ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ოთხმეზურს მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი მიენიჭა. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ საპატიო ჯილდო გიორგი ოთხმეზურის ოჯახს საზეიმო ვითარებაში გადასცა. ცერემონია დარეჯანის სასახლეში გაიმართა.
„საქართველოს ისტორიის დარგში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ასევე, საქართველოს სამეფო ოჯახის ერთგულებისთვის დიდი პატივით ვუბოძებ პროფესორ გიორგი ოთხმეზურის ოჯახს მეფე ერეკლე მეორეს ორდენს. ორდენის დაფუძნება გიორგი II-ს ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა. ორასწლოვანი წყვეტის შემდეგ ჩვენ აღვასრულეთ ეს გადაწყვეტილება და მას ყოველწლიურად გადავცემთ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებულად დამსახურებულ ადამიანებს. მეფე ერეკლე მეორის ორდენი პირველად მის უწმინდესობა ილია II-ს გადავეცით შარშან, მისი ანგელოზის დღეს“, — განაცხადა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.
„ჩვენი ოჯახი ყოველთვის დიდი პატივისცემით იყო განწყობილი საქართველოს სამეფო გვარის — ბაგრატიონების მიმართ. ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ბაგრატიონთა დინასტია მსოფლიოში უნიკალურია, რადგან არცერთ სხვა ქვეყანაში არცერთ სამეფო საგვარეულოს თითქმის 1000 წელი არ უმართავს ქვეყანა. მიუხედავად სხვადასხვა დაპირისპირებებისა, ყოველთვის ყველას მიაჩნდა, რომ ბაგრატიონთა დინასტია იყო ღვთივკურთხეული სამეფო გვარი. ერეკლე II-მ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველების გადარჩენაში და ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნული ორდენის მინიჭება გიორგი ოთხმეზურისთვის. მადლობას ვუხდით საქართველოს სამეფო ოჯახს“, — განაცხადა პროფესორ გიორგი ოთხმეზურის ძმამ დავით ოთხმეზურმა.
ერეკლე მეორის სამეფო ორდენის გადაცემის საზეიმო ცერემონია 25 ივნისს გაიმართა. ორდენით, ასევე, დაჯილდოვნენ პროფესორი გივი ღამბაშიძე, აკადემიკოსი რამაზ შენგელია და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა გოგიტიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ოთხმეზური მიმდინარე წლის 20 იანვარს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კვლევის სფერო საქართველოს ისტორიას, წყაროთმცოდნეობას, ქართულ ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას მოიცავდა.