საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თურქეთის რესპუბლიკის რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (რიზეს უნივერსიტეტი) რექტორს იუსუფ ილმაზს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

 შეხვედრაზე, რომელსაც თსუ-ის დეკანები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ, მხარეებმა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პარტნიორობაზე, ორმაგი დიპლომის მქონე ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და ამოქმედებაზე. თსუ-სა და თურქული უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ თანამშრომლობის პროგრამის ეფექტიან და დაჩქარებულ განხორციელებას. თსუ-მა ასევე გამოხატა ინტერესი რიზეში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნისა და სტუდენტებისთვის ლინგვისტური საზაფხულო სკოლების ორგანიზებაზე.

 

ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მედიცინის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ თსუ-ს სტუდენტებმა უკვე გაიარეს პრაქტიკა თურქეთის წამყვან კლინიკებში, ხოლო მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა დაგეგმეს. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები აკადემიური პერსონალისთვის, მათ შორის სიმულაციური სწავლების მიმართულებით. შეხვედრაზე ფსიქოლოგიისა და განათლების, ასევე, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებიაზეც გაკეთდა აქცენტი.

 

 „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ სფეროში, რომელიც ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს განვითარების ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ასევე აღსანიშნავია რიზეს უნივერსიტეტის ლიდერობა თურქეთში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით რიზეს უნივერსიტეტი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება,“ - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორმა იუსუფ ილმაზმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ აკადემიური სფეროს გაძლიერებას ემსახურება, არამედ ორი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს.

 

 რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტი (რიზეს უნივერსიტეტი) თურქეთში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა. უნივერსიტეტი გამოირჩევა როგორც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ისე ინჟინერიასა და მედიცინაში მიმდინარე თანამედროვე კვლევებითა და ინოვაციური პროგრამებით.

თარიღი: 01/10/2025