ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილეებთან კახაბერ ჭეიშვილთან, ერეკლე ასტახიშვილთან, ნინო გვენეტაძესთან და უნივერსიტეტის კანცლერთან, ლაშა საღინაძესთან ერთად მიიღო.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის და აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე თსუ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი საიუბილეო პროექტი იყო.
საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ-ის ექვსი თანამშრომელი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამასთან, იუბილეს აღნიშვნის პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა 40-მდე მრავალფეროვანი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, საჯარო ლექციები, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები, სტუდენტური ინიციატივები და სხვა ღონისძიებები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივი მემკვიდრეობა და მისი განსაკუთრებული როლი ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში.