საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტოლერანტობის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ გაიმართა, რომელიც USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

 

ღონისძიების ორგანიზატორები "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR), აზერბაიჯანული ახალგაზრდული ცენტრი „ალიანსი“ და ქართველ სომეხთა კავშირი იყვნენ, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსის აზერბაიჯანელებისა და სომხების კულტურისა და ტრადიციების ქართველი სტუდენტებისათვის გაცნობა და მათი წარმოდგენა ქართულ ეთნოპროგრამასთან ერთად, ასევე, საქართველოში თანაცხოვრებისას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთზეგავლენისა და შენარჩუნებული თვითმყოფადობის დანახვასა და გააზრებას.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელმძღვანელმა რუსუდან ჭანტურიამ, აზერბაიჯანული ახალგაზრდული ცენტრ „ალიანსი“-ს ხელმძღვანელმა რენა გუსეინოვამ, ქართველ სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა მარიამ არაქელოვამ მიმართეს და ღონისძიების მნიშვნელობასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს.

 

აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უმცირესობების კულტურისა და ტრადიციების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განსხვავებულის მიმართ პატივისცემისა და მიმღებლობის დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელჩების მრჩევლები, თსუ-ის ქართულენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები, საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, აზერბაიჯანული ახალგაზრდული ორგანიზაციის თანადამფუძნებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თარიღი: 28/11/2023