ნატო ობოლაძე
თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ავთანდილ სონღულაშვილმა ახალი ნაშრომი — „ისტორია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები“ — გამოსცა. წიგნში მკითხველი მსოფლიო პოლიტიკისა და საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებს გაეცნობა:
- ფარული საზოგადოებების ჩამოყალიბება რუსეთსა და საქართველოში XIX საუკუნის 20-30-იან წლებში
- ამერიკელი მზვერავის მკვლელობა საქართველოში...
- საქართველოს სამეფოს აღდგენის იდეა (დავით ბატონიშვილის პროექტების მიხედვით)
- გენდერის პრობლემები საბჭოური რეჟიმის პერიოდში (XX საუკუნის 20-იან წლებში)
- „მიუკარებლები“ ინდოეთსა და იაპონიაში....
„წიგნში ის აქტუალური თემატიკა შევიტანე, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში დღეს ნაკლებად არის შესწავლილი, მაგალითად: განხილული მაქვს კურილიის კუნძულების საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობა — თუ რატომ მოხვდა ეს კუნძლები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რა პრეტენზიები აქვს იაპონიას.
წიგნში გაანალიზებულია ყირიმის საკითხი, რომელიც, ფაქტობრივად, ცხელი წერტილია და მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიის ისტორიულ კუთვნილებას, რადგან თურქეთის გავლენის ქვეშ იყო 308 წელი, რუსეთის შემადგენლობაში — 171 და უკრაინის საზღვრების ფარგლებში — 60.
ისევ აქტუალურია ახლო აღმოსავლეთის საკითხი... მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება თითქოს ჩაქრა და დასავლეთის ქვეყნები ნაკლებად ერევიან ამ საკითხში, იქ მიმდინარე პროცესებს, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო და ახლაც ფარულად მიმდინარეობს, ყველა თავისებურად ხსნის. ნაშრომში ამ საკითხის ახსნასაც შევეცადე. მკითხველი ასევე გაეცნობა მსოფლიო პანდემიების ისტორიას და სხვა აქტუალურ თემატიკასთან ერთად, თანამედროვე საქართველოს სასაზღვრო პრობლემური საკითხებისა და სასაზღვრო ტერიმონოლოგიის განმარტებებსაც იხილავს“, — განაცხადა ავთანილ სონღულაშვილმა.
ავთანდილ სონღულაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში 1980 წლიდან მუშაობს. 2006 წლიდან ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
წიგნის გასაცნობად მიყევით ბმულს:
ავთანდილ სონღულაშვილი - ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები