eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის №80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის №269/02-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 23 სექტემბრის №21037/26 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“; 
ბ) უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
გ) ფაკულტეტის დებულებას.


4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.

5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
ე) გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; 
თ) დასაბუთების უნარი.

6. სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად, მათ შორის:
ა) სტუდენტთა კორესპონდენციის მონიტორინგი და შესაბამისი პასუხების მომზადება/გაცემა;
ბ) აკადემიური რეგისტრაციის პროცესში დახმარება; გ) სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება;
დ) მობილობის პროცესში დოკუმენტაციის მომზადებასა და საბუთების მიღებაში დახმარება;
ე) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
ვ) სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
ზ) თსუ-ის საგამოცდო ცენტრიდან მოწოდებული საგამოცდო ნაშრომების დროულად დაბრუნების მონიტორინგი;
თ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის სხვადასხვა მიმდინარე დავალების შესრულება.
ი) ელექტრონული სწავლების პლატფორმა e-learning.tsu.ge -ზე სემესტრული საგნების დაგეგმვაში მონაწილეობა;
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).
8. სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო დრო განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 30 საათით, შაბათ-კვირის გარდა. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს. 
10. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
12. ინფორმაცია „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტს, შიდა აუდიტის სამსახურს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტსა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე