ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროგაერთიანების შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის (EU Black Sea Synergy Initiative) ფარგლებში ჩატარდა ევროგაერთიანების პროგრამების („შავი ზღვის აუზის პროგრამის — EU’s Joint Operational Cross-Border Cooperation Programme BSB 2014 – 2020“ და „ჰორაიზონ 2020 (EU Horizon 2020)“ ეგიდით მიმდინარე შავი ზღვის პრობლემატიკასთან დაკავშირებული პროექტების — „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები — „RedMarLitter BSB552“ და „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ „Black Sea Connect“ -ის ერთობლივი ტრენინგ — უორქშოფი, რომელიც მიეძღვნა გაეროს მიერ ინიცირებული მსოფლიო ოკეანის დეკადის დაწყებას.
საგანმანათლებლო დანიშნულების უორქშოფი მიზნად ისახავდა შავ ზღვაზე სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) შესაბამისად ცოდნის გავრცელებას, ცნობიერების ამაღლებას და საზღვაო მყარი ნარჩენების კვლევების ინოვაციური მეთოდოლოგიის წარდგენას. მასში მონაწილეობდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.
დოქტორმა ნინო გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ნარჩენების მართვის ზოგადი მდგომარეობა და ის პრობლემური საკითხები, რაც დაკავშირებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან.
დოქტორმა ნინო მაჩიტაძემ ისაუბრა საქართველოს შავი ზღვის სექტორის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურების აქტუალურ საკითხებზე, პროექტ „RedMarLitterBSB 552“ -ის ძირითად შედეგებზე და წარმოადგინა ის ძირითადი მეთოდოლოგიური საკითხები, რაც დაკავშირებულია სანაპირო ზოლში ნარჩენების „ცხელი წერტილების“ იდენტიფიკაციისა და შემცირებისათვის. წარმოდგენილი იქნა საზღვაო ნარჩენების მონაცემების ინოვაციური ინტერაქტიური რუკა, რომელიც შეიქმნა აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
საინტერესო იყო შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩის, თსუ დოქტორანტ სალომე კობაიძის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა შავ ზღვაზე სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის საკითხებს. აღნიშნული დღის წესრიგი გამოყოფს შავი ზღვის ოთხ ძირითად გამოწვევას: ცოდნა შავი ზღვის შესახებ, შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა — ლურჯი ზრდა, ერთობლივი საკვანძო ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, მოსახლეობის კეთილდღეობა და საწარმოო ძალების გაძლიერება. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა მოხსენება.
შეხვედრა ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს, დამსწრე ახალგაზრდული აუდიტორია ინტერესით ჩაერთო შეხვედრის დროს გამართულ დისკუსიაში. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, კერძოდ, საზღვაო პრობლემატიკის მეცნიერულ დონეზე განხილვა უზრუნველყოფს პროექტების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, განაპირობებს ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას.
კახაბერ ბილაშვილი
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.