საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სემინარი "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები"

ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები" - ამ თემაზე გაიმართა სემინარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ირლანდიის უნივერსიტეტების, ასევე, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სემინარს დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემის განვითარებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. ,,ძალიან მნიშვნელოვანი სემინარია, რომელზეც  განიხილება   ისეთი საკითხები, როგორიც არის   განათლებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, ერთ-ერთი საკითხია თუ როგორი სახე მიიღო პოსტ კოვიდურმა განათლებამ, როგორ იცვლება უნივერსიტეტები ყოველწლიურად. სემინარში მონაწილეობენ სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მინდა მივესალმო უკრაინელ კოლეგებს“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

 

სემინარზე განიხილეს ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები. ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორმა შინეიდ ო სალივანმა აღნიშნა, რომ სემინარი მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ირლანდიელი სპეციალისტები ქართველ და  უკრაინელ კოლეგებთან ერთად სამუშაო ფორმატში განიხილავენ ამ კუთხით არსებულ საკითხებს.
 

სემინარის ფორმატსა და შინაარსზე  ისაუბრა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ. ,,ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილებები, განსაკუთებით, პანდემიის შემდეგ, რა გამოწვევების წინაშე დადგნენ უნივერსიტეტები და როგორია მომავალი პერსპექტივები ამ თანამშრომლობისთვის. ევროპელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს გამოცდილება თუ როგორ მართავენ ისინი ხარისხის შიდა უზრუნველყოფას, რა პროცედურებია, რა გამოწვევები აქვთ მათ. ისაუბრეს თუ რა პერსპექტივები აქვთ და როგორ ყალიბდება ხარისხის კულტურა არა მხოლოდ გარე აქტორების მხარდაჭერით, ვგულისხმობთ ხარისხის განვითარების სააგენტოებს, არამედ თავად ინსტიტუციის შიგნით. ნიშანდობლივია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სემინარს ესწრება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ასევე ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი, რომელთაც ისაუბრეს ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და მათ პერსპექტივებზე, აგრეთვე, სადოქტორო სკოლის გამოცდილებებზე“, - აღნიშნა ირმა გრძელიძემ და მადლობა გადაუხადა აკადემია ევროპეას 5 უკრაინელი კოლეგისთვის სემინარზე დასწრების შესაძლებლობის მიცემისთვის.“ 


სემინარის სამუშაო ფორმატში მოხსენებები წაიკითხეს: ირლანდიის ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლებმა, უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების, ასევე, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.


ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალური მდივნის ამანდა კროუფორდის თქმით, სემინარზე განსახილველი საკითხები მნიშვნელოვანი თემაა უნივერსიტეტებისთვის. „მსგავსი ფორუმები იძლევა ამ საკითხების არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო კონტექსტში განხილვის შესაძლებლობას. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ევროპის 49 სხვადასხვა ქვეყანაში.“


"ეს ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ მეტი ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა და შემგომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ ჩვენს უნივერსიტეტში. ვიმედოვნებ, რომ ამ ცოდნის გაზიარება ჩვენს უნივერსიტეტებს შორს გაგრძელდება მომავალშიც ",- განაცხადა შევჩენკოს უნივერსიტეტის ხარიხსის ცენტრის წარმომადგენელმა ვერონიკა ტკაჩუკმა.

 

ივან ფრანკოს ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ნადია ლემეგამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისთვის. "ჩვენ გვინდა, რომ ეს ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს უნივერსიტეტებში ხარისხის სისტემის გაუმჯობესებისთვის. ინტელექტუალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ მომენტში", - აღნიშნა ნადია ლემეგამ.

სემინარი უნივერსიტეტში სამ დღეს გაგრძელდა.  სემინარის დღის წესრიგი შესაბამის პრეზენტაციებზე ბმულებით იხილეთ აქ.

თარიღი: 13/10/2022