თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ემერიტუს პროფესორს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა; ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მხნეობა, ასევე, საინტერესო სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება უსურვა.
„ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი დონის მეცნიერი ჰყავს, ბედნიერია სტუდენტი, რომელსაც ასეთი დონის მასწავლებელი ჰყავს, ბედნიერია უნივერსიტეტი, რომელსაც ასეთი დონის პროფესორი ჰყავს. ქალბატონ მზექალას უდიდეს და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო შრომები საყოველთაოდ ცნობილია. მათგან მხოლოდ ერთს გამოვყოფ, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთანაა დაკავშირებული. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ისტორიული წყაროს პუბლიკაცია. მან თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით გარკვეული სტანდარტი დაგვიწესა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აკადემიკოსი მზექალა შანიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.