მაია ტორაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაინტერესებულ მკითხველს არაერთი საინტერესო წიგნისა და ნაშრომის განხილვას სთავაზობს. 10 ივნისს, ბიბლიოთეკის თაოსნობით, ისტორიის დოქტორ ნატო სონღულაშვილის მონოგრაფიის — „საგანმანათლებლო სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)“ — განხილვა გაიმართა.
„ჩვენთვის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ნაშრომი, რომელიც 1918-1921 წლების მღელვარე და საქართველოს ისტორიის ძალიან საინტერესო ეპოქას ეხება. მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შექმნილია დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც, თავის მხრივ, საინტერესო საქმიანობას ეწევა, იქნება ეს პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა თუ სხვა. დღევანდელი ღონისძიების იდეაც ამ ცენტრისგან მომდინარეობს: ზოგადად, 1918-1921 წლების ეს მღელვარე ეპოქა, თავისი მნიშვნელობით, განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მოახერხეს და ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარეს საფუძველი, მათ შორის, განათლების მიმართულებითაც, რაზეც საუბარია ნაშრომში „საგანმანათლებლო სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)“,- აღნიშნა თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
მონოგრაფია, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში შეიქმნა, გამოცემულია ორ ენაზე — ქართულად და ინგლისურად. წიგნის რედაქტორია სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ხოლო რეცენზენტები — ისტორიის დოქტორი არჩილ ჩაჩხიანი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ჩოჩიანი.
პრეზენტაციაზე მონოგრაფია თავად ავტორმა, ისტორიის დოქტორმა ნატო სონღულაშვილმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ან სტატისტიკური ინფორმაციის წარმოჩენა, არამედ მათი იდეოლოგიურ ჭრილში განხილვა.
ნაშრომში წარმოდგენილი თითოეული ფაქტობრივი მასალა დაფუძნებულია საარქივო დოკუმენტებზე, მასში დეტალურადაა განხილული სპეციალური ლიტერატურა და ქართული ისტორიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც განათლებას ეძღვნება. მონოგრაფია რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
განათლება და ეროვნული იდენტობის საკითხი
მონოგრაფიის ამ ნაწილში საუბარია 1918-1921 წლებში განათლების სისტემისა და ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი ღირებულებებების კავშირზე, როგორიც არის ენა, რელიგია, ისტორიული მეხსიერება და ტრადიცია. ეს მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებაში მომხდარიყო ერთიანობის განცდის გაღვივება, რასაც განათლებამ უნდა შეუწყოს ხელი. „ამ ყველაფერს საფუძველი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა, როდესაც განათლება აქტუალური გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დროს ქართული კულტურული ელიტის ის ნაწილი, რომელმაც განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღო, ცდილობდა ქართული სინამდვილისთვის მოერგო ევროპული განათლების სისტემა. ეს პროცესი გრძელდებოდა 1918-1921 წლებშიც — საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნათლად გამოიხატა, რომ საქართველომ გეზი აიღო დასავლეთისკენ და ეს ყველა სფეროში უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის, განათლებაშიც“, — აღნიშნა ნატო სონღულაშვილმა.
განათლება, როგორც სოციალურ ფენათა დაახლოების საშუალება
ნაშრომის ამ ნაწილში საუბარია განათლების, როგორც სოციალურ ფენათა შორის მაკავშირებლის, როლზე. ავტორის თქმით, 1918-1921 წლების ეპოქამ მოიტანა იმის საშუალება, რომ ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სოციალური კუთვნილებისა, ჰქონოდა უფლება — მიეღო განათლება, რაც ხელს შეუწყობდა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას. „პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამსახურება ის იყო, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, ქართული ენა და განათლება ერთიან სისტემაში მოვიაზრე და ქართული ენა განათლების დონის ამაღლებას დავუკავშირე“, — თქვა ავტორმა.
განათლება და ეკონომიკა
მონოგრაფიის შემდეგ ნაწილში საუბარია განათლებისა და ეკონომიკური განვითარების ურთიერთმიმართებაზე. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურები ძალიან კარგად აცნობიერებდნენ იმას, რომ, თუ მოსახლეობას გააზრებული არ ექნებოდა, თუ რას ნიშნავს წარმატებული სახელმწიფო ან განვითარებული ეკონომიკა, ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ეკონომიკური საგნების შეტანას სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება მიექცა.
ჯარისკაცი და განათლება
ქართულ ისტორიოგრაფიაში სამხედრო ისტორიის საკითხების შესწავლას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და ამასთან დაკავშირებით არაერთი გამოკვლევა გვხვდება. მონოგრაფიის ამ ნაწილში განხილულია საარქივო დოკუმენტები, სადაც ჩანს, თუ რა საგნებს ეუფლებოდნენ ჯარისკაცები. ესენია: საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, რუსეთის ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურა და სხვ. ამავდროულად, ისინი ეუფლებოდნენ ისეთი ტიპის საგნებს, რომლებიც ხელს უწყობდა მათი სამხედრო დონის ამაღლებას და განვითარებას, ასევე, იმის გააზრებას, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ჯარისკაცმა საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. „ერთი შეხედვით, თითქოს ეს საკითხები საუკუნისწინანდელ მოვლენებს ეხება, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს დღესაც ძალიან აქტუალურია და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკისგან“, — ითქვა პრეზენტაციაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და განათლება
პირველი რესპუბლიკის პერიოდში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის თვალსაზრისით სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა. ხელისუფლების მიზანი იყო, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულიყო. მონოგრაფიის ამ ნაწილში გაანალიზებულია საარქივო მასალები და ეკლესიისა და განათლების ურთიერთმიმართება.
ეროვნული უმცირესობების თემატიკა და განათლების საკითხი
ნაშრომში ავტორს გაანალიზებული აქვს, ასევე, ეროვნული უმცირესობებისა და პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების დამოკიდებულების საკითხი. „ამ პერიოდის სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ პირველი რესპუბლიკის დროს ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომელმაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა განათლების მიღებას. მართალია, ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან დიდი მნიშვნელობისა იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება — ესწავლათ საქართველოს სკოლებში და ყოფილიყვნენ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებულნი“, — აღნიშნა ნატო სონღულაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობასა და ქართველ მეცნიერთა შეუფასებელ წვლილზე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.
მონოგრაფიის წარდგენის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონოგრაფიის ავტორმა დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.