პროგნოზი — მალე დავამარცხებთ ვირუსს — თურმე ზედმეტად ოპტიმისტურია, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია ეს რეალობა ასე მალე დადგეს. რა გველოდება და რისგან ვიცავთ თავს სახლში ჩაკეტვით? რისი იმედი უნდა გვქონდეს და რეალურად რა გადაგვარჩენს? — გვესაუბრება ვირუსოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნინო გაჩეჩილაძე.
- რაში მდგომარეობს „კოვიდ-19“ ვირუსის უჩვეულობა?
- მიაქცევდით ყურადღებას, რომ როდესაც „კოვიდ-19“-ზე იწყება ლაპარაკი, ყოველთვის წინ ურთავენ სიტყვას — ახალი კორონავირუსული ინფექცია. ვირუსი ნამდვილად ახალია. კორონავირუსები კარგად აღწერილი და ცნობილი ჯგუფია. ისინი ძუძუმწოვრებში იწვევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, თუმცა ჩლიქოსან პირუტყვში შეიძლება გამოიწვიოს ენტერო ინფექციებიც. ახალი ვირუსი განსაკუთრებული არის იმით, რომ აქამდე ადამიანში ის აღწერილი არ იყო, ადამიანი მას არ დაუსნებოვნებია და, მითუმეტეს, არ ახასიათებდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, რისი საშუალებაც შეიძინა მუტაციის მეშვეობით. ახლა გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს — 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული ადამიანი მსოფლიოში და გარდაცვლილების საკმაოდ დიდი რიცხვი.
მუტაცია ვირუსებს ახასიათებთ, ეს ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ახალი ვირუსი ჯერ შესწავლილი არ არის — არც მისი ქცევა, არც მისი რეპლიკაციური ციკლის თავისებურებები ბოლომდე არ ვიცით. ვიცით, რომ ის ძალიან კონტაგიოზურია, ვიცით მისი ქცევის ტიპიური სურათი, მაგრამ არ გვაქვს მკურნალობის სრულყოფილი სქემა. ჩვენ ვიცავთ ვირუსული ინფექციის და მისი გართულებების მკურნალობის და პროფილაქტიკის ზოგად პროტოკოლს. თუმცა, როდესაც საქმე ტიპიური შემთხვევებიდან გადახრას ეხება, აქ ზუსტად ვეღარ ვხსნით — რა ხდება. იყო შემთხვევები, როდესაც ერთ სივრცეში ყოფნისას ცოლი დაინფიცირდა და ქმარი — არა, ერთი ექიმი ერთ შემთხვევაში დაინფიცირდა, ხოლო მეორე ექიმი, რომელმაც მთელი დღე გაატარა ინფიცირებულ პაციენტებთან მაშინ, როცა არც იცოდა — ისინი „კოვიდ-19“-ით იყვნენ თუ არა დაინფიცირებული, გადარჩა, არ დაინფიცირდა. ანუ, ამ ვირუსის ყველა ტიპის ქცევა წინასწარ არ ვიცით. მისი კონტაგიოზურობის თითქოსდა ცნობილი ფაქტიც კი ხანდახან კითხვებს იწვევს.
- არის თუ არა „კოვიდ 19“ სეზონური ვირუსი?
- კორონა ვირუსებს, ისევე, როგორც ე.წ. „გაციებების გამომწვევ“ ვირუსებს (ადენო ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, გრიპის ვირუსი და ა.შ.) ახასიათებთ სეზონური ციკლურობა. ისინი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისიდან იწყებენ გააქტიურებას დედამიწაზე და გაზაფხულის ბოლოსკენ ნელდება მათი აქტივობა. შემდგომ მათ ენაცვლებათ ენტეროვირუსები — კუჭ-ნაწლავის ინფექციების გამომწვევები. ახალი კორონავირუსული ინფექციაც შეიძლებოდა სეზონურ ვირუსად ჩაგვეთვალა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ახლად წარმოქმნილი კორონავირუსი როგორ მოიქცევა, იქნება თუ არა ის სეზონზე დამოკიდებული, გამოიწვევს თუ არა დათბობა ან აციება მის დეაქტივაციას, ან პირიქით, უფრო გააქტიურებს მას თუ არა — ეს ჯერ არავინ იცის. ვნახეთ, რომ თბილ ქვეყნებშიც, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა და მიუხედავად მზის სხივების ინტენსივობისა, მაინც შენარჩუნდა მისი აქტივობა.
- მოკვდება თუ არა ვირუსი ოდესმე?
- ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მკურნალობა, მოვახდინოთ ვირუსის დე-აქტივაცია ორგანიზმში, შევიმუშაოთ ვაქცინა და ავცრათ მოსახლეობა, მაგრამ ბუნებაში თავისთავად წარმოქმნილი ვირუსი „გარდაიცვალოს“ — ასეთი რამ არ ხდება. ახალახალი ვირუსების წარმოქმნა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესია, ის მუდმივად მიმდინარეობს და ასეთი ახლად წარმოქმნილი ვირუსები ცირკულირებენ დედამიწაზე. თუ ის გვაინტერესებს — შენელდება თუ არა ამ ვირუსის გავრცელება, ანუ გაივლის თუ არა ეს საშინელი პანდემია? გიპასუხებთ: — დიახ, პანდემია გადაივლის და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ან ჩვენ შევიმუშავებთ მკურნალობის ეფექტურ მექანიზმს, შევქმნით წამალს, რომელიც ყველაზე ეფექტურად შეებრძოლება ამ ვირუსს, ან დაინფიცირდება ისეთი რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის, რომ შეიქმნება ე.წ. „იმუნური ფენა“ და შესაბამისად, შეჩერდება ვირუსის გავრცელება. იმუნური ფენა შეიქმნება ან ბუნებრივად — მოსახლეობის დიდი რაოდენობის ინფიცირების და ინფექციის გადატანის, ან ვაქცინის გამოგონების შემთხვევაში მასიური იმუნიზაციის შედეგად. ეს არის და ეს, რაც შეიძლება ვირუსს მოვუხერხოთ.
გარდა ამისა, ამჟამად ისიც ბოლომდე გარკვეული არ არის — ახალი კორონავირუსი რამდენად მყარ იმუნიტეტს ტოვებს. არის ინფექციური დაავადებები, რომელსაც ერთხელ თუ გადაიტანს ორგანიზმი, შემდეგ მას იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ მიყვება მთელი ცხოვრება. არის სხვა ტიპის ინფექციური სნეულებები, რომელიც ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებს და არ არსებობს გარანტია, რომ მეორეჯერ, მესამეჯერ არ მოხდება დაინფიცირება. შეღავათი ისაა, რომ ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქი ფორმით წავა. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში როგორ და რა მოხდება, ჯერ ბოლომდე არ ვიცით. ინფექციაგადატანილ ავადმყოფებს, რასაკვირველია, გამოუმუშავდათ იმუნიტეტი და დღესდღეობით არის ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი იმუნიტეტგამომუშავებული ხალხის პლაზმა გამოვიყენოთ სამკურნალოდ. თუმცა, ახალ ვირუსთან მიმართებით რამდენად მდგრადი იქნება იმუნიტეტი, არ ვიცით. გეტყვით იმასაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. იმუნური ფენის შექმნა მაინც იქნება აუცილებელი — ეს იქნება ინფექციაგადატანილი ხალხის ხარჯზე თუ ვაქცინაციის ხარჯზე, სხვა საქმეა.
- რომელი უფრო ადრე გვექნება თქვენი აზრით, წამალი თუ ვაქცინა?
- ვაქცინის შემუშავების და მერე მისი გამოცდის პროცესი ცოტა უფრო ხანგრძლივია, თუმცა წამლის შემუშავებას და მერე მის გამოცდასაც ნაკლები დრო არ სჭირდება. ამჟამად უკვე არის ლაპარაკი რამდენიმე პრეპარატზე, სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვას იყენებენ, შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და, ფაქტობრივად, ყველა წამალი მიმართულია ვირუსული ციკლის შეწყვეტაზე. არის რამდენიმე წამალი, რომელიც ამას ახერხებს სამ-ოთხ დღეში, ზოგიერთი წამალი — ერთ კვირაში. ვერ გეტყვით რომელი დაასწრებს — წამალი თუ ვაქცინა, მაგრამ მგონია, რომ წამალი უფრო ადრე იქნება, ალბათ, შემუშავებული. ვაქცინას კი სადღაც ერთ წლამდე, მინიმუმ, გამოცდა დასჭირდება.
- დაამარცხა თუ არა ჩინეთმა ვირუსი?
- ძნელი სათქმელია, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩინეთს არ მიუტრიალდა ისევ ეს ვირუსი უკან. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, როდესაც ვირუსზე ვსაუბრობთ, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესია: ვირუსი, გამოვლილი სხვადასხვა „მასპინძელ“ ორგანიზმებში და, მითუმეტეს, თუ ეს „მასპინძელი“ ორგანიზმები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეროვნებით, რასით და ა.შ., იძენს ახალ-ახალ თვისებებს. ეს ეპიდემია ოდესღაც დამთავრდება ნამდვილად, მაგრამ როდესაც უკვე ჩაქრობის სტადიაში იქნება (ალაგ-ალაგ დარჩება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წვრილ-წვრილი კერები), ალბათ, მოიხსნება კარანტინი და როგორც კი ხალხი კვლავ დაიწყებს მოგზაურობებს ერთი ქვეყნიდან მეორეში, დიდი შესაძლებლობაა ინფექციის თავიდან აფეთქების სწორედ ვირუსის ამ „განახლებული ვერსიებით“. მოგისმენიათ, ალბათ, რომ სხვადასხვა შტამი ტრიალებს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს სხვადასხვა შტამები, თან ნაირნაირ მასპინძელგამოვლილი, უკან როცა დაუბრუნდება მაგალითად ჩინეთს, ვნახოთ — როგორ მოიქცევიან ისინი და მერე ვისაუბროთ — დაამარცხა თუ არა ჩინეთმა ვირუსი. ამჟამად ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ნამყოფმა თავიანთმა მოქალაქეებმა უკან „ჩაუტანეს“ ჩინეთს ვირუსი და კინაღამ ხელახალი ეპიდემია წამოვიდა. ასე რომ, ვნახოთ.
- სად არის გამოსავალი?
- გამოსავლია სამკურნალო პრეპარატის დროული მიგნება და ვაქცინის შექმნა. ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ — თვითიზოლაცია, ნაკლები კონტაქტები და ა.შ., არის გავრცელების პრევენცია, რათა ერთდროულად არ დაავადდეს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი. ფაქტიურად, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის „დამალობანას“ თამაში ვირუსთან. ჩვენ, უბრალოდ, ვწელავთ დროს და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც დროის მერე გვექნება მკურნალობის ეფექტური სქემა, პრეპარატი ან ვაქცინა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვწელავთ დროს იმისათვის, რომ ერთდროულად ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების დაინფიცირება ავირიდოთ თავიდან, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლოს. ყველას ხომ უნდა ჰყავდეს მკურნალი ექიმი — ინფექციონისტი. ღმერთმა არ ქნას, ერთდროულად დაინფიცირდეს იმდენი, რომ პაციენტის ინფექციური პროცესის მართვა ინფექციონისტის მაგივრად მოუხდეს ოტოლარინგოლოგს, ოფთალმოლოგს, დერმატოლოგს და ა.შ. ამიტომ, ჩვენი დღევანდელი სტრატეგია სწორია, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.
მიკრობული სამყარო (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები) სწრაფად ცვალებადია. ჩვენ, ადამიანები, ასეთი ტემპით ამ ცვლილებებს ხშირად ვერ მივსდევთ. არასდროს გვეგონოს, რომ მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია თავდაცვის სისტემა იმუნიტეტის სახით. მიკრობი საკმაოდ მოქნილი და კრეატიულია. ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მოვლენა — ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ უპასუხა ჩვენს დიად აღმოჩენას — ანტიბიოტიკს — მიკრობულმა სამყარომ. თითქმის 100 წელია გასული იმ დროიდან, როდესაც პირველი ანტიბიოტიკი შეიქმნა პენიცილინის სახით და გავრცელდა მსოფლიოში. შემდეგ შეიქმნა სხვა ანტიბიოტიკებიც, ისინი დამუშავდა ბიოტექნოლოგიური გზით, დაემატა სხვადასხვა რადიკალები და მივიღეთ ძალიან ძლიერი პრეპარატები. გვეგონა, რომ დავამარცხეთ ბაქტერიული სამყარო. გავიდა არასრული 100 წელიწადი და შევეჩეხეთ პრობლემას — ბაქტერიების მდგრადობას ამ ძლიერი პრეპარატების მიმართ. მიკრობულ სამყაროს ევოლუციური საზომით, ფაქტობრივად, წამები დასჭირდა იმისათვის, რომ გამოემუშავებინა ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან „ჭკვიანი“ მექანიზმები ანტიბიოტიკების გასანეიტრალებლად. ამას მიკრობი ახერხებს იმიტომ, რომ ის გახლავთ ცოცხალი, განვითარებადი და ადაპტირებადი. ფაქტია, რომ დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოლოდინი სწორედ ეს არის, რომ, სადღაც, 20-25 წლის შემდეგ ჩვენ შეიძლება ანტიბიოტიკები საერთოდ ვეღარ გამოვიყენოთ, რადგან ისინი შეიძლება აღარ იყვნენ ეფექტური ბაქტერიების წინააღმდეგ. ბიოტექნოლოგიის შესაძლებლობების გათვალისწინებით იმედი არსებობს, რასაკვირველია, მითუმეტეს საქართველოში, სადაც გვაქვს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი — ფაგები და ფაგოთერაპია. ანუ, გვაქვს ალერნატივა ფაგების სახით და, რასაკვირველია, არსებობს ბიოტექნოლოგიის პერსექტივაც, რომ მთლად ასე უიმედოდ არ დავრჩებით. თუმცა ის ფაქტი, რომ მიკრობული სამყარო ბევრად უფრო „ხანდაზმულია“ ჩვენზე, ჩვენზე ბევრი რამ „უნახავს“ და განუცდია დედამიწასთან ერთად, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია და სავსეა მოულოდნელობებით, მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.
- როგორ აფასებთ საქართველოს რეაგირების ხარისხს „კოვიდ 19“-თან ბრძოლის ამ ეტაპზე?
- ამ ეტაპისთვის გაკეთდა მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ინფორმაციით, არამედ საერთაშორისო პრესიდან და მედიიდანაც ცნობილი გახდა, რომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სივრციდან. ძალიან სწორი მენეჯმენტი აირჩია ქვეყანამ, მთავრობამ, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და ჩვენმა სასახელო ლუგარის ცენტრმა. ნამდვილად ძალიან სწორ და მოზომილ ნაბიჯებს დგამენ.
ესაუბრა ნინო კაკულია