გვესაუბრება თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე
– როგორ მიმდინარეობს თსუ–ში დისტანციური სწავლის პროცესი?
– ტექნოლოგიების ცვლილება საზოგადოების განვითარებას აჩქარებს, თუმცა დღეს საგანმანათლებლო სივრცეში ცვლილებები მოიტანა არა მხოლოდ განახლებულმა ტექნოლოგიებმა, არამედ საზოგადოებაში არსებულმა რეალობამ, რომელმაც ახალი ამოცანები დასახა უმაღლესი სასწავლებლების წინაშე. იმ თემებმა, რაც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიურობაა, ისევე განიცადა ადაპტირება, როგორც საგანმანათლებლო სისტემის ყველა სხვა ამოცანამ და პრობლემამ.
საგანგებო ვითარების პირობებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და ორგანიზება გაუწია არაერთ ღონისძიებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, კერძოდ: საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინფორმაციო-კომუნიკაციური, სასწავლო პროცესების მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით. მომზადდა სახელმძღვანელო ელექტრონული სწავლების თემებზე, სადაც განმარტებული იყო ყველა ის ტერმინი, ცნება თუ ინსტრუმენტი, რაც არსებითია ელექტრონული სწავლების პროცესის ხარისხიანი წარმართვისათვის. სახელმძღვანელო დოკუმენტებში წარმოდგენილი მასალები შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებზე, მათ შორის, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით.
ორკვირიანი არდადეგების განმავლობაში დამუშავდა და შეიქმნა ყველა იმ ელექტრონული პორტალისა თუ პლატფორმის ტუტორიალი, რომელიც რეკომენდებული იყო ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების საუნივერსიტეტო წესის თანახმად. ზემოხსენებული დოკუმენტი დამტკიცდა 2020 წლის 25 მარტს (რექტორის ბრძ. N67/01-01). მოსამზადებელ პერიოდში გამოვლინდა სასწავლო პროცესის მართვის დარგობრივი თავისებურებები და შემუშავდა ელექტრონული სწავლების კონცეფციები, რომლებიც განიხილა და დაამტკიცა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ (დადგენილება N31/2020, 06.04.2020), როგორც ერთგვარი სამოქმედო დოკუმენტი სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისათვის.
საგაზაფხულო სემესტრის დასაწყისისთვის სასწავლო პროცესში გააქტიურდა სამივე სასწავლო საფეხურის 2 770 სასწავლო კურსი 17 952 მსმენელით. სატესტო რეჟიმში 16 მარტიდან სასწავლო პროცესი დაიწყო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 23 მარტიდან, თავდაპირველად ასინქრონულად, შემდგომში კი სინქრონულად სწავლის პროცესს შეუერთდა შვიდივე ფაკულტეტი. ძირითადად, სასწავლო პროცესში გააქტიურებულია სინქრონული სწავლებისათვის ელექტრონული პლატფორმა Zoom. რაც შეეხება მედიცინის ფაკულტეტს, სადაც დარგის სპეციფიკა სწავლების პროცესში ჩართულ პირთაგან, გარკვეულწილად, განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, შეჯერდნენ, რომ სასწავლო პროცესი გამართულიყო ელექტრონული პლატფორმების Class room და Meet დახმარებით.
საფაკულტეტო შუალედური ანგარიშების მიხედვით, გაზაფხულზე გამოცხადებული სასწავლო კურსების უმრავლესობა მიმდინარეობს სინქრონულ საკომუნიკაციო რეჟიმში, ხოლო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ისევე, როგორც მედიცინის ფაკულტეტებეზე, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორიული, პრაქტიკული და კლინიკური კურსების გარკვეული კომპონენტები განხორციელდეს სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გადატანის შემდგომ. წინამდებარე გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დარგის სპეციალისტების მიერ საგანგებო გეგმის შემუშავება.
საფაკულტეტო სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტისა და ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის მიერ, სასწავლო პროცესების ანალიზის საფუძველზე, ნაწილობრივ დასრულებულია ინფორმაციის შეგროვება. ცალკეული სასწავლო დისციპლინების წამყვანი პედაგოგების მიერ ყველა ფაკულტეტზე შემუშავდა, აგრეთვე, ინდივიდუალური ინტენსიური სასწავლო კურსები იმ სტუდენტთათვის, რომელთაც დისტანციური სწავლების პროცესში შეფერხება დაუფიქსირდათ ტექნოლოგიური და ტექნიკური შეფერხების გამო, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 35%-ს წარმოადგენს. შუალედური ანგარიშებიდან გაირკვა, რომ სასწავლო პროცესის ფრაგმენტული ხარვეზების შემთხვევაში, კურსის პედაგოგი ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში ატარებს დამატებით ონლაინ შეხვედრას სტუდენტთან (თუ ხარვეზი გამოწვეულია ქსელური ჩართვის პრობლემით).
სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა შეფასების პროცესი, რომლის მართებულ განსაზღვრაზე უშუალოდაა დამოკიდებული საგანმანათლებლო პროგრამით დასახული მიზნების მიღწევა. რთულია შეფასების სისტემის ცალსახა განსაზღვრა ისეთი მრავალდარგოვანი და რთული ინსტიტუციისათვის, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების აქტიური კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მიხედვით, ფაკულტეტების ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში, არსებული სიტუაციის ზუსტად გადაფასების საფუძველზე და დარგების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასების რამდენიმე ვერსია განიხილა.
ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად განიხილება საგამოცდო პროცესების ფორმირება, შეფასების სისტემის განსაზღვრა ფაკულტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე და სათანადო ფორმირება. წინამდებარე თემის განხილვა მიმდინარეობს ყველა სასწავლო ერთეულის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით.
– ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლის პროცესში ხომ არ იკვეთება პრობლემები და რა სახის პრობლემებია?
– დისტანციური სწავლის დაწყებიდან მალე, 4 აპრილს, დაიყო და 6 დღის განმავლობაში საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარეობდა სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვა.
სტუდენტთა ონლაინ კითხვარი განთავსდა ელექტრონული მართვის სისტემაში (LMS), რომელზეც წვდომა ჰქონდა სასწავლო კურსზე რეგისტრირებულ ყველა სტუდენტს. გამოპასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში (სულ 2 488 სტუდენტმა უპასუხა).
გამოკითხვების შედეგად შეჯერდა ელექტრონული სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ეფექტურობა და ხარისხი, დასწრება, ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის დონე. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოცემული პერიოდისთვის, საკმაოდ მაღალია. სტუდენტების მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციის უპირატესობა დასახელდა ასევე ინდივიდუალური კონსულტაციების წარმართვის პროცესში. მათი მოსაზრებით, არაეფექტურია შეფასება დასწრებაში და მნიშვნელოვანია, თუ ეს წილი გადავიდოდა სასწავლო პროცესში სტუდენტის აქტივობის შეფასების წილში.
აკადემიური პერსონალის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში გამოვლინდა სტუდენტების აქტივობის მაღალი მაჩვენებელი და მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ. მიუხედავად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დიდი ნაწილის აქტიური ჩართულობისა მიმდინარე ადაპტაციის პროცესში და მათთდამი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩნელი დიდი მხარდაჭერისა, აკადემიურმა პერსონალმა გამოთქვა მზაობა, თანამედროვე ელექტრონულ პლატფორმებზე მუშაობისათვის დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ტრენინგებში მონაწილეობაზე. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მომავალში სასწავლო ლიტერატურის გაციფრულების მნიშვნელობას. მათ მიერ, ასევე, კარგ პრაქტიკად დასახელდა ელექტრონული პლატფორმების საშუალებით ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება, რაც შეიძლება დამკვიდრდეს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გადატანის შემდგომაც.
როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის თვალთახედვით, შეფასებული დისტანციური სწავლების გასაუმჯობესებელ მხარედ უნდა დასახელდეს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე დაბალი წვდომა. ორივე მხარე, რიგ შემთხვევებში (და ეს მეტწილად ეხება ლაბორატორიულ, პრაქტიკულ და კლინიკური ტიპის სასწავლო კურსებს), ძირითადად მაინც, უპირატესობას ანიჭებს ინტერაქციას სასწავლო პროცესში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაცილებით მაღალია უკუგების კავშირი, რაც კიდევ უფრო მაღლა სწევს სწავლის შედეგების მაჩვენებელს.
ის, რომ, მსგავსი გამოკითხვების ანალიზის შემდგომ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აქტივობებს ხშირად გეგმავს, დისტანციური აკადემიური კომუნიკაციის შემთხვევაშიც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. ჩვენთვის აკადემიური პერსონალის გამოკითხვა იყო ბიძგი იმისათვის, რომ გაზაფხულის სემესტრში გვეწარმოებინა აქტიური მოლაპარაკება ჩვენს კოლეგებთან, უმაღლესი განათლების გამოცდილ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან და დაგვეგეგმა აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება.
7 მაისიდან თვის ბოლომდე უნივერსტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს დაგეგმილი აქვს (17) თემატური ონლაინ ტრენინგი აკადემიურ პერსონალთან დისტანციური სწავლების პროცესში წამოჭრილ აქტუალურ თემებსა და საკითხებზე, მათ შორისაა: დავალების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე, ტესტების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე, ტესტის შექმნის მეთოდოლოგია, სტუდენტთა შეფასების მეთოდები, შეფასების რუბრიკების შექმნა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება თვითშეფასების ანგარიშის მომზადება (სულ 17 ტრენინგი, მათგან 13 ტრენინგს ჩაატარებს ქართველი, ხოლო 4 შეხვედრას — 2 უცხოელი ტრენერი). შეხვედრებში გათვალისწინებულია საშუალოდ 800-მდე პირის გადამზადება.
გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე თემები მომდინარეობს საკუთრივ აკადემიური პერსონალის ინტერესებიდან, უკვე დღეს, ფაქტობრივად, ცალკეული ვებინარების ჯგუფები შევსებულია და ვფიქრობთ, შემდეგ თვეში, ინტერესებიდან გამომდინარე, გამეორდეს ყველაზე აქტუალური თემა და საკითხები იმ პირთათვის, ვინც ვერ მოასწრო პირველ ნაკადში ტრენინგზე დარეგისტრირება.
– რას საქმიანობთ ახალი რუტინის პირობებში?
– ჩვენი სამსახური, თავისი კომპეტენციის თემატიკის ფარგლებში, საგანგებო ვითარების დადგომისთანავე აქტიურად იყო ჩართული ახალ აქტივობებში. ამას გარდა, რიგ შემთხვევაში გვიწევდა ცალკეული საკითხებისა და თემების კოორდინირება სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, არ ამოვვარდნილიყავით საერთო დღის წესრიგიდან და, შესაბამისად, ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია იმ ძირითადი საკითხების და თემების განხილვა, რაც ჩვენი სფეროს მუდმივი ყოველდღიურობაა.
საგანმანათლებლო სივრცე მუდმივი ცვლილებების რეჟიმშია, ვინაიდან თავად განათლებაა ის სფერო, რომლის განვითარება შეუსვენებლივ მიმდინარეობს. ჩვენს ყოველდღიურობაში თუნდაც წამიერი მოდუნება ნიშნავს განვითარების პროცესის წყვეტას. შესაბამისად, დისტანციური კომუნიკაციის პროცესში უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ჩვენი სამსახურის მიერ:
შესწავლილ იქნა ჩვენი ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილება, არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი და ელექტრონული სწავლების თემებთან დაკავშირებული რეგულაცია და შემუშავდა:
- ელექტრონული სწავლების რეგულაციები;
- ელექტრონული სწავლების საფაკულტეტო კონცეფციები (შემუშავების პროცესს კოორდინაციას უწევდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური);
- ტუტორიალები და გზამკვლევები;
დაიგეგმა და განხორციელდა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პირველი ეტაპის გამოკითხვები, რომლთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა ახალი ამოცანები;
განისაზღვრა და ტრენინგების ციკლის სახით შეთავაზებულ იქნა პროფესიული განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები (პირველი ციკლი მოიცავს 17 ტრენინგს მაისის თვეში);
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო ფონდებთან და საზოგადოებებთან, კერძოდ:
- თბილისის ფრანკოფონიის სააგენტოს საუნივერსიტეტო ბიუროსთან (Agence universitaire de la Francophonie — AUF) მიზნობრივად შერჩეული საგნმანათლებლო პროგრამების შეფასების და ინსტიტუციური განვითარების ცალკეული თემების მხარდაჭერის მიზნით;
- გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (Deutsche Akademische Austauschdienst — DAAD) თბილისის ბიუროსთან პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად;
- ფოლკსვაგენის (VolkswagenStiftung) ფონდთან პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად;
- ბრიტანეთის საბჭოსთან (British Council) საერთაშორისო პროექტის „უმაღლესი განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში;
- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit — GIZ) ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით.
სულ უფრო ინტენსიურია თანამშრომლობა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციასთან, რომლის თემატური ჯგუფის — შრომის ბაზრისა და დასაქმებადობის უნარების მოთხოვნების დაკმაყოფილება (EUA Thematic Peer Group — Meeting Skills and Employability Demands) — მუშაობაში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამ სამუშაო შეხვედრაში. თემატური ჯგუფის მუშაობა გაგრძელდება 2020 წლის ოქტომბრამდე. წარმატებული აღმოჩნდა უნივერსიტეტის ჩართულობა, ასევე, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, კერძოდ, სტუდენტების მეწარმეობა: სწავლა ზეგავლენის მოხდენისთვის (Student Entrepreneurship: Learning for Impact), რომლის შეხვედრა 2020 წლის ივნისში იგეგმება;
დასრულდა მუშაობა სტრატეგიის მონიტორინგის დოკუმენტზე, რომელიც განხილულ იქნა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
მიმდინარეობს უნივერსიტეტის საერთაშორისო რანჟირებებში მონაწილეობის ანალიზი სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
დასრულდა მუშაობა და შემუშავდა ინსტიტუციური ეფექტიანობის სისტემა და ინდიკატორები, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რაზეც ამ ეტაპზე ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები;
ინტენსიურად ხორციელდება დაგეგმილი სამუშაოები აკადემიური კეთილსინდისიერების (INTEGRITY) პროექტის ფარგლებში გაწერილი პროექტის დასკვით ფაზაში:
- შემუშავდა აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეცემა აკადემიურ საბჭოს განსახილველად;
- ელექტრონული სწავლების პორტალზე განთავსდა პლაგიატის პრევენციის სარეკლამო რგოლი;
- საფაკულტეტო აკადემიური პერსონალის მიერ მზადდება ვიდეორგოლები;
- დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის;
15 აპრილს მოწვეულ იქნა ხარისხის თემატური ჯგუფის (დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მიერ) მესამე შეხვედრა დისტაციური სწავლების თემების განსახილველად. მსჯელობა გაიმართა შეფასების სისტემის ტრანსფორმირების თემებზე, რაც მნიშვნელოვანი ფაზაა ხარისხიანი და გამართული სასწავლო პროცესის სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ამდენად, წინამდებარე თემეზე მსჯელობა გასცდა საუნივერსიტეტო სივრცეს და დებატები გადავიტანეთ ხარისხის თემატური ჯგუფის დისტანციური შეხვედრის დღის წესრიგში, სადაც მონაწილეობას იღებდა 40 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 48 წარმომადგენელი; მაისის თვის მეორე ნახევარში დაგეგმილია ხარისხის თემატური ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი და რუმინელი ექსპერტი, სადაც განიხილება კლასტერული აკრედიტაციის საკითხები;
გეგმიურად წარიმართა მედიცინის ფაკულტეტის ორი საგანმანათლებლო პროგრამის (სამაგისტრო „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ და სადოქტორო „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ საგანმანათლებლო პროგრამები) დაგეგმილი რეაკრედიტაციისა და ერთი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის („ფილოლოგია“) მონიტორინგის პროცესი;
გეგმიურ სააკრედიტაციო მომზადებას გადის 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამა, ეტაპობრივად დაიგეგმა წინამდებარე პროცესის ცალკეული ფაზები;
მიმდინარეობს სამუშაოები უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სააგენტოში სააკრედიტაციოდ წარსადგენად;
შეივსო, განახლდა და ახალი თემებით, განხორციელებული არაერთი აქტივობით გამრავალფეროვნდა ხარისხის სამსახურის ვებ-გვერდი საუნივერსიტეტო ელექტრონულ სივრცეში. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ვებ-გვერდის ინგლისურ თარგმანზე;
– როგორ ფიქრობთ, როგორი მიღება ექნება უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლიდან — თქვენი პროგნოზი და არგუმენტი..
– უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური ნაკადის მიღებასთან დაკავშირებული საკითხების პროგნოზირების შედეგად ჯერ კიდევ გასულ სემესტრში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სსიპ-განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრში წარედგინა სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის განაცხადი, რომლის მიხედვით დაგეგმილია სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ზრდა 4 920 ერთეულით, რაც დადასტურდა 2020 წლის 14 თებერვლის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
2020-2021 სასწავლო წელს უნივერსიტეტი გეგმავს მიიღოს საბაკალავრო საფეხურზე 5 712 სტუდენტი. განათლების საინფორმაციო მართვის სისტემების ბაზაში პირველადი არჩევანის ფარგლებში საერთო ვაკანტურ ადგილზე ფარგლებში დარეგისტრირებულია 10 000-მდე აბიტურიენტი. ასევე, ვითვალისწინებთ რა საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, ასევე ახალ უცხოენოვან, საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე დაგეგმილ თუ რიგგარეშე მობილობას, გვაქვს მოლოდინი, რომ წელს უნივერსიტეტმა უნდა მიღოს სტუდენტთა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა.
მოამზადა მაია ტორაძემ