„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და „ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნათია ხულუზაურის 2026 წლის 5 თებერვლის N2169/10 და 2026 წლის 12 აგვისტოს N18008/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის – „ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი)“საშტატო განრიგით განსაზღვრულ მკვლევრის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს
თვეში 2000 (ორიათასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) მაგისტრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება განათლების/მეცნიერების სექტორში;
გ)საერთაშორისო, მულტიდისციპლინური, რეგიონთაშორისი პროექტების მართვის გამოცდილება;
დ) გამოცდილება მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო დონეზე;
ე) სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა;
ვ) თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა;
ზ) გამართულად წერისა და თარგმნის (ქართული-ინგლისური-ქართული) უნარი.
4. აპლიკანტს უნდა ახასიათებდეს:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) კეთილსინდისიერება;
გ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დ) ოპერატიულობა;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
5. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის – „ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი)“საშტატო განრიგით განსაზღვრულ მკვლევრის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) ევროპის აკადემიის სათავო ოფისთან და სხვა წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა, ცენტრის დეტალური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებისა და შესაბამისი აქტივობების სამეცნიერო კომპონენტების შინაარსობრივი ნაწილის განხორციელების მიზნით;
ბ) სამეცნიერო კონკურსების მონიტორინგი და ცენტრისთვის საინტერესო/შესაძლო დაფინანსების წყაროების მოზიდვის ინიცირება, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონული პარტნიორობის ქსელის გაფართოების მიზნით;
გ) სამეცნიერო სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და სიახლეების მონიტორინგი, აკადემიურ და აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ცენტრისთვის საინტერესო სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვის მიზნით და მათში მონაწილეობა, მათ შორის, თემატური სამეცნიერო მოხსენებების მომზადების გზით;
დ) მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების რეიტინგების მონიტორინგი და პერიოდულად აკადემიურ და აღმასრულებელ დირექტორისათვის ინფორმაციის წარდგენა ცენტრისათვის საინტერესო ტანდემური სამეცნიერო ღონისძიებების მომზადების მიზნებისათვის;
ე) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ცენტრის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიშის პროექტის ქართული და ინგლისური ვერსიების სამეცნიერო კომპონენტების მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, ცენტრის დეტალური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებასა და შესაბამისი აქტივობების სამეცნიერო კომპონენტების შინაარსობრივი ნაწილის განხორციელებაში მონაწილეობა,;
ზ) ცენტრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ქართულიდან ინგლისურად ან პირიქით თარგმნა;
თ) სამუშაო შეხვედრების ოქმების მოთხოვნის შესაბამისად მომზადება;
ი) მონაწილეობა, აღმასრულებელ დირექტორთან კოორდინაციით, ცენტრის ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის მასალის მომზადების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურთან და ევროპის აკადემიის კომუნიკაციის სამსახურთან, ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ევროპის აკადემიისა და თბილისი რეგიონული ცენტრის კომუნიკაციის სტრატეგიის დაცვა.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას, ამასთან გასაუბრებაზე აპლიკანტს მოეთხოვება საკუთარი ხედვის წარმოდგენა როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ ენაზე (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის – „ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი)“ მკვლევრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1; დანართი
2);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 18 აგვისტოდან 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მკვლევარი“.
10. ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის – „ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი)“საშტატო განრიგით განსაზღვრულ მკვლევრის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 4 სექტემბრისა.
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი (ჰაბი)“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა