საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ADA-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ფაკულტეტების და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA University) დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე იმსჯელეს. ასევე, კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სასწავლო პროცესების ადმინისტრირების მიმართულებით. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი საზაფხულო და ზამთრის სკოლების, კონფერენციების, გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ასევე, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას (ADA University) შორის უკვე არსებობს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. „ჩვენი კოლეგების ვიზიტი პირველი არ არის ჩვენს უნივერსიტეტში,  ADA უნივერსიტეტის რექტორი მაისში იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასურველია, კიდევ დაიგეგმოს მსგავსი შეხვედრები და გაღრმავდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა. აზერბაიჯანი არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორია, ის ჩვენი მეგობარი ქვეყანაა“,- აღნიშნა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

ADA უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ვაფა კაზდალიმ ქართველ კოლეგებს გაუზიარა საკუთარი უნივერსიტეტის გამოცდილება, გააცნო დეტალური ინფორმაცია ADA University-ის კამპუსების, სასწავლო პროგრამების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობასთან  დაკავშირებით.

 

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA University) დელეგაციის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან, რომლებსაც გააცნეს  საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები.

თარიღი: 20/11/2023