eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიას ეწვია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მოლდოვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიის რექტორს შეხვდა და აკადემიას დაარსებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა აკადემიური მობილობის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

 

ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიის რექტორს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ საზოგადოებას 35 წლის იუბილე მიულოცა და შემდგომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის რექტორმა მონაწილეობა მიიღო აკადემიის დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, განათლებისა და კვლევის მინისტრი, სახელმწიფო უწყებებისა და აკადემიური წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე უნივერსიტეტის რექტორი და ხელმძღვანელი პირი ესწრებოდნენ.

 

მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემია ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აკადემია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში, სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

თარიღი: 29/09/2026