თამარ დადიანი
ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ პირველი ნომრის სამეცნიერო განხილვა გაიმართა 30 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ყოფილ 93-ე (ახლანდელი 206) აუდიტორიაში. „პირველი სხივის“ პოეტური ნიმუშების ანალიზი პოეტმა ნინო ქუთათელაძემ წარმოადგინა.
პოეტმა და ჟურნალისტმა ნინო ქუთათელაძემ ალმანახში წარმოდგენილი პოეზიის განხილვა ლირიკული გადახვევით დაიწყო — „პოეზია! როგორ გინდა სიტყვიდან სული და სულიდან სიტყვა ამოგლიჯო?! ამ არაპოეტურ, უტილიტარულ სამყაროში სათქმელს რომ აღმოაჩენ, უკვე პოეტი ხარ. თუმცა ისიც არის, რომ ხშირად სათქმელი არ არსებობს და სიტყვების ერთმანეთის მიყოლებით ოსტატურად დალაგებას ზოგი მაინც ახერხებს. ჩემთვის პოეზია ყოველთვის იყო და დარჩება სიბრძნის დარგად. „პირველი სხივის“ აღნიშნულ ნომერში მრავალი პოეტი და ბევრი ლექსია წარმოდგენილი და რადგან არავინ მინდა გამომრჩეს, თანმიმდევრობით მივყვები“… და ასეც მოხდა! ქალბატონმა ნინომ ერთნაირი გულწრფელობით, სიღრმით, პოეზიისათვის დამახასიათებელი ლირიზმით ისაუბრა ლია სტურუას, რაულ ჩილაჩავას, დათო მაღრაძის, თათია მთვარელიძის, ლარი ჭეშმარიტაშვილის, თამაზ ბარჯაძის, დემეტრე ხუფენიას, გიო ლომიძის, ნუგზარ ზაზანაშვილის, ნაირა გელაშვილის პოეზიაზე.
„ლია სტურუა უკვე მეტრია, რადგან მას ბევრი ბაძავს, თუმცა ბევრი ვერ სწვდება მის სიმაღლეს და ამის მიზეზი არა მხოლოდ სტურუასეული ლექსის სტრუქტურაა, არამედ სათქმელი და სათქმელის გადმოცემის ხელოვნება. ალმანახში მისი მხოლოდ სამი ლექსია წარმოდგენილი და ავტორის გვარსაც რომ არ დახედო, მაშინვე მიხვდები, ვის უნდა ეკუთვნოდეს ის“, — ასე აფასებს ქალბატონი ნინო ლია სტურუას შემოქმედებას. „ლექსი „თიხის კაცი“ პირდაპირ ადასტურებს ზემოთ მოხმობილ რუსთველურ ფრაზას, რომ პოეზია სიბრძნის დარგია, რადგან პოეზიას „ვინმე თიხისგან გაკეთებული სჭირდება — // შუბლში ტვინით და არა — ყვავილებით, // კონტურებში ჩატანებული ნერვებით...“ ლია სტურუამ ძალიან კარგად იცის, რომ სიკვდილიც პირობითია შემოქმედისთვის, რადგან თუ არ მოკვდი, ვერაფერს შექმნი, მიუხედავად იმისა, რომ „პირობითობაზე არ ხარ გაზრდილი!“ — აღნიშნავს ქალბატონი ნინო და ეთანხმება ლია სტურუას აზრს, რომ პოეზია სიბრძნის დარგია!
რაულ ჩილაჩავას პოეზიის განხილვისას ნინო ქუთათელაძემ ყურადღება ისეთ ფენომენზე გაამახვილა, როგორიც პოეტური სმენაა. „მის პოეზიაში ბგერათა თანწყობა უფრო გვაგრძნობინებს, რისი თქმა უნდა პოეტს; ეს ძალიან იშვიათი თვისებაა, თუ ნიჭია, თანამედროვე პოეტთათვის“, — აღნიშნავს ნინო ქუთათელაძე. მისი აზრით, დათო მაღრაძის პოეზია სავსეა ინტელექტუალური მეტაფორებით, რომელიც მას ძალიან ხიბლავს, მისთვის როგორც პოეტისთვის ფანტაზია და ფანტომი ყველაზე მთავარია. ასევე საინტერესოდ ისაუბრა ქალბატონმა ნინომ თათია მთვარელიძის და ლალი ჭეშმარიტაშვილის პოეზიაზე.
