"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2024 წლის 13 ნოემბრის N30780/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 14 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 იანვრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი (ბ - კატეგორია)- ერთი საშტატო ერთეული
პედიატრიის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი (ბ - კატეგორია)- ერთი საშტატო ერთეული
სტომატოლოგიის დეპარტამენტი ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიის დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი (ბ - კატეგორია)- ერთი საშტატო ერთეული
კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა:
ასოცირებული პროფესორი (ბ - კატეგორია)- ერთი საშტატო ერთეული
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია