წიგნი, სახელწოდებით „დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა და უსაფრთხოების რისკები ჟურნალისტიკაში“, რომლის მომზადებაშიც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე და მაგისტრანტი ლიანა მარქარიანი მონაწილეობდნენ, წამყვანმა საერთაშორისო აკადემიურმა გამომცემლობამ IGI Global-მა გამოსცა. გამომცემლობის მთავარი მიზანია ახალი და საინტერესო მკვლევრების აღმოჩენა მთელ მსოფლიოში, რაც აძლიერებს და აფართოებს კვლევით და სამეცნიერო საზოგადოებას. 30–წლიანი გამოცდილების შედეგად, გამომცემლობამ დაიმსახურა თავისი ადგილი მაღალ ინდექსირებად ჟურნალებში და InfoSci® მონაცემთა ბაზებში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), ჰარვარდის უნივერსიტეტთან, სტენფორდის უნივერსიტეტთან, კემბრიჯის უნივერსიტეტთან, ოქსფორდის უნივერსიტეტთან, ცინგუას უნივერსიტეტსა და ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით IGI Global-ი მოიცავს 350-ზე მეტ თემას და მუშობს 11 ძირითადი მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ ქალთა დისკრიმინაცია. სწორედ ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მომზადდა ახალი დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის ერთ-ერთი ქვეთავი — „The voice of women and challenges of gender equality in Georgian media“ — სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორმა მარიამ გერსამიამ, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ლიანა მარქარიანმა მოამზადეს.
„შემოთავაზება ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენციის დროს მივიღეთ. მე და ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ მოვამზადეთ კვლევა, რომელიც მედიის და კომუნიკაციის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაზე – „International Association for Media and Communication Research“ (IAMCR 2019) – თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით წარვადგინეთ. ამგვარ კონფერენციებზე საკუთარი ნაშრომის წარდგენას ის ბენეფიტიც აქვს, რომ მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიცნონ კოლეგები და ასე სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებიც ჩნდება. კონფერენციაზე სექციის ხელმძღვანელმა, სადია ჯამილმა, მალევე შემოგვთავაზა, გვემუშავა წიგნზე საინტერესო ჯგუფთან ერთად.
სამუშაო საკმაოდ მოცულობითი იყო და განსაკუთრებით მინდა გამოვყო თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ლიანა მარქარიანის ჩართულობა“, – აღნიშნა პროფესორმა მარიამ გერსამიამ.
ავტორთა ჯგუფმა შემოთავაზებიდან რამდენიმე თვეში მოამზადა ნაშრომი. მათი თქმით, კვლევა დააინტერესებს როგორც მედიის, ასევე გენდერის და ფსიქოლოგიის მკვლევარებს. ის ადგენს იმ სტერეოტიპებს, რომელიც მედია ორგანიზაციებში იკვეთება და პასუხს სცემს დამატებით კითხვებს: რა სოციოკულტურული კონტექსტი და საბაზისო ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები არის ქალებისთვის ჟურნალისტიკის პროფესიად არჩევის მოტივატორი? როგორია ქალების პოზიციონირება მედიაში და მათ მიერ გაშუქებული თემების სპეციფიკა?
აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წიგნი შეიძინა თსუ-ის ბიბლიოთეკისთვის, რის გამოც ავტორთა ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფაკულტეტის ადმინისტრაციას და დეკანს, ქალბატონ თამარ დოლბაიას.
წიგნი უკვე გამოცემულია და ხელმისაწვდომია სხვადასხვა სამეცნიერო და ონლაინ ბაზებზე (მათ შორის, Google scholar-სა და Google book-ზე).
შურთხია ბეროშვილი