თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი ესპანეთის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ესპანეთის საქმეთა რწმუნებული მარკოს გრანადოს გომესი და სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორი ფერნანდო ვარა დე რეი იყვნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სერვანტესის ინსტიტუტის მიერ საერთაშორისოდ ორგანიზებული დელეს გამოცდის ცენტრის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნის შესაძლებლობას. განხილული იყო სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტში დელეს ფილიალის შესაქმნელად.
სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ, აღინიშნა უნივერსიტეტში ესპანისტიკის მიმართულების ძლიერ მხარეები და ასევე ამ კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები. საუბარი იყო ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში და კერძოდ სერვანტესის ინსტიტუტი ამ თვალსაზრისით თსუ-ს ხელშესაწყობად.
ხაზი გაესვა იმ მიღწევებს რაც თსუ-ში ესპანეთის მთავრობასთან, ბასკური ენის ცენტრთან თანამშრომლობის კუთხით არსებობს და უნივერსიტეტში ესპანური და ბასკური ენების ლექტორების ყოფნითაც გამოიხატება.
შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ესპანური და ბასკური ენის ლექტორები, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდნენ.