საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ პრეზენტაცია თსუ-ში

გასული საუკუნის 20-იანი წლების პრესის მიხედვით დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახალხო უნივერსიტეტისა და პროფესიული სკოლების ყოველდღიურობის ისტორიაა მოთხრობილი ორენოვან (ქართულ-ინგლისური) გამოცემაში „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში,“ რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 
 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსი ნინო სულაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, ამ პერიოდის ისტორიაზე მომუშავე მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საგანმანათლებლო სისტემას ასახავს. „ფართო მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლობის იმ მოკლე პერიოდში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში განათლების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნოს. XX საუკუნის ქართული საგანმანათლებლო სისტემა, სადაც უზარმაზარი შრომა არის ჩადებული, სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო ეპოქა, აღწერილია საინტერესო საკითხი, რომელზეც არაერთი ჯგუფი მუშაობდა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
 

ორენოვანი გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსის ნინო სულაძის თქმით, გამოცემა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და იმდროინდელი განათლების საკითხები აინტერესებს. „თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „შემოქმედებითი თბილისი,“ რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგამომცემლო საქმიანობაა. თბილისის მერიამ დედაქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპის, ისტორიის, კულტურის ამსახველი არაერთი საინტერესო გამოცემა დააფინანსა. სწორედ ამ მიმართულების პროდუქტია ეს წიგნიც, რომელსაც თბილისის მერიამ მხარი დიდი სიამოვნებით დაუჭირა,“ - აღნიშნა ნინო სულაძემ. 
 

გამოცემაში ცალკე თავი ეთმობა 1918-1921 წლების ოფიციალურ ქრონიკებსა და პუბლიცისტურ მასალებს საგანმანათლებლო მიმართულებით. წიგნი გამოსაცემად თსუ ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა მოამზადეს. „1918-1921 წლებში პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა. მათ შორის იყო განათლების რეფორმა, რომელმაც ძირეული ცვლილებები მოახდინა არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში. სწორედ ამ საკითხზე ვიმუშავეთ. გამოცემაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თბილისში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებზე,“ - განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა
 

ორენოვანი გამოცემა „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ სტუდენტებს, ისტორიკოსებს, განათლების მკვლევრებსა და თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.   

თარიღი: 07/07/2022