ნინო კაკულია
ფოლკლორისტთა მე-18 საერთაშორისო კონგრესი, რომლის თემა იყო „ემოციები ხალხურ თხრობასა და ყოფაში“, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდა, თუმცა ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში. კონგრესის მასპინძელი იყო ხორვატიის ეთნოლოგიისა და ფოლკლორისტიკის ინსტიტუტი და ზაგრების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. კონგრესი ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრების მიერ არის ორგანიზებული, მაგრამ წელს ამ ღონისძიების მთავარმა თემამ ბევრი კოლეგა მოიზიდა მომიჯნავე დარგებიდან.
„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თითქოს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა — პანდემია, მასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისი, დამანგრეველი მიწისძვრა ცენტრალურ ხორვატიაში და აი, ახლა, ჩვენ ვიმყოფებით ფიზიკურად განცალკევებით, მაგრამ ემოციურად ერთად. ჩვენ მხოლოდ ჩვენი კონგრესის თემა — ემოცია კი არ გვაერთიანებს, არამედ თხრობა და ნარატიული ფორმები, ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც, ცხადია, ასევე წარმოუდგენელია უემოციოდ“, — ეს გახლავთ სიტყვები ფოლკლორისტთა მე-18 საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართვიდან.
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტს შეადგენდა: ხორვატული ფოლკლორის კათედრა, ხორვატული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი და ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტი. კონგრესის პარტნიორები იყვნენ ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოება International Society for Folk Narrative Research (ISFNR), ხორვატიის ეროვნული ტურისტული საბჭო, ხორვატიის რესპუბლიკის კულტურისა და მედიის სამინისტრო, ხორვატიის სამეცნიერო ფონდი. კონგრესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მომუშავე ფოლკლორისტები და დამოუკიდებელი მეცნიერები ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.
საქართველოდან ფოლკლორისტული კვლევების შედეგები კონგრესზე ორმა მეცნიერმა წარადგინა — ელენე გოგიაშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფოლკლორისტიკის კათედრა) და ბელა მოსიამ (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი). ორივე მკვლევარი ამავე დროს ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების (ISFNR) წევრია.
ელენე გოგიაშვილის მოხსენება — „გმირი, როგორც მთხრობელი ქართულ ხალხურ ზღაპრებში“ (Heroes as Narrators in Georgian Folktales) ჩართული იყო სექციაში „ზღაპრის პერსონაჟები და ემოციები“. ბელა მოსიამ მოხსენება „ემოციები და სიკვდილისადმი შიშის სიმბოლური გამოხატვა სამეგრელოში“ წარადგინა სხდომაზე — „ზებუნებრივისადმი შიში“.
კონგრესის თემატიკა მრავალ საინტერესო პრობლემატიკას ეხებოდა: ემოციები და სხვა მოულოდნელი გამოცდილება ხალხური თხრობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ემოციები მხატვრული შემოქმედებისთვის შთაგონების წყაროა. როგორ ხდება ემოციების ფორმირება ხალხურ სიტყვიერებად? როგორ ფორმას იღებს ემოცია ნარატივსა და პერფორმანსში, როგორ ვრცელდება ხალხში? თხრობის ძალა მის ემოციურ გამოხატვაშია, მაგრამ ეს „ემოციური გამოხატვა“ ფოლკლორისტისთვის უფრო მეტ კითხვას აღძრავს: რომელი ემოცია რომელ ჟანრს განეკუთვნება ხალხურ თხრობაში? როგორ აისახება სხვა ჟანრებში — ქორეოგრაფიაში, სიმღერაში? რა გავლენას ახდენს მთქმელის ემოციური ურთიერთობა მსმენელთან ფორმისა და ჟანრის ჩამოყალიბებაზე? როგორ იცვლება თხრობის ემოციონალური რეგისტრი, როცა ის კერძო კულტურულ ჯგუფში ტრიალებს ან ხალხური ყოფიდან მასმედიაში და ინტერნეტში გადაინაცვლებს? განსხვავდებიან თუ არა ისტორიული და თანამედროვე გადამდები ემოციები, როცა ეს კოლექტიურ შიშს, ისტერიას, პარანოიას ან კოლექტიურ ბედნიერებას, ეიფორიასა და ემპათიას ეხება?
გარდა ამისა, იყო თემატური სექციებიც: ზღაპრის პერსონაჟები და ემოციები; კვლევითი პრაქტიკა და ემოცია; შელოცვები, როგორც ტექსტი; გლობალური ემოციები და ლოკალური შედეგები; ზებუნებრივისადმი შიში; თხრობითი ჟანრები და ემოცია.