საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას შეხვედრა თურქმენეთის ელჩთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დაწყებაზე, ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უნივერსიტეტებს შორის.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უცხოელ სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც რექტორმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს აზიის რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებთან. „ჩვენ მზად ვართ თურქმენეთთანაც დავიწყოთ თანამშრომლობა და ხელი მოვაწეროთ თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას და გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა მის ქვეყანაში უმაღლეს განათლებასა და თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, თურქმენეთის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის მოქმედებს სასტიპენდიო პროგრამები. „ჩვენი საელჩო ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებას და პირველ ეტაპზე, მხარს დავუჭერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერას“, - განაცხადა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა.

 

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ერთობლივი ონლაინ კონფერენციის გამართვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოდან და თურქმენეთიდან.

 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თარიღი: 06/03/2024