“მათემატიკა არის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი ნაწილი“ - ამბობს ელიზბარ ნადარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი რომლის სამეცნიერო გზა უკვე ათწლეულებია მათემატიკისა და სტატისტიკის განვითარებას ემსახურება.
მისი გზა მეცნიერებაში დაიწყო სკოლის დამთავრებისთანავე, როცა მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ ეს დარგი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სწავლობდა გამოჩენილი მეცნიერების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ გვანჯი მანია, არჩილ ხარაძე, ვლადი ჭელიძე, ვიქტორ კუპრაძე, დავით კვესელავა და ა.შ.
ელიზბარ ნადარაიას კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური სტატისტიკის განვითარებაში. მისი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევა არის რეგრესიის ფუნქციის არაპარამეტრული გულოვანი შეფასება, რომელიც ცნობილია როგორც Nadaraya-Watson Estimator. ეს მეთოდი დღეს გამოიყენება მრავალ სფეროში - მედიცინაში, ფინანსებში, ხელოვნურ ინტელექტში, მუსიკაში, ასტრონომიაში, ბიოლოგიაში და სხვა.
ის არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მისი ნაშრომები შესულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სალექციო კურსებში, ხოლო მისი ციტირების ინდექსი 7650-ს აღწევს.
სტუდენტებს კი ის ურჩევს: „გიყვარდეთ თქვენი საქმე, იშრომეთ, ისწავლეთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.“