ალმანახში ერთმანეთის მიყოლებით არის დაბეჭდილი გაგა ნახუცრიშვილის, გური დავითლიძის, ლაშა ბიბიჩაძისა და ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსები. „როგორც ჩანს, ისინი ერთ თაობას წარმოადგენენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ სათქმელიც ერთნაირი აქვთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამას სხვადასხვაგვარად ამბობენ. ეს ის თაობაა, რომელსაც უამრავი უბედურება დავატეხეთ თავს და ვერ შევძელით — შეგვეჩერებინა შიდა ომები, ავყარეთ სახლებიდან, სიცივესა და მიუსაფრობაში გავატარებინეთ ცხოვრება, როგორც გაგა ნახუცრიშვილი წერს: „ცხოვრებას ვიწყებდით, ცხოვრებას ვიწყებდით და ვერ მოვასწარით“. რატომ ვიღებ ამ დანაშაულს ჩვენზე? იმიტომ, რომ წინა თაობა ყოველთვის პასუხიმგებელია მომავალთან“, -აღნიშნა ნინო ქუთათელაძემ, რომელმაც ამ თაობის პოეტების შემოქმედებაში განსაკუთრებული ტკივილი დაინახა, რომელიც თან სდევს მათ შემოქმედებას. „იქ, სადაც მეტყველებდნენ აფორიზმებით, ოხრად რჩებოდა წარსული, რადგან ადამიანი და მითუმეტეს პოეტიც ეკლის ის მავთულია, ცხინვალს საზღვრად რომ დაუწესეს“.
პოეტმა ლექსების განხილვისას ნაირა გელაშვილის ორ ლექსზე „განუყოფელსა“ და „ლოცვაზე“ გაამახვილა ყურადღება: „ლექსში „განუყოფელი“ აბსოლუტურად გასაგები განცდაა, რომ სამშობლო დაკარგე, რომ გზებს სამშობლოდან გაყავხარ მხოლოდ. საკუთარ თავში ჩაბრუნებაც ხშირად საშიშია და არა იმიტომ, რომ ცოდვაში ჩადგი ფეხი, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება იქ შენი სამყარო აღარ დაგხვდეს. და მხოლოდ ამიტომ შენი სამშობლო შენი სამყაროა და სამშობლოც არ უნდა განიცადო ისე, როგორც შენი არსებისგან მოწყვეტილი, განყენებული. ეს განუყოფელია! განუყოფელია შენი სამშობლო და შენი სამყარო, რადგან ამ სამყაროში ხარ ყველაზე თავისუფალი“, — აი, ასე ესმის ქალბატონ ნინოს პოეტის სათქმელი.
„დემეტრე ხუფენია სათქმელს ემოციურად და ზედმეტი სამშვენისების გარეშე გადმოგვცემს. მისთვის მეტაფორული მისივე შინაგანი სამყაროა და სწორედ იქიდან უყურებს იმას, რაც გარშემო ხდება. ამას ალმანახში დაბეჭდილი დემეტრეს შემოქმედებაც მოწმობს“, — აღნიშნავს რეცენზენტი. მისი აზრით, დემეტრე თავისი პოეზიით ყველა მწერლის წინაშე მდგარ კითხვას: — როდის უნდა წერო? ასე პასუხობს: „როცა ტკივილი გაღრჩობს და სხვაგვარად არ შეგიძლია, აი, მაშინ უნდა წერო! როცა „დაჭრილს“ სისხლს გადაგისხამენ და ცრემლის გადასხმას არც ფიქრობენ, ანუ როცა გრძნობათაგან დაიშრიტები, უნდა შეჩერდე!“
ალმანახში წარმოდგენილი ავტორების გიო ლომიძისა და ნუგზარ ზაზანაშვილის გარდასახვის ნიჭზე, გულწრფელობაზე, რიტმის განცდასა და ესთეტიკაზეც ისაუბრა რეცენზენტმა და გამოსვლა ცნობილი პოეტის ცნობილი ფრთიანი ფრაზის გახსენებით დაამთავრა: „პოეტი სხვაზე ერთი ცრემლით მეტია“!