების საფუძველზე მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას, რამდენიმე თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პიერ ბურდიეს თემატური კვლევის ანალიზზე.