,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2026 წლის 14 სექტემბრის N 20092/10 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილებაში კანდიდატის შესარჩევად -1 საშტატო ერთეული.
2. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ხელფასი თვეში შეადგენს 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები განისაზღვრება-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი 3 თვიანი ვადით, კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.
4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ ფორმატში სწავლის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამებში (ტრენინგები, სემინარები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სხვ.) მონაწილეობის გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
დ) ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
ე) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages) შესაბამისად;
ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
ბ) თსუ-ის წესდება;
გ) თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა;
დ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება.
5. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:
ა) ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
ბ) ორგანიზებულობა და სწრაფად კოორდინირების უნარი;
გ) პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებებისა და სიახლეებისადმი სწრაფად ადაპტირების უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის უნარი;
ზ) დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
თ)ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და გულისხმიერება; კ) დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
6. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
2. დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობლივი დანიშნულების კორესპონდენციის მომზადება;
3. საერთაშორისო საპროექტო განაცხადების მომზადებაში მონაწილეობა;
4. დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითების შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება;
5. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის კონკურსების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა და კონკურსების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
6. საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის პროგრამების ფარგლებში სწავლების/კვლევითი და გამოცდილების გაზიარების მიზნებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საზღვარგარეთ მობილობის ადმინისტრირება;
7. უცხო ქვეყნის ვიზის მიღების საკითხებში თსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის კონსულტაციების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოებისათვის წარსადგენი შუამდგომლობის წერილების მომზადება;
8. საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის პროგრამებში მონაწილე თსუ-ს სტუდენტებისთვის უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირების ორგანიზება და უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის მომზადება;
9. თსუ-ს გაცვლითი სტუდენტებისთვის საორიენტაციო ღონისძიებებისა და კურსის „ინტერკულტურული კომპეტენციები“ ორგანიზება;
10. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება და თარგმნა;
11. დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად);
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ ფორმატში, არანაკლებ 1 აკადემიური წლის განმავლობაში სწავლის (ან/და სწავლების) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
ვ) მუშაობის გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამსახურიდან, რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან და სხვა),
ზ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 2 გვერდისა).
თ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში, აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
8. კონკურსში მონაწილე აპლიკანტთა შერჩევის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად, საკონკურსო კომისიის მიერ.
I ეტაპი – სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა
პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ განხორციელდება აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა. არასრულად წარმოდგენილი ან დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან შეუსაბამო დოკუმენტაციის შემთხვევაში, აპლიკანტის სააპლიკაციო პაკეტი არ განიხილება. სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, წერით ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან ის აპლიკანტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს. შერჩეულ აპლიკანტებს წერითი ეტაპის ჩატარების კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.
II ეტაპი – წერითი ეტაპი
პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები გაივლიან წერით ეტაპს. წერითი ეტაპის ჩატარების კონკრეტული თარიღი და დრო აპლიკანტებს წინასწარ ეცნობებათ. წერითი ეტაპის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ინდივიდუალურად.
III ეტაპი – ზეპირი გასაუბრება
წერითი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების ჩატარების კონკრეტული თარიღი და დრო აპლიკანტებს წინასწარ ეცნობებათ.
გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ინდივიდუალურად. კონკურსის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას აპლიკანტთა შერჩევის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია.
9. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
11. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
14. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე